მსხვერპლის ფსიქოლოგია - კვირის პალიტრა

მსხვერპლის ფსიქოლოგია

"ოჯახური ძალადობის ფაქტების სააშკარაოზე გამოტანა ჩვენში ტაბუირებულია"

"რომ მივხვდი, სხვა გზა არ მქონდა, დანა დავარტყი"

რამდენიმე დღის წინ შემზარავი ტრაგედია დატრიალდა - 15 წლის გოგონამ  მეუღლე, 20 წლის კახა ვალიშვილი ქორწინებიდან სამ კვირაში გულში დანის დარტყმით სიცოცხლეს გამოასალმა.

ოფიციალური ვერსია ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტია. როგორც ირკვევა, ვალიშვილს ახალშერთულ ცოლთან ყოფით პრობლემებზე კამათი ხშირად ჰქონდა. მკვლელობის დილას ახალშეუღლებულებს საუზმის გამო ჩხუბი მოუვიდათ(!). გარდაცვლილის დის თქმით, რძალმა არაფრის კეთება არ იცოდა, მეუღლე კი ამის გამო ხშირად ეჩხუბებოდა. იმ დღეს ცოლმა საუზმე დაუგვიანა და ეს გახდა მიზეზი კონფლიქტისო.

მოკლულის ახლობლები ამბობენ, რომ გოგონა ეჭვიანი იყო, რაც უთანხმოების მიზეზი არაერთხელ გამხდარა. სხვა ვერსია აქვს თავად მკვლელობაში ბრალდებულ გოგონას.

"ერთხელ ისე მცემა, რომ არა მისი მშობლები, მომკლავდა. ცოტა ხნის წინ ძმაკაცის თანდასწრებით მომაყენა შეურაცხყოფა. მკვლელობის დღეს კარ-ფანჯრები ჩაკეტა, რომ ჩემი კივილი არავის  გაეგო. მემუქრებოდა, ყელს გამოგჭრი და თავს ზედ დაგაკლავო. მუცელზე დანა მომადო, შენი ბოლო წუთებიაო. რომ მივხვდი, სხვა გზა აღარ მქონდა, დავარტყი".

რა მოხდა სინამდვილეში, გამოძიება გაარკვევს. საინტერესოა, რომ წყვილმა ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნო, გაცნობიდან ორ კვირაში კი დაქორწინდა.

ტრაგედიის მიზეზებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ მთავარი, რაც ამ ტრაგედიის მიღმა აშკარად ჩანს, ოჯახური ძალადობაა. როგორც გაირკვა, სულ სამი კვირის გათხოვილ 15 წლის გოგონას მისი უხეშობის გამო ქმართან გაყრა უნდოდა. ამას მოკლულის მამაც ადასტურებს, მაგრამ, მისი თქმით, კახა თავმომწონე კაცი იყო და არ უნდოდა, თავი შეერცხვინა.

ოჯახური ძალადობა ჩვენში ტაბუირებული თემაა. ოჯახის საქმეში ჩარევას თვით სამართალდამცავებიც ერიდებიან და მხოლოდ მაშინ ატეხენ განგაშს, როცა ტრაგედია მოხდება.

დაახლოებით ერთი წლის წინ მაღაზიაში შევედი და ერთიანად დასისხლიანებული და აკანკალებული გოგონა დავინახე. მაღაზიის მეპატრონე  გოგონას კარისკენ ექაჩებოდა, აქაურობას ნუ მისვრი, შენ და შენმა ქმარმა სახლში მოაგვარეთ პრობლემებიო. ამ დროს გალეშილი ქმარი მაღაზიის გარეთ იდგა და იგინებოდა, შე კახპა, არ გამოხვიდე, თორემ აგკუწავო. ამასობაში პატრულიც მოვიდა და ნასვამი ქმარი თავაზიანად ჩააბრძანეს მანქანაში, რა პრეტენზია გაქვს ცოლთან, აბა, მოგვიყევიო. გოგონას გამოველაპარაკე. აკანკალებულმა გასაღები მომცა და მთხოვა, შინ მარტო დარჩენილი ბავშვისთვის მიმეხედა. კითხვა-კითხვით მივაგენი  მათ საცხოვრებელს.

ოთახში სისხლის გუბეები იდგა, მიტოვებული პატარაც კი სისხლით იყო მოთხვრილი. ვიდრე ბავშვი დედასთან ჩავიყვანე, მაღაზიის წინ უკვე რეანიმობილი იდგა, რადგან სასტიკად ნაცემ ქალს გონება დაეკარგა. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, მოძალადე ქმარს მხოლოდ ხელწერილის დადება და გაფრთხილება აკმარეს(!).

ოჯახური ძალადობის უსასტიკესი მაგალითების მოძიება არ გამჭირვებია. როცა ქალთა საკონსულტაციო ცენტრში ძალადობის მსხვერპლთა  საქმეები გამაცნეს, გავოგნდი, არც ერთი მათგანი არასოდეს გამხდარა სამართალდამცავებისა და საზოგადოების ყურადღების საგანი.

