"მათ მელანო მოგვიკლეს..." - კვირის პალიტრა

"მათ მელანო მოგვიკლეს..."

28 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ

"მიცვალებული მივატოვეთ და ამ წვიმაში ვდგავართ, რომ სამართალს მივაღწიოთ. არ დავიშლებით, თუ მკურნალი ექიმი აქ არ მოვა! თუ მართალია, რატომ იმალება? გაუუქმეთ ექიმს ლიცენზია! რატომ არავის ესმის საზოგადოების აზრი და გულისტკივილი?" - ამბობდნენ აქციის მონაწილეები, რომლებმაც 28 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების გამო ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთი გადაკეტეს, სამართალდამცავები კი გზის გახსნას შეეცადნენ, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

21 მარტს, ღამით, ბათუმში ჰოსპიტალ "მედცენტრში" 28 წლის მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალის ახლობლების თქმით, ის თავდაპირველად სამკურნალოდ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მივიდა, სადაც დიაგნოზი ვერ დაუსვეს და სახლში გაუშვეს. ისინი მომხდარში სწორედ რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ. "

მომხდარზე ბათუმის რეფერალურმა საავადმყოფომ სპეციალური განცხადება გაავრცელა:

"გვსურს განვმარტოთ, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს პაციენტისთვის ორივე ჰოსპიტალში (ჩვენთანაც და იმ კლინიკაში, სადაც პაციენტი გარდაიცვალა) გაწეული სამედიცინო მომსახურების დეტალური შესწავლა, რაც გამოავლენს როგორც ოპერაციამდე, ისე ოპერაციის შემდგომ პერიოდში პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და საჭიროებებს და თვალნათლივ დაგვანახებს გარდაცვალების რეალურ მიზეზს.

ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას და თუ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში გამოიკვეთა ჩვენი ჰოსპიტლის ექიმების გადაცდომა, აუცილებლად მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას.

ასევე მზადყოფნას გამოვთქვამთ, ოჯახის წევრებს გადავცეთ ყველა ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენს კლინიკაშია ნაწარმოები და მათი ნდობით აღჭურვილ სამედიცინო პროფესიონალთან ერთად, გავაანალიზოთ ყველა ის ინტერვენცია, რაც პაციენტს ბათუმის რეფერალურმა ჰოსპიტალმა გაუწია. კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს".

"მათ მელანო მოგვიკლეს. ექიმებს ლიცენზია დაუყოვნებლივ უნდა შეუჩერდეთ, გვინდა, რომ ჩვენი ტრაგედია უკანასკნელი იყოს", - განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ ზაურ დარჩიძემ.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე შეხვდა. აქციის მონაწილეებმა მას გამოძიების დასრულებამდე მელანო ფუტკარაძის მკურნალი ექიმის სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვეს.

"ექსპერტიზის დასკვნამდე მკურნალმა ექიმმა ეკა ფუტკარაძემ დაწეროს განცხადება. ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ თუ ის დამნაშავე არ აღმოჩნდება, ჩვენ ბოდიშს მოვუხდით", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ძალოვანი უწყების წარმომადგენელი აქციის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა მომხდარის მიზეზები დადგინდეს.

განცხადება გაავრცელა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემაც. მისი თქმით, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში რეგულირების სააგენტო მოკვლევას აწარმოებს.

"ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები და მოკვლევა არ დასრულდება, არც ერთ უწყებას, არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც სხვას, უფლება არა აქვს, ექიმს საქმიანობა შეუწყვიტოს".

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ექიმმა ეკა ფუტკარაძემ საკუთარი ნებით გადაწყვიტა დროებით ჩამოშორებოდა საქმიანობას. მელანო ფუტკარაძის ახლობლების თქმით, თუ გამოძიებამ დაადგინა მისი დანაშაული, ყველაფერს გააკეთებენ, რომ მან კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი.

გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ნათია დოლიძე