"მდგომარეობა მძიმეა, 3 დღის განმავლობაში არც უძინია და არც საჭმელი მიუღია" - რას ამბობს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა? - კვირის პალიტრა

"მდგომარეობა მძიმეა, 3 დღის განმავლობაში არც უძინია და არც საჭმელი მიუღია" - რას ამბობს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა?

დეკანოზს 3 დღის განმავლობაში არ უძინია და 3 დღის განმავლობაში საჭმელი არ მიუღია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, დღეს დილით, პენიტენციური დაწესებულებიდან დეკანოზმა დაურეკა და შეატყობინა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და სთხოვა, მასთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი შესულიყო.

თორნიკე მამალაძეს უჭირს თქვას, ჯანმრთელობის რა პრობლემა აქვს მის ძმას, რადგან დეკანოზთან ექიმი ამ დრომდე არ შესულა და ის წამლებს დამოუკიდებლად ყიდულობს.

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. დღეს დამირეკა, მთხოვა, იქნებ მასთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი შესულიყო, რათა დახმარება გაეწია. ადგილზე ექიმები არ იმყოფებიან, მედიკამენტები არ ეძლევა, წამლები თვითონ იყიდა. მას ტემპერატურა ხან 38 გრადუსზე ასდის, ხან 35-ზე უვარდება. ვკითხე, რა გჭირს-მეთქი, მაგრამ არ იცოდა, რადგან ექიმს გასინჯულიც არ ჰყავს. რაც ახსოვდა, რომ ვირუსს შველის, ის წამლები თავისი სახსრებით იყიდა, დღესაც მთხოვა თანხის ჩარიცხვა, რომ წამლები კიდევ შეეძინა. ჩემ ძმას ელემენტარული ყურადღებაც არ ექცევა. ვერ გეტყვით ვირუსი აქვს, თუ რა ჭირს, მაგრამ ფაქტია, ორგანიზმი შინაგანად რაღაცას ებრძვის, რადგან ხან მაღალი ტემპერატურა აქვს, ხან - დაბალი, ღამე არ სძინავს, კანკალებს", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ის დეკანოზის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება.

"ამ ადამიანის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას ვითხოვთ, რადგან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელემენტარულ ყურადღებას არ აქცევენ და ამ მძიმე დიაგნოზის მკურნალობა ვერ მოხერხდება. იმედია, გაითვალისწინებენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და ჩემი ძმის იმ დაეწესებულებაში გადაყვანა მოხერხდება, სადაც მას სიცოცხლე შეუნარჩუნდება.

საკითხი უკვე ასეა, რომ ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ვიბრძვით", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"