"მელანო ექიმებმა მოგვიკლეს..." - კვირის პალიტრა

"მელანო ექიმებმა მოგვიკლეს..."

21 მარტს, ღამით ბათუმში ჰოსპიტალ "მედცენტრში" 28 წლის მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალის ახლობლების თქმით, ის თავადაპირველად სამკურნალოდ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მივიდა, სადაც, დიაგნოზი ვერ დაუსვეს და სახლში გაუშვეს. ისინი მომხდარში სწორედ რეფერალური საავადამყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ. "მელანო ექიმებმა მოგვიკლეს. მათ ლიცენზია დაუყოვნებლივ უნდა შეუჩერდეთ, გვინდა, რომ ჩვენი ტრაგედია უკანასკნელი იყოს", - განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ ზაურ დარჩიძემ რეფერალურ სავადამყოფოსთან გამართულ მდუმარე აქციაზე, რის შემდეგაც გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წვერებს და ახლობლებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე შეხვდა.

აქციის მონაწილეებმა მას გამოძიების დასრულებამდე გარდაცვლილი გოგონას მკურნალი ექიმის სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვეს.

"ექსპერტიზის დასკვნამდე მკურნალმა ექიმმა ეკა ფუტკარაძემ დაწეროს განცხადება და გადადგეს. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ თუ ის დამნაშავე არ აღმოჩნდება, ჩვენ ბოდიშს მოვუხდით", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მოგვინებით ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა გოგონას მკურნალი ექიმის და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის აქციაზე მისვლა მოითხოვეს. მათ ბათუმის ცენტრალური ქუჩის გადაკეტვაც სცადეს.

"მიცვალებული მივატოვეთ და ამ წვიმაში ვდგავართ იმისათვის, რომ სამართალს მივაღწიოთ. არ დავიშლებით, თუ მკურნალი ექიმი აქ არ მოვა! თუ მართალია, რატომ იმალება? გაუუქმეთ ექიმს ლიცენზია! რატომ არავის ესმის საზოგადოების აზრი და გულისტკივილი?" - ასე მიმართეს აქციის მონაწილეებმა მათთან მისულ აჭარის პოლიციის თანამშრომლებს.

ძალოვანი უწყების წარმომადგენელი აქციის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ გამოძიების ფარგლებში ყველაფერს გაკეთებენ იმისთვის, რომ მომხდარის მიზეზები დადგინდეს.

"ბრმა ნაწლავით დღეს ადამიანები არსად იღუპებიან, არ იღუპებიან ნორმალურ ქვეყნებში. ივნისში ქორწილი ჰქონდა ამ წყვილს დაგეგმილი" - დაწერა "ფეისბუკის" პირად გვერდზე გარდაცვლილის მეგობარმა ზურა ბაუჟაძემ.

გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო