"ნაწამებია ჩემი ძმა, ის თავს არ მოიკლავდა" - კვირის პალიტრა

"ნაწამებია ჩემი ძმა, ის თავს არ მოიკლავდა"

"ირაკლის წარბზე ნახეთქი ჭრილობა აქვს, თვალები და ყურის არე ჩალურჯებული, კუჭის თავი გაშავებულია, ეტყობა, დიდხანს ურტყეს, ღვიძლისა და საშარდე ბუშტის არეები - სულ დალურჯებული. ბეჭი დანით ჩაჭრილივით აქვს, კისერზე ჭრილობა, ხერხემლის არე, ფეხები დალილავებული"

28 წლის ირაკლი კვარაცხელია ოკუპანტების მორიგი მსხვერპლია. ის რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ნაბაკევი-თაგილონის მონაკვეთზე, მდინარე ენგურის ტერიტორიაზე დააკავეს და ნაბაკევის სამხედრო ბაზაში გადაიყვანეს, სადაც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. ამ ვერსიის არ სჯერათ მის ახლობლებს. არიან თვითმხილველებიც, რომლებიც ირაკლი კვარაცხელიას დაკავებას შეესწრნენ. "ვხედავდი, როგორ დაიჭირეს საწყალი ბიჭი. ცოტა ნასვამიც იყო და რუსებს შეეკამათა. ამის შემდეგ მანქანით წაიყვანეს. ნაბაკევის რუსულ ბაზაში გარდაიცვალა, რადგან საავადმყოფოდან პირველადი დახმარების გასაწევად ექთანები წაიყვანეს. იქ ხალხს ხშირად სცემენ. შემოაკვდათ და ახლა იგონებენ, რომ თავი ჩამოიხრჩო", - ამბობს თვითმხილველი. ერთ-ერთი ვერსიით, ის დაკითხვისას ელექტროშოკით აწამეს და ნაწამებს გული გაუსკდა. ცხედარს ექსპერტიზა სოხუმში ჩაუტარდა, ამის შემდეგ გადმოსცეს ის ქართულ მხარეს. ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გაგრძელდა.

საქმის გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით დაიწყო და გაირკვევა, ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის სიას მიემატება თუ არა ირაკლი კვარაცხელიას სახელი. გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია მოწმეების ჩვენებები, მაგრამ გალში უკვე დაიწყეს თვითმხილველების დაშინება. ამ ზეწოლის მაგალითია 14 მარტს გალის რაიონის სოფელ პირველ ოტობაიაში ძაძუების ოჯახში ნიღბიანი სპეცრაზმელების შეჭრა. მათ მამა-შვილ ძაძუებს სცემეს, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში შვილი, ლევან ძაძუა წაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, სოხუმში დიდხანს მიდიოდა მისი "დამუშავება". ეჭვობდნენ, რომ სწორედ ის იყო კვარაცხელიას დაკავების თვითმხილველი. მოგვიანებით ძაძუა გაათავისუფლეს, როგორც გაირკვა, ის სხვა პირში შეეშალათ. თუმცა ლევან ძაძუა მაინც მკაცრად გააფრთხილეს, თუ რამე იცი, იცოდე, ხმა არ დაძრა, თორემ გაგისწორდებითო.

მარიამ ჯიშკარიანი, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი: "ჩვენი ექსპერტი სამხარაულის ექსპერტებთან ერთად მონაწილეობდა ცხედრის შესწავლაში. ველოდებით დასკვნას, შემდგომ გამოვითხოვთ სოხუმის ექსპერტიზის დასკვნას და რუსეთის პროკურატურასაც მოვთხოვთ გამოძიების შედეგებს. ავიღებთ მასალებს სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურიდანაც და ჩატარდება კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა. მართალია, დაღუპულს კისრის არეში აქვს სტრანგულაციური ღარი (თავის ჩამოხჩობის მანიშნებელი კვალი), მაგრამ ამით ვერ დავასკვნით, თავი მოიკლა თუ არა. შეიძლება სიკვდილის შემდგომ ჩამოკიდეს. დაზიანებული აქვს როგორც ტანი, ასევე სახე. მის სიკვდილზე ბაზის ხელმძღვანელობაა პასუხისმგებელი. თუ დამნაშავეებს არ დასჯიან, ჩვენ სარჩელს შევიტანთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში".

