"იცოდა, რომ წააგებდა, ამიტომაც ყველაფერი გადაწვა" - კვირის პალიტრა

"იცოდა, რომ წააგებდა, ამიტომაც ყველაფერი გადაწვა"

"ამ ბიჭმა თავდაპირველად ტყუილი თქვა, თითქოს აღსრულების თანამშრომელი იყო და სახელიც დამალა. თქვა, რომ დავითი ერქვა, სინამდვილეში ზურა ჰქვია"

17 მარტს დიდ დიღომში, "ტექნოლუქსის" საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1800 კვადრატული მეტრი დაიწვა და რამდენიმე კომპანიას ("ვიტაკ ჯორჯია", "აკვა პლუსი", "მაგი" და NM Groupპ-ი) ასიათასობით ლარის ზარალი მიადგა. ხანძრის მიზეზად არაერთი ვერსია დასახელდა, მაგრამ გამოძიებას ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არა აქვს. ხანძრის დროს მეხანძრე-მაშველებმა გადაარჩინეს მოქალაქე, რომელიც იმ ტერიტორიაზე ფეხმოტეხილი იპოვეს... "კვირის პალიტრასთან" საუბრისას აღნიშნული ტერიტორიის ერთ-ერთი მეპატრონე, პაატა ნოზაძე თავის ბიზნესპარტნიორს, თენგიზ ჭანტურიას ხანძრის განზრახ გაჩენაში ადანაშაულებს და სკანდალურ ვერსიას გვთავაზობს: "99%-ით დარწმუნებული ვარ, ხანძარი ჭანტურიამ გააჩინა და ამისთვის ბიჭი დაიქირავა, იმ 1%-ს ვუტოვებ საგამოძიებო უწყებას და ვაძლევ შანსს, გამოავლინოს დამნაშავე".

როგორც ირკვევა, ბიზნესმეწილეებს 5-წლიანი დავა აქვთ და პაატა ნოზაძემ ამ ხნის განმავლობაში თენგიზ ჭანტურიას წინააღმდეგ სასამართლოში 23 საჩივარი შეიტანა. ნოზაძე სწორედ ამ დავას უკავშირებს ცეცხლის გაჩენას და დასძენს, რომ მის ოპონენტს მფარველი ჰყავს, რომლის ვინაობასაც ამ ეტაპზე არ ასახელებს, თუმცა, გვპირდება, თუკი საგამოძიებო უწყებებმა ამჯერადაც ჭანტურიას დანაშაული "ვერ დაინახეს", ყველაფერს ხმამაღლა იტყვის, მათ შორის, გაამჟღავნებს მფარველთა გვარ-სახელებსაც.

პაატა ნოზაძე: - 2006 წელს მე და თენგიზ ჭანტურიამ შევქმენით კომპანია, სადაც 50-50%-იან წილებს ვფლობდით. 2014 წლიდან ჩვენ შორის ურთიერთობა დაიძაბა და 5 წლის განმავლობაში სასამართლოში დავა გვაქვს, ბოლოს იქამდე მივედით, რომ ტერიტორია, სადაც ხანძარი გაჩნდა, 4-მეტრიანი რკინის ღობით გავმიჯნეთ... ჭანტურიას მხარეს, ღობესთან დალაგებული იყო თაროები, რომლებიც მე აუქციონზე ხანძრამდე ვიყიდე, მაგრამ ვერ გამომქონდა და შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გავიტანე. ის სწორედ გამყოფ ღობესთან იყო დალაგებული.

ჩემს ვერსიაში, რომ ხანძარი ჭანტურიამ გააჩინა, ეჭვი არ მეპარება და ამ დასკვნამდე ფაქტებით მივედი... ბიჭმა, რომელიც ხანძრის დროს ტერიტორიაზე ფეხმოტეხილი იპოვეს, ვფიქრობ, წინასწარ იცოდა, რომ იქ თაროები დახვდებოდა და ჩვენს მხარეს მისი მეშვეობით გადმოვიდოდა, მაგრამ რომ აღარ დახვდა, იქვე კიბე იპოვა და 4-მეტრიან ღობეს მიადგა. თუმცა ის არ იცოდა, რომ კიბეს ერთი ფეხი მორყეული ჰქონდა და ჩამოვარდა...

- მაშველებმა ის თქვენს მხარეს იპოვეს? - არა, ის თენგიზ ჭანტურიას მხარეს კართან ფეხმოტეხილი ეგდო. მტკივან ფეხზე ქამარი ჰქონდა შემოჭერილი და ტერიტორიიდან გაღწევას ცდილობდა.

ჩემი ვერსიით, ეს ბიჭი შემოვიდა ჭანტურიას მხრიდან, კარი გასაღებით გააღო და 4-მეტრიანი რკინის ღობიდან ჩვენს მხარეს, სავარაუდოდ, "მოლოტოვის კოქტეილის" მსგავსი ასაფეთქებელი გადმოაგდო. კიბეზე ასვლა კი იმისთვის დასჭირდა, რომ დამიზნებით ესროლა საწყობისთვის, რათა ცეცხლი სწრაფად გავრცელებულიყო და იქაურობა გადაეწვა...

