"ბოლო ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიას 11 მარტს ექიმის დახმარება დასჭირდა" - აფხაზეთში დაკავებული ქართველი ბიჭი გარდაცვლილი ნახეს - კვირის პალიტრა

"ბოლო ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიას 11 მარტს ექიმის დახმარება დასჭირდა" - აფხაზეთში დაკავებული ქართველი ბიჭი გარდაცვლილი ნახეს

29 წლის ირაკლი კვარაცხელიას, რომლის თვითმკვლელობაზე დღეს ინფორმაცია გავრცელდა, 11 მარტს ექიმის დახმარება დასჭირდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა რეზო ქობალიამ განუცხადა.

„ინფორმაციას ვაზუსტებ სხვადასხვა წყაროსთან. ბოლოს რა ინფორმაციაც მივიღე, იყო ის, რომ თაგილონიდან მიიყვანეს ექიმი ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე. როგორც ამბობენ, მდგომარეობა იყო მძიმე, სხვა დეტალებზე არ საუბრობენ“, - აღნიშნა მან.

მისი ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელია, სავარაუდოდ, ნაბაკევი-თაგილონის საზღვარზე დააკავეს. ქობალიას თქმით, გარდაცვლილთან დაკავშირებით ინფორმაციას ამ დრომდე აზუსტებენ. მისივე ინფორმაციით, მონაცემთა ბაზაში გარდაცვლილს 2010 წელს დაბადებული გოგო ჰყავს და სენაკშია მიწერილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.