გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებული პოლიციელი ზუგდიდის სასამართლომ 45 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა - კვირის პალიტრა

გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებული პოლიციელი ზუგდიდის სასამართლომ 45 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებული პოლიციელი ჭაბუკა ლემონჯავა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დარბაზიდან 45 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ლემონჯავას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ძირითადი მოწმეების დაკითხვა დასრულებულია და სწორედ ამიტომ მიიღო მოსამართლემ ბრალდებულის დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება.

"ძირითადი მოწმეების დაკითხვა დასრულებულია და ის საფრთხე, რომ თითქოს ბრალდებული ზემოქმედებას მოახდენდა მოწმეებზე, არ არსებობდა. ამიტომაც დავაყენეთ შუამდგომლობა გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლების შესახებ", - განაცხადა ჯანაშიამ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ დღევანდელ პროცესზე მიიღო. საქმეზე ლემონჯავას თანამშრომლები, გამიმძიებლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და რამდენიმე მოქალაქე უკვე დაიკითხა.

23 ივლისს მამაკაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის დროს სამართალდამცავმა, სავარაუდოდ, წინააღმდეგობის გაწევისას ესროლა. მამაკაცს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. შედეგად, ის ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. პროკურატურამ გამოძიება ჯერ 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, შემდეგ კი 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეცვალა, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას