"იმ ავადმყოფს კითხვა არ ჰქონია, კითხვები მე დავუსვი, მკვლელობის ჩადენის მიზეზი მაინტერესებდა" - რას ამბობს გორში მოკლული გოგონას დედა? - კვირის პალიტრა

"იმ ავადმყოფს კითხვა არ ჰქონია, კითხვები მე დავუსვი, მკვლელობის ჩადენის მიზეზი მაინტერესებდა" - რას ამბობს გორში მოკლული გოგონას დედა?

იაგო ნებიერიძეს კითხვები მე დავუსვი. მკვლელობის ჩადენის მიზეზი მაინტერესებდა. ბუნებრივია, პასუხი ვერ გამცა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის დედამ, ნათია ლალიაშვილმა განუცხადა.

ის დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა. პროცესს თავად ბრალდებული იაგო ნებიერიძეც ესწრებოდა. თუმცა, როგორც ლალიაშვილი განმარტავს, ნებიერიძეს კუჭის ტკივილის მიზეზით პროცესის გადადება სურდა.

"ბრალდებულს არანაირი კითხვა არ ჰქონია, რაც შეეხება ჩემს ჩვენებას, ბავშვის შესახებ ვისაუბრე, როგორ, რა გზით დადიოდა სკოლაში, იმ დღეს რა ეცვა და ა.შ. და ვიცნობდი თუ არა, იმ ავადმყოფს. მას კითხვები მე დავუსვი, მაგრამ სამწუხაროდ, პასუხი ვერ გამცა. ბუნებრივია, ვერც მიპასუხებდა. ამ ყველაფრის, მკვლელობის ჩადენის მიზეზი მაინტერესებდა, მაგრამ "კუჭი ტკივა" და ვერ ლაპარაკობს, ენა გადაეყლაპა. პირადად ჩემთვის ეს არ უთქვამს, მაგრამ სასამართლოში გამოაცხადა, კუჭი მტკივაო და პროცესის ჩაშლას ითხოვდა. რა თქმა უნდა, მოსამართლემ არ გადადო, რადგან ექიმის მიერ არის შემოწმებული და იციან, რომ არაფერი აწუხებს. ახლაც შეამოწმეს და არანაირი კუჭი არ აწუხებს", - განაცხადა ლალიაშვილმა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 25 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"