ორ-ომ-ტრიალი ბაგრატოვანთა კარზე - კვირის პალიტრა

ორ-ომ-ტრიალი ბაგრატოვანთა კარზე

"პეტრე გრუზინსკი, ნუგზარის მამა, არ იყო მეფეთა შთამომავალი. ჩემს მხარეს ეს ადრე რომ სცოდნოდა, ეს ქორწინება არ შედგებოდა"

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სასამართლომ ბაგრატიონთა ერთი შტოს უპირატესობა უნდა გამოკვეთოს. ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელისთვის საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენების უფლების აკრძალვას ითხოვენ.

12 მარტს ხალხმრავლობა იყო საქალაქო სასამართლოში. პროცესს დიდგვაროვანთა შთამომავლები ესწრებოდნენ. ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა საზოგადოებას ისტორია დეტალურად გააცნო: "ნუგზარ ბაგრატიონი არის ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფეების - ერეკლე მეორისა და გიორგი XII-ის უშუალო შთამომავალი. რადგან საქართველოში ოფიციალურად მეფობა არ არის, ბაგრატიონთა სახლი დაარსდა ისტორიული მეხსიერებისთვის... როცა დგება საკითხი, მემკვიდრეობა ვისი შეიძლება იყოს და ვის ეკუთვნის ტახტი, თუმცა ტახტი სად გვაქვს, ამ სახლის კანონიერი მემკვიდრეები არიან ნუგზარ ბაგრატიონი და მისი ოჯახი. ისტორიულად სამეფო მსახურება მეფიდან უფროს შვილზე გადადიოდა. ასე იყო თავადებშიც - საუფროსო წილი მამიდან უფროს შვილს ერგებოდა. მომხრე ვარ, რომ ბაგრატიონთა სახლს მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი... რაც შეეხება მუხრანბატონებს, ისინი არიან ბაგრატიონთა გვერდითი შტოს წარმომადგენლები. მუხრანბატონებს თავიანთი დამსახურება აქვთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ისინი იყვნენ დიდებული თავადები. ასეთი იყო სულ ექვსი გვარი საქართველოში. როსტომ ხანს შვილი არ ჰყავდა, მან ბახუტა მუხრანბატონი იშვილა და თავის მემკვიდრედ აღიარა, მაგრამ ის არ არის პირდაპირი ხაზის წარმომადგენელი, ამიტომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ვერ იქნება პირდაპირი ხაზით მემკვიდრე".

მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ესპანეთში მცხოვრებმა გიორგი და ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელებმა ჩამოაყალიბეს სამეფო კარი და თქვეს, რომ ისინი იყვნენ მემკვიდრეები. ამას ნუგზარ ბაგრატიონი ეწინააღმდეგებოდა და ოჯახების დაპირისპირება იმ დროიდან მოდის. ბაგრატიონ-გრუზინსკების პროტესტის მიუხედავად, დავით მუხრანელსა და მის ოჯახს ამ ტიტულის გამოყენებაზე უარი არ უთქვამთ. ამ სახელით დღემდე სხვადასხვა ქვეყანაში სამეფო სახლის წარმომადგენლებს ხვდებიან.

"დავითი გამუდმებით ითხოვდა ანასგან, მის ოჯახს წერილობით ეღიარებინა დავით მუხრანელის სამეფო ღირსება, რასაც ანა არ თანხმდებოდა. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს დავითმა მას სცემა"

ლევან გორელაშვილი, ანა ბაგრატიონის ადვოკატი: "ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი არის ერეკლე მეორის პირდაპირი ხაზის შთამომავალი, ამ სტატუსს კი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი იყენებს, რაც არასწორია. 2017 წლის მარტში დავით მუხრანელი ბრიტანეთში იმყოფებოდა სამეფო კარზე და საქართველოს სამეფო სახლის სახელით დედოფალ ელიზაბეტ მეორეს ორდენი გადასცა. ბრიტანულ მედიაში დავითს სკანდალური სტატია მიუძღვნეს. "დეილი მეილის" ჟურნალისტი დავით ბაგრატიონ-მუხრანელს დაუკავშირდა, თავი ბიზნესმენად გააცნო და უთხრა, დედოფალს რომ გადაეცი, იმის მსგავსი ორდენი მეც მინდა მქონდესო. დავითმა 3000 გირვანქა სტერლინგი დაუფასა. ჟურნალისტს ეძვირა. მაშინ დავითმა უფრო იაფად სხვა ორდენი შესთავაზა. ამას მოჰყვა დიდი სტატია - საქართველოს სამეფო სახლის სახელით ორდენებს ასე ყიდიანო და დავითს "კლოუნი პრინციც" უწოდეს. ჩემი მხარის მოთხოვნაა, დავითს აეკრძალოს საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენება და ორდენების გაცემა. ის სახელს უტეხს საქართველოს სამეფო კარს და ცდილობს, მიითვისოს ისტორია, რომლითაც ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკია ცნობილი.

