"რატომ ვერ გადის პოლიცია ბობოლებზე?!" - კვირის პალიტრა

"რატომ ვერ გადის პოლიცია ბობოლებზე?!"

"ბევრ ნარკორეალიზატორს აკავებენ, მაგრამ ისევ ჩნდებიან ახალი ბარიგები. ალბათ, იმიტომ, რომ გამსაღებლებს აკავებენ და არა ნარკობარონებს"

საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი ყოველდღე რომ იზრდება, ამაზე ბევრი დაწერილა და თქმულა. 2019 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 11 კილოგრამამდე ჰეროინი, 1 კილოგრამი და 300 გრამი კოკაინი, 800 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 1300 აბზე მეტი "ექსტაზი", 4 კილოგრამი და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 150 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

მართალია, დღე არ გავა, ნარკორეალიზატორები არ დააკავონ, მაგრამ პრობლემა მაინც პრობლემად რჩება. წამალი ისევ თავისუფლად იყიდება. ისევ აუღებელი ციხესიმაგრეა ფონიჭალა, ამას იქაური მოსახლეობაც ამბობს და ქვემო ფონიჭალას პატარა კოლუმბიას უწოდებს. ამ დასახლებაში 6000-ზე მეტი აზერბაიჯანული ოჯახი ცხოვრობს. უბანში შესვლისთანავე თვალში საცემია მათი გალავანშემოვლებული ფეშენებელური სახლები. აქაურებმა კარგად იციან, ვინ ყიდის წამალს.

"აქ ჰეროინის შოვნაც ადვილია, ამბობენ, რომ აზერბაიჯანიდან შემოაქვთ"

ფონიჭალის მცხოვრები: - მწვანილის გაყიდვით ამდენ ფულს რომ ვერ იშოვი, ყველამ იცის. ეს აზერბაიჯანელებით დასახლებული უბანია. ხომ ხედავთ, მარმარილოთი მოპირკეთებულ ამ უზარმაზარ სახლებს. ხელისუფლებამ კარგად იცის, ვინ ყიდის აქ წამალს, ნარკოტიკი ყველგან იშოვება. მარიხუანას ქუჩაში ეწევიან, აქ ჰეროინის შოვნაც ადვილია, როგორც ამბობენ, აზერბაიჯანიდან შემოაქვთ. ბევრ ნარკორეალიზატორს აკავებენ, თანაც ოჯახის რამდენიმე წევრს ერთად, მაგრამ ისევ ჩნდებიან ახალი ბარიგები. ალბათ, იმიტომ, რომ გამსაღებლებს აკავებენ და არა ნარკობარონებს. ვერ გამიგია, რატომ ვერ გადის პოლიცია ბობოლებზე? ადრე შეიარაღებულ ახალგაზრდებსაც ხშირად ვხედავდი ქუჩაში, სპეცოპერაციების შემდეგ კი ვეღარ დადიან თავისუფლად. უნდა ნახოთ, როგორ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციას, არის ქალების წივილ-კივილი, გზის გადაკეტვა, პოლიციის მანქანებს არ უშვებენ...

მარნეულისკენ რომ მიდიხართ, იმ გზაზე უნდა ნახოთ, ღამით რა ხდება. კუმისის, თელეთის მიმდებარედ ფიჭვნარია. ღამით ნარკომანები ფარნებით დარბიან და ხის ძირებში ეძებენ დატოვებულ ნარკოტიკებს. ეს პოლიციამ არ იცის?! ნარკომანს დაიჭერენ, ჯარიმას გადაახდევინებენ და გამოუშვებენ, მაგრამ წამალს ვინც დებს, იმას რატომ ვერ აგნებენ? ფონიჭალაში ვინც ყიდის წამალს, ყველა ნარკომანმა იცის. აქ ბევრს შვილი გაუნარკომანდა. დაკავებისას რომ ყვირიან, წამალი ჩამიდესო, ესეც ტყუილია, სხვას რატომ არ უდებენ? დააკავებენ, მაგრამ რამდენიმე წელში გარეთ გამოდის. მკაცრად უნდა დასაჯო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე".

"ამ პრობლემას მხოლოდ კანონის გამკაცრებით უნდა ებრძოლო"

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, დეპუტატ კობა ნარჩემაშვილის აზრით, ნარკოდანაშაულთან ბრძოლა უნდა გამკაცრდეს:

- ნარკორეალიზაციის პრობლემა ძალზე მწვავეა. როგორც ჩანს, კანონმდებლობის უფრო გამკაცრება მოგვიწევს.

სასჯელი რეალიზაციისთვის იმდენად მკაცრი უნდა იყოს, რომ არავის გაუჩნდეს გაყიდვის სურვილი, რეციდივის შემთხვევაში კი სამუდამო პატიმრობას უნდა უსჯიდნენ.

ამ პრობლემას მხოლოდ კანონის გამკაცრებით უნდა ებრძოლო. ასეთი დამნაშავეები ციხეშიც უმკაცრეს რეჟიმში უნდა იყვნენ. ნარკორეალიზატორს არ უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ შეღავათი შეეხება, სასჯელი გაუნახევრდება, ვადამდე პირობით გათავისუფლდება. თუ მას ეს განცდა ექნება, ისევ ჩაიდენს დანაშაულს. ასეთ პირთა შეწყალების პოლიტიკა შეიცვლება და ჩემი აზრით, ეს გამართლებულია.

- როგორ ფიქრობთ, ისევ წითელი ხიდიდან შემოედინება ნარკოტიკი? - არა მარტო წითელი ხიდიდან, ბევრი სხვა ადგილიდანაც შემოდის. ვფიქრობ, უფრო მიზანშეწონილი იქნება, ნარკომანიასა და ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის სამსახური ცალკე უწყება იყოს, რადგან ამ საქმეს მეტი ყურადღება სჭირდება. ამ დანაშაულთან ბრძოლის მეთოდიკა როგორც გამოძიების, ასევე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების სტადიაზე დასახვეწია. რაც შეიძლება მეტი ოპერმუშაკი უნდა იყოს ჩანერგილი ასეთ ჯგუფებში.

- წითელი ხიდი დღეს რამდენად კონტროლდება? როგორც ამბობენ, საზღვრის გამშვები პუნქტი სათანადოდ არ არის აღჭურვილი. - საქართველოს დემარკირებული საზღვარი, =მავთულხლართით ან სხვაგვარად დაცული, არც აზერბაიჯანთან აქვს და არც სომხეთთან, თანაც წამლის შემოტანა ძალიან კარგად ინიღბება. იმდენი ხერხი აქვთ დამუშავებული, რომ ადვილი არ არის გამოჭერა. ნარკოტიკების შემომტანთა გამოსავლენად რაც შეიძლება მეტი გაწვრთნილი ძაღლი, კვალიფიციური მესაზღვრე და პოლიციელი გვჭირდება. არა მარტო საქართველოს, ყველა ქვეყანას აქვს ეს პრობლემა.