"თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ, კლუბებში შეიარაღებული დადიან, მოიხმარენ ნარკოტიკებს" - ვინ არიან "მაჟორები"? - კვირის პალიტრა

"თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ, კლუბებში შეიარაღებული დადიან, მოიხმარენ ნარკოტიკებს" - ვინ არიან "მაჟორები"?

"ჩვენი სამართლებრივი სტანდარტები და საკანონმდებლო ბაზა სასაცილო და სამარცხვინოა"

საქართველოში ბანდების თარეში თითქოს წარსულს ჩაჰბარდა, მაგრამ ბოლო დროს ახალგაზრდულმა დაჯგუფებებმა მაინც მოიკიდეს ფეხი. რა ფენომენია ე.წ. ტერიტორიული დაჯგუფებები და ვინ შეიძლება აკონტროლებდეს მათ, ამ თემაზე იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, კრიმინოლოგიის პროფესორი გიორგი ღლონტი გვესაუბრება:

- ტერიტორიული დაჯგუფებები საბჭოთა კავშირის ისტორიული მემკვიდრეობაა. მაშინ უბნის დაჯგუფებებს შორის საქმეების გარჩევა ე.წ. კანონიერი ქურდების ზედამხედველობით იმართებოდა. არსებობდა გლდანის, მთაწმინდისა და ა.შ. დაჯგუფებები. ეს იყო კლასიკური ქურდული საქმიანობა - საქმეების გარჩევა, ბიზნესის დარეკეტება, წილებში ჩაჯდომა, ნაქურდლიდან შემოსული თანხების "ობშიაკში" კონცენტრირება და სხვა. მოგვიანებით, როცა უბანი აღარ ჰყოფნიდათ, დაჯგუფებებმა ერთმანეთთან კინკლაობა დაიწყეს. ზოგი გავლენების გავრცელებასა და ტერიტორიის გაფართოებას ცდილობდა და ხშირად საქმე სისხლიანი გარჩევებით მთავრდებოდა. არ ერიდებოდნენ მკვლელობას, ადამიანების მძევლად აყვანას, გატაცებას, წამებას...

შევარდნაძის პერიოდში ყველაზე ძლიერი იყო ჯაბა იოსელიანის დაჯგუფება "მხედრიონი", რომელიც ბევრ სფეროს აკონტროლებდა, მაგალითად, ნავთობითა და ბენზინით ვაჭრობას. როგორც შუამავლები, სხვადასხვა ბიზნესში ერეოდნენ, ეწეოდნენ კონტრაბანდას... ეს იყო დაახლოებით 5000-კაციანი დაჯგუფება, რომელსაც სახელმწიფოს უძლიერესი მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ, როცა შევარდნაძე მომაგრდა, იოსელიანი და მისი მეგობრები დაიჭირეს და ეს პერიოდიც დამთავრდა.

1995 წელს მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომლის წყალობითაც შეიარაღებული დაჯგუფებების მიმართაც შეიცვალა მიდგომები. მიშა სააკაშვილის დროს მათი დევნა გაძლიერდა და, პრაქტიკულად, ბანდები წარსულს ჩაჰბარდა.

- 90-იან წლებში არსებობდა კრიმინალური დაჯგუფებები საძმოების სახითაც... - დიახ, ე.წ. ბეზპრედელშჩიკები. როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, სხვა ტიპის კრიმინალური დაჯგუფებები ჩამოყალიბდა. ისინი არ იყვნენ "კანონიერი ქურდები", რომლებიც რაღაც ჩარჩოებში იყვნენ მოქცეული, იმიტომაც დაერქვათ "ბეზპრედელშჩიკები", რომ ისე მოქმედებდნენ, როგორც უნდოდათ. თუ "კანონიერი ქურდი" საქმეს არჩევდა, კომპრომისებს ეძებდა, ისინი უხეშად, თავხედურად და ძალის გამოყენებით მოქმედებდნენ - აყაჩაღებდნენ, ფულსა და წილებს ართმევდნენ... მაგალითად, ასეთი საძმო იყო "კულინარიელები". ისინი, ფულს, ძირითადად, ბიზნესმენებს ართმევდნენ და წილებს ითხოვდნენ. ამ დაჯგუფებების სახელი უბნების დასახელებიდან მოდიოდა. 10-დან 50 კაცამდე შეიარაღებულ გაერთიანებას ჰყავდა ლიდერები - ერთუბნელი საძმაკაცო, ე.წ. ძველბიჭობა. ბავშვობის მეგობრები იყვნენ, ბირჟაზეც ერთად იდგნენ, შემდეგ კი ამით "დასაქმდნენ". იმხანად ფონიც ხელსაყრელი იყო - იარაღის ტარებას არავინ აკონტროლებდა, პოლიცია დეზორგანიზებული და დაშინებული გახლდათ. მოკლედ, სრული განუკითხაობა იყო. ზოგმა აფხაზეთიდან ჩამოიტანა იარაღი. პრაქტიკულად, ყველა მეორე ოჯახს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, მათ შორის, ავტომატებიც.

- დღეს "მოქმედ" ახალგაზრდულ ტერიტორიულ დაჯგუფებებს ვინ აკონტროლებს?

- ვფიქრობ, არც არავინ. მათი დაპირისპირება წლობით გრძელდება და ეს უფრო პირადი შუღლის პრობლემაა. ხომ იცით, ადრე მთაში სისხლის აღების წესი ჰქონდათ, გვარებს შორის დიდხანს გრძელდებოდა და აღარც კი ახსოვდათ, რამ გამოიწვია დაპირისპირება, მაგრამ მაინც ხოცავდნენ ერთმანეთს. ამ ახალგაზრდულ დაჯგუფებებსაც რაღაც ამგვარი პრობლემა აქვთ, რომელიც ვერ მოაგვარეს და შურისძიებით არიან განმსჭვალული. მათი კონფლიქტი რამდენიმე წელია, გრძელდება. ქუჩაშიც თავხედურად იქცევიან. აქ არც ქურდული გარჩევები და არც ბიზნესები ფიგურირებს. არა მგონია, მათ ვინმე აკონტროლებდეს, ეს ბიჭები ხულიგნები და ე.წ. მაჟორები უფრო არიან, ვიდრე ქურდები.

