"მანიაკია და ხალხის ნერვებზე თამაშობს" - რას ამბობს გორში მოკლული 9 წლის გოგონას დედა იაგო ნებიერიძეზე? - კვირის პალიტრა

"მანიაკია და ხალხის ნერვებზე თამაშობს" - რას ამბობს გორში მოკლული 9 წლის გოგონას დედა იაგო ნებიერიძეზე?

გორში მოკლული 9 წლის გოგონას ნანიკო ბერიაშვილის დედა ნათია ლალიაშვილი აცხადებს, რომ იმედი აქვს სასამართლო იაგო ნებიერიძეს სამუდამო პატიმრობას მიუსჯის.

„ვფიქრობ, ცრუობს, წინა პროცესზეც არ ყოფილა. სასამართლოში მოსვლის არ ეშინია, მანიაკია და უბრალოდ ხალხის ნერვებზე თამაშობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გორში მოკლული 9 წლის გოგონას, ნანიკო ბერიაშვილის დედამ სასამართლოში იაგო ნებიერიძის გამოუცხადებლობის შემდეგ განუცხადა.

"სასამართლო რომ უნდა დახურულიყო, ეს ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. ველოდები, რომ სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს, ან სიკვდილით დაისაჯოს, რაც ჩვენ არ გვაქვს", - განაცხადა ნათია ლალიაშვილმა.

ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძე დღეს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. აღნიშნულის მიზეზად, ნებიერიძემ მოსამართლისთვის გაგზავნილ განცხადებაში კვლავ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მიუთითა. თუმცა, მოსამართლემ ჩათვალა, რომ იაგო ნებიერიძე არასაპატიო მიზეზით აცხადებს პროცესში მონაწილეობაზე უარს და ის შეგნებულად არიდებს თავს სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, მოსამართლემ სხდომის იაგო ნებიერიძის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს. იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას. ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"