დავითი დაქორწინების დღიდან გამუდმებით ითხოვდა ანასგან, მის ოჯახს წერილობით ეღიარებინა დავით მუხრანელის სამეფო ღირსება, რასაც ანა არ თანხმდებოდა, როგორც წინაპრების, ისე თავისი შთამომავლების წინაშე ანა გრძნობს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას. 2014 წელს, ამ საკითხზე ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, როცა ანამ კატეგორიული უარი თქვა, დავითმა მას სცემა. არსებობს ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც ანამ ცემიდან სამი დღის შემდეგ ჩაიტარა, მაგრამ პოლიციაში არ განუცხადებია, რადგან ოჯახის რეპუტაციას გაუფრთხილდა. ამის შემდეგ ის მუხრანიდან, დავითის სახლიდან, თბილისში, მშობლებთან იმავე დღეს წამოიყვანა დავითის მძღოლმა და მას შემდეგ საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს".

გიორგი ბაგრატიონის ნათლობა

"საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნა, მაგრამ ვინ სცემა ანას, დასადგენია. ერთად არ იყვნენ და დავითი როგორ სცემდა?"

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ანას ცემას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ საქმეში სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დევს.

ლევან ჩხეიძე: "დავითს მეუღლისთვის არასოდეს უცემია! ისინი 2012 წლიდან ერთად აღარ არიან. საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნა, მაგრამ ვინ სცემა ანას, დასადგენია. ერთად არ იყვნენ და დავითი როგორ სცემდა? დავით ბაგრატიონს მოსთხოვეს, ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომლითაც ის უარს იტყოდა ყველა ტიტულზე და აღიარებდა მეუღლის მხარის უპირატესობას. დავითმა უარი განაცხადა. სწორედ ამ დავას შეეწირა მათი ოჯახი. დავით ბაგრატიონს გენეალოგიის დამადასტურებელი ყველა საბუთი აქვს. მისი ნათესაური კავშირი არ არის სადავო, ამ ხაზის მემკვიდრე ჩვენი მარწმუნებელია. ის რამდენიმე სამეფო ოჯახის ნათესავია, ამიტომაც იწვევენ სხვადასხვა ღონისძიებაზე და რაში სჭირდება გრუზინსკების აღიარება, როცა ისედაც აღიარებულია? დავითმა თავიდან არ იცოდა, ანას მხარეს გენეალოგიური პრობლემები რომ ჰქონდა. ეს რამდენიმე თვის წინ გავიგეთ, როცა ისტორიკოსმა მანანა ხომერიკმა ანა ბაგრატიონის გენეალოგია გამოიკვლია და დაასკვნა, რომ პეტრე გრუზინსკი, ნუგზარის მამა, არ იყო მეფეთა შთამომავალი. ჩემს მხარეს ეს ადრე რომ სცოდნოდა, ეს ქორწინება არ შედგებოდა."

ადვოკატის მტკიცებით, ნუგზარის წინაპარი პეტრე პეტრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი არ იყო დიდი პეტრეს შვილი და ალექსანდრე ბაგრატიონის შთამომავალი.

"პეტრე პეტრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკის დაბადების მოწმობა გაიცა 1922 წელს, არადა, დაიბადა 1920 წლის 28 მარტს. ის იყო პეტრე გრუზინსკის უკანონო შვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში მამა მას სიცოცხლეში აღიარებდა და მიანიჭებდა გვარს, მაგრამ დაბადების მოწმობა გაიცა 1922 წელს, როცა პეტრე ბაგრატიონი გარდაიცვალა და მამის გრაფაშიც ჩაიწერა პეტრე. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ნუგზარ ბაგრატიონი არ არის დიდი პეტრეს შთამომავალი. მაშინ ჩაიტაროს დნმ-ის კვლევა! მას დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდა საპატრიარქოში. დადგენილია, რომ ის არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე."

"ასეთი კვლევის ჩასატარებლად საჭიროა ცხედრების ექსჰუმაცია. სვეტიცხოველში დაკრძალული ცხედრების ამოთხრისთვის იუნესკოს ნებართვა გვჭირდება. მეორე მხარემ კარგად იცის, რომ ამას არავინ გააკეთებს"

ანას ადვოკატმა სასამართლოში იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტები წარმოადგინა და მისი ვაჟის, გიორგის დაბადების დაგვიანებით გაცემა საბუთების მოუწესრიგებლობით ახსნა და დასძინა, მაშინ კი არა, დღესაც არა აქვს ანას ვაჟს ქართული დაბადების მოწმობა, რადგან გიორგი ესპანეთში დაიბადა, ჩანაწერი იქაური კანონმდებლობით მხოლოდ საოჯახო ჟურნალში არსებობსო.