- მაჟორები? - ეს ახალი ტერმინია. "მაჟორები" არიან შეძლებული ოჯახებიდან გამოსული ახალგაზრდები, რომელთა შორის "ვაჟკაცობაში" მიდის შეჯიბრება. ყველას ზემოდან უყურებენ, თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ, კლუბებში შეიარაღებული დადიან, არღვევენ წესრიგს, მოიხმარენ ნარკოტიკებს და ბოჰემურად ცხოვრობენ. ერთი პრეზიდენტის სიძეა, მეორე ვიღაც ბიზნესმენის თუ დიდმოხელის შვილი, ჰყავთ ძვირად ღირებული მანქანები. ჩვეულებრივი მუქთახორები არიან, ფული აქვთ და ჰგონიათ, ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგანან, დიდი წარმოდგენა აქვთ თავზე. თუ ვინმე რამეს გაუბედავს, იარაღითაც უსწორდებიან.

დაჯგუფებები ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, მათ შორის, არასრულწლოვნების. ასეთი უცხოეთში უამრავია. ძალადობის მაჩვენებელი ამერიკის სკოლებსა და უნივერსიტეტებში ძალიან მაღალია, იქ ყოველ კვირას ხდება მასობრივი მკვლელობები. ჩვენთან წელიწადში 150-დან 200-მდე მკვლელობა ხდება, რაც არ არის მაღალი მაჩვენებელი. 90-იანებში ქვეყანაში ოთხჯერ მეტი ძალადობის ფაქტი ფიქსირდებოდა.

- ქუჩური გარჩევა დასჯადი ხდება, კანონში რა ტიპის გარჩევა იგულისხმება? - ეს კანონში არ არის კარგად განმარტებული, მაგრამ, წესით, ორგანიზებულ დანაშაულებსა და ქურდულ დაჯგუფებებს უნდა ეხებოდეს. გარჩევა, რომელიც პრეზიდენტის სიძემ გამართა, ან დაპირისპირება, რომელიც დათო სარალიძის შემთხვევაში მოხდა, არ შეიძლება ჩაითვალოს ქურდულ გარჩევად, "სტრელკას" რომ ეძახიან. ასეთ დროს ერთმანეთს ხვდება ორი ჯგუფი და რაღაც საკითხებზე შეთანხმებას ცდილობენ. შეხვედრა შეიძლება დაპირისპირებით ან სულაც მკვლელობით დამთავრდეს, "სტრელკის" მიზანი კი ძალადობა არ არის... ქურდულ გარჩევებში მონაწილეობს "კანონიერი ქურდი", როგორც მოსამართლე, არბიტრი. გარჩევები სულ სხვა მიზნებს ემსახურება და ამ ნორმით ვერ გასამართლდებიან არასრულწლოვნები, რომლებიც ბულინგს ეწევიან. სარალიძის შემთხვევა სწორედ ბულინგია - ბავშვებში ლიდერის პოზიციის დამკვიდრებისთვის ბრძოლა. აი, გოგოჭურის ამბავი კი "მაჟორების" ელიტური გამოვლინებაა, როცა "ვაჟკაცები" ერთმანეთისთვის აუტანელი ხდებიან და ერთმანეთს უსწორდებიან.

არა მგონია, მტკიცებულებათა ბაზა საკმარისი იყოს იმისათვის, რომ ადამიანი ქუჩური გარჩევის მუხლით გასამართლდეს. ვფიქრობ, ეს მუხლი წელიწადში შეიძლება, მაქსიმუმ, 10-15 კაცს მიუყენონ.

ეს არის ტრენდი - შსს-მ, ძალოვანმა სტრუქტურებმა, ქმედითი ზომები უნდა მიიღონ, რადგან მათზე პოლიტიკური ზეწოლაა სარალიძისა და სხვა საქმეების გამო, ამ კანონის გამკაცრებით კი იმას ამბობენ, სერიოზულად ვმუშაობთ და დანაშაულს ვებრძვითო.

ჩვენი სამართლებრივი სტანდარტები და საკანონმდებლო ბაზა სასაცილო და სამარცხვინოა. რამდენი ხანია ლაპარაკია, რომ უნდა შეიცვალოს კოდექსი, რომელიც 1998 წელს მიიღეს. 20 წელი გავიდა და მასში იმდენი ცვლილება და დამატებაა შეტანილი, რომ ვეღარ ფუნქციონირებს და ახლიდან უნდა დაიწეროს. ერთი მხრივ, შემორჩენილია საბჭოთა, სასაცილო მუხლები, მეორე მხრივ, ამერიკიდან გადმოღებული სტანდარტები, რომლებიც ჩვენს რეალობას ვერ ესადაგება და მესამე - ადგილობრივი, მოგონილი ნორმები, რომელთაც არა აქვს განმარტებები და გაურკვეველია, რას გულისხმობს. ამიტომაც უჭირთ ასეთი რთული კონსტრუქციების გააზრება და განაჩენის გამოტანა. კანონი მარტივად გასაგები უნდა იყოს. მასში ზუსტად უნდა იყოს აღწერილი, რაზეა ლაპარაკი, რადგან ბუნდოვანებას გამოძიება ყოველთვის შეცდომამდე მიჰყავს.