კარი ჩვენს მხარესაც არის, მაგრამ ბიჭი იქიდან არ შემოსულა, რადგან სიგნალიზაცია გვქონდა და კარი რომ გაეტეხა, მაშინვე ჩაირთვებოდა. თუმცა, როგორც კი ხანძარი გაჩნდა, კვამლის დეტექტორი ჩაირთო...

- რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს, ხომ შეიძლებოდა სადენებს გასჩენოდა? - ამ ვერსიას გამოვრიცხავ, რადგან ამ ტერიტორიაზე ყველა ელექტროსადენი ცოტა ხნის წინ გამოვცვალე და საგანგებოდ შევამოწმე. თავად მაქვს ელექტრომასალებისა და სადენების მაღაზიები და ამას არ დავუშვებდი.

- ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები არ გქონდათ? - დაძველდა და გავაუქმე. დაცვა კი მყავდა, მაგრამ იმ ღამეს ძლიერი ქარის გამო ოთახში იყო... ხანძრის გაჩენის შესახებ გვერდით მდებარე მშენებარე ობიექტის დარაჯისგან გაიგო. ტერიტორიაზე იყვნენ ჩემი მონადირე ძაღლებიც, საბედნიეროდ, ისინი მაშველებმა გადამირჩინეს...

ტელევიზიით ვნახე ფეხმოტეხილი ზურა მჭედლიძის ვიდეოფირი, სადაც დედამისს გულშემატკივრობდა კაცი, რომელიც თენგიზ ჭანტურიას მეგობარია. მან თავდაპირველად ტყუილი თქვა, თითქოს აღსრულების თანამშრომელი იყო და სახელიც დამალა. თქვა, რომ დავითი ერქვა...

- ამბობთ, რომ ხანძარი ჭანტურიამ მოაწყო, რატომ გააკეთა ეს, შედეგად ხომ ორივე მხარე დაზარალდით?

- ზარალის შედარებაც არ შეიძლება, მას მხოლოდ თუნუქი დაეწვა - მის ნაწილში იყო სამშენებლო იარაღები და წუნდებული ტექნიკა. ეს ფაქტიც იმაზე მიუთითებს, რომ მას თავის მხარეს დასაკარგი არაფერი ჰქონდა, ტექნიკა თუ ყველა ძვირად ღირებული ნივთი რამდენიმე დღით ადრე აღსრულების სამსახურმა გაიტანა - ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მას სასამართლოში მოგების შანსი აღარ ჰქონდა და კუთხეში იყო მიმწყვდეული. საფრთხე იგრძნო, იცოდა, რომ პროცესს აუცილებლად წააგებდა, ამიტომაც გააჩინა ხანძარი და ყველაფერი გადაწვა... ეს იყო ერთგვარი შურისძიება, რითაც ძალიან დავზარალდი.

- რა თანხით იზარალეთ? - "ვიტაკ ჯორჯიას", რომლის დირექტორიც მე ვარ, დაეწვა 580.000 ლარის პროდუქცია, "აკვა პლუსს" - 500.000 ლარის, "მაგის" კი 80.000-ის.

ჩვენ თენგიზ ჭანტურიას ადვოკატს, უჩა ქირიასაც დავუკავშირდით, თუმცა ჩვენს კითხვებს არ უპასუხა. - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ მიაჩნია საჭიროდ და ეთიკურად ურთიერთბრალდებებზე ხმამაღლა და მედიაში საუბარი. არსებობს სასამართლო, სადაც საქმის განხილვა მიმდინარეობს. რაც შეეხება ხანძარს, თენგიზ ჭანტურია მის გაჩენასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს...

რა დავა აქვთ ბიზნესპარტნიორებს

პაატა ნოზაძე: - ამ ფართობზე საწყობი 2006 წელს აშენდა და იმ დღიდან მე და თენგიზ ჭანტურიას 50-50%-იანი წილი გვქონდა. შევქმენით კომპანია "ინტერტექნიკსი". როცა ურთიერთობა დაგვეძაბა, ჭანტურიამ შემოიყვანა კიდევ ერთი მეწილე, ილია ორჯონიკიძე. ჩვენ მას წილებიდან თითო-თითო პროცენტი მივეცით.

