რაზე ისაუბრა მალხაზ კობაურმა საბოლოო სიტყვაში - რას ამბობს ადვოკატი? - კვირის პალიტრა

რაზე ისაუბრა მალხაზ კობაურმა საბოლოო სიტყვაში - რას ამბობს ადვოკატი?

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატები მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. აღნიშნული ინფორმაცია კობაურის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა ჟურნალისტებს გორის რაიონულ სასამართლოში მიაწოდა.

"ჩვენი მხრიდან წამოყენებული იქნა წინადადება, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა დანაშაულის შეუტყობინებლობასთან მიმართებაში იმსჯელონ, თუ ამის ინტერესი იქნება. კობაური იყო ფაქტის შემსწრე და შესაძლოა, ამ კუთხით იყოს მსჯელობა.

ჩვენს დასკვნით სიტყვაში ყურადღება ყველა გამოკვლეულ მტკიცებულებაზე გავამახვილეთ. ფაქტობრივად, გარდა ვარაუდებისა, არანაირი პირდაპირი სახის მტკიცებულება არ არის. მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო და ნაფიცი მსაჯულები შესაბამის ვერდიქტს გამოიტანენ", - განაცხადა მამულაშვილმა.

მისივე განმარტებით, კობაურმა დღეს თავის საბოლოო სიტყვაში მის უდანაშაულობაზე ისაუბრა.

"კობაურმა, როგორც ჩვენებაში, ასევე დღესაც აღწერა რეალურად, რა მონაწილეობა მიიღო საქმეში. ის რეალურად, მსხვერპლი, შემსწრე იყო ამ სიტუაციის. მან დიდი მორალური წნეხი განიცადა, მორალური სახის ზიანს განიცდის დღესაც. მასაც მოლოდინი აქვს, რომ შესაბამისი შედეგი დადგება", - განაცხადა მამულაშვილმა.

ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად დაახლოებით, ერთ საათში გავლენ.

მალხაზ კობაურს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ", მე-2 ნაწილის „ბ", მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"