ლევან გორელაშვილი, ადვოკატი: "გიორგი ესპანეთში დაიბადა, იქვე გაკეთდა ჩანაწერი საოჯახო წიგნაკში, დაბადების მოწმობა კი არ არის გაცემული. საქართველოშიც ვერ მოხერხდა მისი დაბადების მოწმობის აღება, რადგან ასეთი ჩანაწერი იუსტიციის სამინისტროსთვის დაბადების მოწმობის გაცემის საფუძველი არ არის. ამ საკითხს მოვაგვარებთ, წარვადგენთ სხვა დოკუმენტებსაც და გაიცემა გიორგის დაბადების მოწმობა. ეს პროცესზე იმიტომ გავახმაურეთ, რომ ყურადღება მიაქციოთ - ახლაც, 21-ე საუკუნეშიც ხდება დოკუმენტების დაგვიანებით დარეგისტრირება და რა გასაკვირია, მაშინ დაგვიანებულიყო დოკუმენტის გაცემა.

ჩვენი მხარე მზად არის, ჩაიტაროს ექსპერტიზა, მაგრამ ეს რას მოგვცემს? ის მხარე სადავოდ მიიჩნევს, რომ პეტრე პეტრეს ძე გრუზინსკი არის ალექსანდრე ბაგრატიონის შთამომავალი. ჩვენ მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და ვკითხეთ, არის თუ არა შესაძლებელი, დადგინდეს ეს გენეტიკურად. განგვიმარტეს, რომ ასეთი კვლევის ჩასატარებლად საჭიროა პეტრე ბაგრატიონისა და ალექსანდრე ბაგრატიონის ცხედრების ექსჰუმაცია. ისინი დაკრძალული არიან სვეტიცხოველში და ცხედრების ამოთხრისთვის იუნესკოს ნებართვა გვჭირდება. მეორე მხარემ კარგად იცის, რომ ამას არავინ გააკეთებს. ადვოკატმა პროცესის წინ მიზანმიმართულად გაავრცელა ხმა, თითქოს ნუგზარ ბაგრატიონი სიხარულიძეა, პროცესის დასრულების შემდეგ კი ჩვენ გვიწევდა ამ უაზრობაზე პასუხის გაცემა. სულ რომ ვერ დადგინდეს უმცროსი პეტრეს კავშირი უფროსთან, სამეფო სახლის კარზე მუხრანელების ლეგიტიმაცია მაინც არ დადასტურდება".

P.S. საპატრიარქოსთან არსებული ეთნოგენეტიკის კვლევის ცენტრის"ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე ადასტურებს, რომ ნუგზარ ბაგრატიონს დნმ-კვლევა ჩატარებული აქვს და დასკვნა მათთან ინახება. მისი თქმით, თითოეულ გვარს ერთი გენი აქვს. გვარის გენეტიკის დადგენა შესაძლებელია 100%-იანი სიზუსტით. ამისთვის გვარის რამდენიმე წარმომადგენელმა უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა. ანდრიაძის განცხადებით, ეთნოგენეტიკური კვლევის ფარგლებში გამოკვლევა ჩაუტარდა ბაგრატიონთა რამდენიმე წარმომადგენელს... "ეთნოგენეტიკის კვლევის ცენტრში" ნუგზარ ბაგრატიონი არ მოსულა, მისმა წარმომადგენელმა წაიღო სინჯარა და იმ სინჯარით მოგვიტანა ნიმუში... 11 აპრილს მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება. ვნახოთ, რომელ შტოს მიენიჭება სამეფო კარის უფროსის საოცნებო ტიტული.

2009 წლის 8 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში ანამ და დავითმა ჯვარი დაიწერეს. მაშინ საპატრიარქოში ამბობდნენ, რომ პატრიარქის ინიციატივით გაერთიანდა ბაგრატიონთა ორი შტო. არც იმას მალავდნენ, რომ ეკლესია საქართველოში მონარქიული წყობილების შემოღების მომხრე იყო და ამის აღდგენა მემკვიდრის დაბადებით შეიძლებოდა. მალევე ითქვა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ეს ფაქტი მაშინ შორენა ბეგაშვილს დაუკავშირეს, რადგან მან საჯაროდ ილაპარაკა დავითთან თავის სასიყვარულო ურთიერთობაზე...

2011 წლის 27 სექტემბერს მადრიდში გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი დაიბადა. ოჯახი ესპანეთიდან საქართველოში დაბრუნდა. 2013 წლის 3 ნოემბერს 2 წლის გიორგი ილია მეორემ მონათლა და იგი ბაგრატიონთა დინასტიის მემკვიდრედ გამოცხადდა. 2014 წელს წყვილი გაიყარა, ოფიციალურად კი 2016 წელს განქორწინდნენ, როგორც ადვოკატი ამბობს, ჯვარიც აიყარეს...