სუს-ი ახალ ზელანდიაში ტერაქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული ქართულ წარწერიანი იარაღის შესახებ განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

სუს-ი ახალ ზელანდიაში ტერაქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული ქართულ წარწერიანი იარაღის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობს, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები.

"მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო", - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთში მომხდარი სროლის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა. Daily Mail ახალ ზელანდიაში, მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღის ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც სხვადასხვა ადამიანთან ერთად, ქართულ ენაზე, დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელებიც აწერია. როგორც გამოცემა აღნიშნავს, იარაღზე დატანილია იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც წარსულში "მასობრივი მკვლელობები ჩაიდინეს".

იხილეთ ასევე: დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები ტერორისტების იარაღზე - რა ფოტოებს აქვეყნებს "დეილი მეილი"?

"ინტერპრესნიუსი"