მაშინ ორი ბიზნესმიმართულება გვქონდა: ერთი იყო "ინტერტექნიკსი", რომელიც მოიცავდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის, მეორე კი სამშენებლო იარაღის შემოტანა-რეალიზაციას. ტექნიკის ბიზნესი ჭანტურიას უნდა დარჩენოდა, სამშენებლო - მე. შესაბამისად, დაახლოებით 1680 კვმ ფართობი შუაზე გაიყოფოდა. ამას ემატება 400 კვმ საოფისე ფართობიც. ამ პერიოდში კომპანიის დირექტორი თენგიზ ჭანტურია იყო. გამიჯვნის იურიდიულად გაფორმება და რეორგანიზაცია მაქსიმუმ თვე-ნახევარში უნდა მომხდარიყო, ჭანტურია კი აჭიანურებდა. ეს არაერთხელ შევახსენე, მაგრამ... მოგვიანებით გავარკვიე, რომ ჭანტურია მისულა 2@%-ის მფლობელ ილია ორჯონიკიძესთან და წილის მართვის მინდობილობა გამოურთმევია, რათა მართვის პაკეტი მას ჰქონოდა 51%-იანი უპირატესობით. მოკლედ, ეს კაცი მან იმისთვის შემოიყვანა, რომ როცა დასჭირდებოდა, ამ 2%-იანი წილით ჩემთან ევაჭრა... გარდა ამისა, ჭანტურიას ჩემგან ფარულად დაუფუძნებია კიდევ ერთი კომპანია "თდ ტრეიდი" და ამ კომპანიის მეშვეობით დიდი რაოდენობით საქონელი შემოჰქონდა...

საქმე ის არის, რომ ეს ტერიტორია 2013 წლის მაისში იპოთეკით დავტვირთეთ "თიბისი ბანკში" და სესხად 600.000 დოლარის აღება შეგვეძლო, თუმცა ამდენი არ დაგვჭირდა და 300.000 გამოვიტანეთ. 2014 წლის ივნისში გავიგე, რომ ჭანტურიას "თიბისი ბანკისთვის" მიუმართავს და ჩვენს ანგარიშზე დარიცხული 300.000 დოლარიდან თავისი კომპანია "თდ ტრეიდისთვის" 200.000 დოლარი გამოუტანია... ჩვენი პარტნიორი იყო კორეული კომპანია "დეუ" და მას საქართველოში სარეცხი მანქანები შემოჰქონდა. ჭანტურიამ მას 200.000 დოლარის საბანკო გარანტია წარუდგინა და ამ ღირებულების საქონელი შემოატანინა, თუმცა, საბოლოოდ, კორეული კომპანია "გადააგდო" და 140.000 დოლარი "დააწერა". თუ ბანკთანაც ამ თანხას - 200.000 დოლარს ვერ დაფარავდა, ფულის გადახდა მე მომიწევდა. რაღაც პერიოდი არ იხდიდა სესხს და კომპანიას მოუწია სოლიდური თანხის გადახდამ...

2014 წლიდან 23 საქმეა მის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულად ცნეს, მაგრამ პროკურატურამ სასამართლოს "ვერ დაუმტკიცა", რომ ის დამნაშავე იყო...

2015 წლის 11 მარტს კომპანიაში ჭანტურიამ და ორჯონიკიძემ ჩაატარეს კრება, სადაც ჩემ გარეშე გადაწყვიტეს, რომ ჩვენი კომპანიისთვის გადასახდელი თანხები "თდ ტრეიდისთვის" ჩამოეწერათ... დოკუმენტებით ვამტკიცებ, რომ მან მიითვისა კომპანიის ფული!

სასამართლოს გადაწყვეტილება 2 აპრილს იქნება. არაფერს ვამბობ, რომ კომპანიიდან გამქრალია 100.000 ლარი და დღემდე ჭანტურიას მითვისებული თანხების გამო "თიბისი ბანკის" ვალი გვაქვს, 350.000 დოლარამდე.

სასამართლოში ჩემი დავის მიზანია, ეს თანხები ჭანტურიამ კომპანიაში დააბრუნოს. 2015 წლის აგვისტოში შევახსენე, რომ ფართობის ნახევარი ჩემი იყო და გავაფრთხილე, ეს ტერიტორია დაეცალა. შემდეგ გამოვიძახეთ სააღსრულებო და უწყების თანდასწრებით შევედით ტერიტორიაზე. პროდუქცია აღვრიცხეთ, ფოტოები გადავუღეთ და დავასაწყობეთ. შემდეგ ეს ფართობი გაქირავდა კომპანიებზე.

დაახლოებით ერთი თვის წინ ჭანტურიამ სასამართლო პროცესზე შემომთავაზა, აღარ გვინდა ეს დავები, გავინაწილოთ, რაც დაგვრჩა და შენ - შენთვის, მე ჩემთვისო. ოღონდ მომშორებოდა და დავთანხმდი, დავიშალოთ-მეთქი... ამის შემდეგ სასამართლო პროცესი, რომლის შედეგადაც საბოლოოდ უნდა გავმიჯნულიყავით, მოსამართლემ ორი კვირით გადადო. მომდევნო პროცესზე ჭანტურიამ უარყო თავისი შემოთავაზება, მსგავსი არაფერი მითქვამსო. ამ დროს ჭანტურიას ტერიტორიაზე ორი კვირის განმავლობაში სააღსრულებო უწყება მუშაობდა - დავალიანების გამო პროდუქცია გაჰქონდა... ჭანტურია განწირულია, ვიმედოვნებ, დღეს თუ ხვალ, მას სასამართლო განაჩენს გამოუტანს. იმდენი ფული მიისაკუთრა, თითქმის გაგვაკოტრა, მაგრამ ახლა აგონიაშია და ამიტომაც ჩემზე ამ ფორმით იძია შური და ყველაფერი გადაწვა.