ქალთა საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან ფხაკაძე: - ოჯახური ძალადობის  ფაქტების სააშკარაოზე გამოტანა ჩვენში ტაბუირებულია. ლოგიკა ასეთია, ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო. სამართალდამცავებიც ცდილობენ, არ ჩაერიონ მათ ურთიერთობაში, არადა, შედეგი ხშირად  ტრაგიკულია.

ამას წინათ მოგვმართა ერთმა ქალმა, რომელიც ბუხრის საჩხრეკით სასტიკად იყო ნაცემი. 33 წლის ქალს შინაგანი ორგანოების ნახევარზე მეტი ამოჭრილი ჰქონდა ხშირი ცემისაგან დაზიანების გამო. ქალი ქმარმა ასე სასტიკად მხოლოდ  იმიტომ დასაჯა, რომ ლექსები აღმოუჩინა და ეს ღალატად აღიქვა.

ოჯახური ძალადობის თანამედროვე ტრაგედიები

17 წლის ქეთი ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. მოძალადეები არ დასჯილან, რადგან პოლიციაში განაცხადი არავის შეუტანია. 21 წლისა გათხოვდა და მეუღლეს ყველაფერი უამბო. ამას ის მოჰყვა, რომ სიმთვრალეში მეუღლე მუდმივად სცემდა. ერთ დღეს მეუღლის მოქნეული დანა მათ მცირეწლოვან ბავშვს მოხვდა და დაიღუპა. ქეთი დღემდე ნერვიულ შოკშია(!).

თინა 13 წელია გათხოვილია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ძალადობა ოჯახში ქორწინების პირველივე წლიდან დაიწყო. ქმარი მუშაობის უფლებას არ აძლევს (თინა უცხო ენის პედაგოგია). როდესაც თინას 12 წლის ბიჭი დედის დაცვას ცდილობს, მამა მასაც სცემს. თინამ არაერთხელ მიმართა პოლიციას, მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ ხელწერილს ადებინებენ თინას ქმარს.

ფსიქოლოგი ნანა ხოშტარია: - ადამიანს, რომელზეც წლების განმავლობაში ძალადობენ, მსხვერპლის ფსიქოლოგია უყალიბდება. მისი არსება მთლიანად დაპყრობილი აქვს მოძალადესთან ურთიერთობის სირთულეებს. აღარ აქვს აღარც ფსიქიკური და აღარც ფიზიკური რესურსი, რომ მოძალადეს გაუმკლავდეს. ძალადობა უპირველესად ფსიქიკურ რესურსს ართმევს ადამიანს და გარემოების ტყვედ აქცევს.

მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რა გააკეთოს, რომ არ დაიმსახუროს ახალი ძალადობა. დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ადამიანს ჰყავს გულშემატკივრები: დედ-მამა, ნათესავები. მნიშვნელობა აქვს იმასაც, რა გზა აქვს გამოვლილი მსხვერპლს. თუ ის ბავშვობიდან ძალადობის მოწმე ან მსხვერპლი იყო, ესე იგი მას უზარმაზარი რესურსი უკვე დახარჯული აქვს. ჩვენთან უმეტესად ისინი მოდიან, რომელთაც არსად აქვთ წასასვლელი.

ნინო ციხისთავი, არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიის ქალთა ქსელის" თავმჯდომარე):

- ოჯახური ძალადობა პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან. არარეალიზებული ადამიანია სათავე ყოველგვარი აგრესიისა. ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ არარეალიზებულობის პრობლემა იწვევს ჯერ დუმილს, მერე ფრუსტრაციას, რასაც აუცილებლად მოჰყვება აგრესია, აგრესია კი სადმე უნდა გამოვლინდეს.

ყველაზე ხელმისაწვდომი და თანაც დაუსჯელი ადგილი ხომ ოჯახია?  ყველაზე მეტად ეს ტვირთი ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს აწვება. ახლახან გაერომ გამოაქვეყნა კვლევა საქართველოში ოჯახურ ძალადობაზე  და მდგომარეობა შოკისმომგვრელია. დადგინდა, რომ ძალადობის ძირითადი მიზეზი სახლის დალაგება ან სადილის დაგვიანებაა. ტრაგედია, რომელიც ცოტა ხნის წინ დატრიალდა ამ პრობლემების მხოლოდ წვერია.

P.S. ოჯახური ძალადობის ტაბუირებული თემა მეტ ყურადღებას მოითხოვს სახელმწიფო სტრუქტურებისაგან, რადგან ყველანაირი ძალადობა ძალადობაა და მასზე თვალის დახუჭვა უპასუხისმგებლობაა.

მანკიერებას დიდ დარტყმას აყენებენ, როცა საჯაროდ გამოაქვთ