ია კვარაცხელია, დაღუპულის ნათესავი: - დევნილები ვართ. 2 წლის იყო ირაკლი, ომის შემდეგ დედასთან ერთად აქეთ რომ გადმოვიდა. ირაკლი დედის გვარზეა, დაბადებულიც არ იყო, როცა მამამისი, თამაზ უზარაშვილი, ავარიაში დაიღუპა. მერე ერთ წელიწადში ირაკლის დედა ხელმეორედ გათხოვდა, მაგრამ ისეთ უმძიმეს პირობებში აღმოჩნდა, გათხოვებიდან 6 თვეში თავი ჩამოიხრჩო. მაშინ 4 წლის იყო ირაკლი. მას შემდეგ ბებია და ბიძა, ჩემი მეუღლე, ზრდიდნენ. შემდეგ ბებიასთან ერთად ცხოვრობდა სენაკში, ხალიჩების ფაბრიკის ტერიტორიაზე ერთი პატარა ოთახში. 19 წლისამ სენაკელი გოგო შეირთო ცოლად, მაგრამ მალე დაშორდნენ. გოგონა შეეძინა. ძალიან უჭირდა, სამსახურს ვერ შოულობდა, სმაც დაიწყო. ცდილობდა როგორმე თავი გაეტანა და აფხაზეთში მანდარინის სეზონზე მიდიოდა სამუშაოდ. დაახლოებით 10 დღით ადრე სენაკში ყოფილა. მეგობარი ამბობს, ჩვენთან იყო, ცოტა დალია, რადგან თბილისში მიდიოდა. უკან როდის მობრუნდა და როგორ აღმოჩნდა აფხაზეთში, არ ვიცით.

11 მარტს, ღამის 3 საათზე, მესიჯი მომწერა ირაკლის კლასელმა, მეკითხებოდა, ირაკლი დაღუპულა და მართალიაო.

- ცხედარს დაზიანებები ეტყობა? - სულ სისხლჩაქცევები და დაზიანებები ჰქონდა.

ჩვენ გავესაუბრეთ ირაკლის ნახევარძმას, პაატა უზარაშვილს: "ირაკლის წარბზე ნახეთქი ჭრილობა აქვს, თვალები და ყურის არე ჩალურჯებული, კუჭის თავი გაშავებულია, ეტყობა, დიდხანს ურტყეს, ღვიძლისა და საშარდე ბუშტის არეები - სულ დალურჯებული. ბეჭი დანით ჩაჭრილივით აქვს, კისერზე ჭრილობა, ხერხემლის არე, ფეხები დალილავებული... ნაწამებია ჩემი ძმა, ის თავს არ მოიკლავდა, პირიქით, სულ ამბობდა, ეს ხომ ღვთის უარყოფაა და ვლოცულობ, რომ დედაჩემი მიიღონ სასუფეველშიო.

2 წელია ძმებს ერთმანეთი არ გვინახავს, ნათესავებს გვემალებოდა. ბოლოს რომ ვნახე პურის ფული არა მაქვს და თუ გაქვს რამე ხურდა, მომეციო. რაც მქონდა და მივეცი. ძალიან წვალობდა, სამუშაოდ ხან აფხაზეთში გადადიოდა, ხან თურქეთში. სხვებს დაეხმარებოდა, თორემ სხვას არაფერს სთხოვდა.

ეტყობა, იმ დღესაც სამუშაოდ გადადიოდა და დაუკავებიათ. კონფლიქტი მოსვლია. როგორც მითხრეს, სილა გააწნა თურმე ჯარისკაცს. ჩანს, ეს არ აპატიეს და წამებით მოკლეს. "სასწრაფო" რომ მისულა ბაზაში, უკვე მკვდარი ყოფილა. თვითმხილველები არიან, მაგრამ ვინ ამოიღებს ხმას, ყველას აფრთხილებენ, ხმა არ ამოიღოთო.

ირაკლის 9 წლის გოგო დარჩა. ჩვენ, ყველანი, დევნილები ვართ, არავის არაფერი გაგვაჩნია. ამდენი წელია მდგმურად ვარ, სახელმწიფოსგან არაფერი მიმიღია. ვთხოვ სახელმწიფოს, ბავშვს მაინც მისცეს ჭერი".