დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას აცხადებს ადვოკატი? - კვირის პალიტრა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას აცხადებს ადვოკატი?

ადვოკატი დავით ჯანდიერი დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"მქონდა შეხვედრა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან. დღეს მან უარი განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 დაწესებულების მიერ მოწოდებული საკვების მიღებაზე. სამწუხაროდ ჩვენი რამდენიმესაათიანი შეხვედრა ისე დასრულდა, ვერ შევძელი გადამერწმუნებინა. დღესვე მქონდა შეხვედრა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან, რომლებიც ახლო საათებში მოინახულებენ მსჯავრდებულ დეკანოზს. ქვემოთ გადმოცემულია მის ჯანმრთელობასა და ზემოაღნიშნულ დაწესებულებაში ყოფნის პირობებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრიდან 2019 წლის 22 თებერვალს მისი ნების საწინააღმდეგოდ და მკურნალ ექიმზე განხორციელებული ზემოქმედების შედეგად გადაყვანილი იქნა სპეციალური პენიტენციური სასახურის N18 დაწესებულებაში. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემული გარანტიები გიორგი მამალაძის სამკურნალო პირობების სათანადოდ უზრუნველყოფის შესახებ, არ შესრულებულა. კერძოდ, პატიმარს დღემდე არ უტარდება რეაბილიტაციისთვის საჭირო/აუცილებელი ღონისძიებები, თუ არ ჩავთვლით ხელსა და ფეხზე ვარჯიშს. ძირითად დიაგნოსთან დაკავშირებული არასათანადო მკურნალობის გარდა, პატიმრის განცხადებით, ბოლო პერიოდში მას აღენიშნება მკვეთრი ტემპერატურული ცვალებადობა, აქვს ოფლიანობა, რისი გამომწვვევი მიზეზიც არ დადგენილა.

დამატებით, რამდენიმე დღის წინ გიორგი მამალაძე გაცივდა. მას გაეწია სამედიცინო დახმარება, მაგრამ არაეფექტურად. გიორგი მამალაძემ ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ ერთის მხრივ, კლინიკამ ის უზრუნველყო დაბალი ხარისხის მედიკამენტით, მეორეს მხრივ კი სხვა მისთვის საჭირო მედიკამენტი, რომლის მარაგი კლინიკას ჰქონდა - არ მიეწოდა; ადგილი ჰქონდა შემთხვევას, როდესაც ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი საერთოდ არ მიეწოდა. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მკურნალი ექიმს ის არ უნახავს პარასკევის შემდეგ დღევანდელი დღის 16 საათამდე, რა დროსაც დავტოვე N18 დაწესებულება.

შეხვედრაზე დეკანოზმა გიორგი მამალაძემ განაცხადა, რომ მორიგე ექიმს მისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ მას ჰქონდა ბრონქიტი. ამ დიაგნოზის, ასევე ტემპერატურულ ცვლილებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გარკვევის მიზნით, მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებელ და მთავარი ექიმის მოადგილის, ასევე მორიგე ექიმის თანდასწრებით მოვთხოვეთ სტაციონარული ბარათი. საათზე მეტი ხნის ლოდინის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც სამედიცინო პერსონალი შეხვედრის ოთახიდან უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გაიყვანეს, შესაბამისმა თანამდებობის პირებმა განაცხადეს, რომ მორიგე ექიმმა გიორგი მამალაძის სტაციონარული ბარათი, რომელშიც შეიტანება ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მორიგე ექიმმა დილით ჩაკეტა სეიფში და წავიდა. მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მორიგე ექიმს დაურეკეს და უთხრეს მოსულიყო, თუმცა პატიმარმა არ მოისურვა დალოდება, ვინაიდან აღნიშნულმა უხეშმა და დაუჯერებელმა დარღვევამ გააჩინა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარეობდა სტაციონალური ბარათში არსებული ჩანაწერების შეცვლა/დაზუსტება/შესწორება.

პატიმარ გიორგი მამალაძის პირობებთან დაკავშირებით, დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მის პალატაში, რომელიც გადმოცემით ერთ-ერთი საუკეთესოა შენობაში, პერიოდულად ითიშება გათბობა, ასევე შეფერხებებია ცხელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით. ერთი თვის განმავლობაში პატიმარმა 4 ჯერ იბანავა, აქედან ორჯერ ცხელი, ხოლო ორ შემთხვევაში - გრილი წყლით, რაც მისი განცხადებით მისი გაცივება გამოიწვია. დამატებით ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მისი ძირითადი დიაგნოზის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 დაწესებულებაში ყოფნის სხვა პირობებიც განსაკუთრებულად მძიმეა არამყუდრო გარემოს გამო, რაც ამძაფრებს მის ისედაც სტრესულ მდგომარეობას. დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობას ამძაფრებს ის გარემოება, რომ N18 დაწესებულებას არა აქვს სამარხო მენიუ, რის გამოც ის იძულებული გახდა საჩივრით მიემართა ადმინისტრაციისთვის.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მიესალმება 2019 წლის 7 მარტს საექსპერტო დასკვნების საფუძველზე სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციას. სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა უშუალოდ იუსტიციის მინისტრს პატიმარ გიორგი მამალაძის გადაყვანის შესახებ სამოქალაქო ტიპის სამკურნალო დაწესებულებაში, მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო მკურნალობის ჩასატარებლად. სამინისტროს სახალხო დამცველის რეკომენდაციაზე რეაგირებისთვის 2 დღე დარჩა. რეკომენდაციაზე რეაგირების არქონა 18 დღის განმავლობაში მომჩივნის რწმენით ადასტურებს სამინისტროს არასენსიტიურობას დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის საკითხისადმი, რაც დაადასტურა იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 20 მარტის საჯარო განცხადებამ იმის თაობაზე, თითქოს ორი სხვადასხვა, წინააღმდეგობრივი დასკვნა არსებობს მომჩივნის ჯანმრთელობის შესახებ, არადა ორივე დასკვნა ავსებს ერთმანეთს და სახალხო დამცველის მიერ ისინი მიეთითა, როგორც მის მიერ გაცემული რეკომენდაციის გამამყარებელი ორი სხვადასხვა დოკუმენტი. სამწუხაროდ იუსტიციის მინისტრი საკუთარ თავს აძლევს უფლებას ტყუილები იკადროს, როდესაც საკითხი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს დაუყოვნებელ რეაგირებას. გამოვთქვამთ იმედს, ხელისუფლება უმოკლეს პერიოდში მიიღებს ზომებს პატიმრის უფლებების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"