ოთახიდან დასისხლიანებული ქალი გამოვარდა, მოძალადე ქმარი კი დანით მოსდევდა... - კვირის პალიტრა

ოთახიდან დასისხლიანებული ქალი გამოვარდა, მოძალადე ქმარი კი დანით მოსდევდა...

"ამ უბედურებამდე ნახევარი საათით ადრე შმაგის თაკოს ძმისთვის დაურეკავს, სად ხარო? რაკი მან უთხრა, თბილისშიო, ეტყობა, გული მიეცა და გოგოს სამსახურში მიუვარდა"

ქმრისგან სასიკვდილოდ განწირული 33 წლის თამარ (თაკო) ლომიძე ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. თაკო ხაშურში, სალონში სტილისტად მუშაობს. 2 შვილის დედა ოჯახური პრობლემების გამო ქმარს გაშორდა. როგორც თანამშრომლები ამბობენ, შმაგი დოლიძე ცოლს სამსახურში სისტემატურად აკითხავდა და შერიგებას სთხოვდა. 24 მარტს ქმარმა სალონში ისევ მიაკითხა, სასაუბროდ ცოლ-ქმარი კოსმეტოლოგის კაბინეტში შევიდნენ. მალე ხმამაღალი საუბრის ხმა გაისმა და იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი, რეაგირება ვერავინ მოასწრო. თვითმხილველების თქმით, ოთახიდან დასისხლიანებული თაკო გამოვარდა, მოძალადე ქმარი კი დანით მოსდევდა, არც თვითმხილველების შეშინებია და დაჭრილ ცოლს დანა ხალხის თვალწინაც რამდენჯერმე მოუქნია. ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქალის დაცვა სცადა, სწორედ ამ დროს გაიქცა მოძალადე სალონიდან. თაკო ლომიძეს 6 ჭრილობა აქვს მიყენებული, დაჭრილი იყო გულმკერდის არეშიც.

შმაგი დოლიძე იმავე დღეს დააკავეს და ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს. მან თავიდან დანაშაული აღიარა, მაგრამ შემდეგ დუმილის უფლება გამოიყენა და სასამართლო პროცესზე არც პროკურორისა და არც მოსამართლის კითხვისთვის პასუხი არ გაუცია. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც ხაშურელები ამბობენ, დანაშაულის ჩადენისას მოძალადე ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო. ეს რამდენად სწორია, ექსპერტები დაადგენენ.

თაკო ლომიძის ახლობლებიც ამბობენ, რომ შმაგი დოლიძე წამალდამოკიდებული იყო, ასევე ხშირად სვამდა და ეს იყო ცოლ-ქმრის დაშორების მიზეზი.

თაკო ლომიძის ნათესავი: - შმაგი ჭკუიდან გადაიყვანა ნარკოტიკმა და ლოთობამ. არ ისვენებდა, სამსახურში აკითხავდა თაკოს, ეხვეწებოდა, შემირიგდიო, თაკო ერთადერთ პირობას უყენებდა, თუ გამოსწორდები, შეგირიგდებიო. როგორც გამოსწორდა, ყველამ ვნახეთ. შმაგი, როგორც ნარკომომხმარებელი, პოლიციაშიც იყო აღრიცხვაზე. ამ უბედურებამდე ნახევარი საათით ადრე შმაგის თაკოს ძმისთვის დაურეკავს, სად ხარო? რაკი მან უთხრა, თბილისშიო, ეტყობა, გული მიეცა და გოგოს სამსახურში მიუვარდა.

- ტრაგედიის ერთ-ერთ მიზეზად ეჭვიანობა დასახელდა. - ეჭვიანობის მიზეზი არასოდეს ჰქონია. ოჯახის დანგრევის რეალური მიზეზი იმ ბიჭის ცხოვრების წესი იყო. თაკოს ქმრის ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობა აქვს, ის ყველას ძალიან უყვარს...

"ნარკომანია, სიცოცხლე გაუმწარა გოგოს... რა უფლებით ართმევს სიცოცხლეს ქალს და ბავშვებს დედას, მაგრამ ეტყობა, მორიგი დოზისთვის ფული სჭირდებოდა. ამოუვიდა ამ გოგოს ყელში, ალბათ, აღარ აძლევდა ფულს წამლისთვის და იმიტომაც გაიმეტა", - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

შმაგი დოლიძის ახლობლები ჟურნალისტებთან არ საუბრობენ. მომხდარს მხოლოდ სოცქსელით გამოეხმაურა შმაგი დოლიძის და, ხათუნა დოლიძე, და ყველას ჭორაობისგან თავის შეკავება ურჩია: "ყველამ თავი შეიკავეთ უღირსი რეპლიკებისგან. ეს გოგო ჩემი ოჯახის სარკეა და ილოცეთ, რომ თავის შვილებს ცოცხალი და უვნებელი დაუბრუნდეს. ისედაც განადგურებულები ვართ და თქვენი ჭორაობით კიდევ ერთხელ ნუ გვატკენთ გულს". მოგვიანებით მან კიდევ ერთი სტატუსი დადო: "ჩემმა ძლიერმა გოგომ კრიზისი დასძლია. აღარ იმყოფება მართვით სუნთქვაზე და ხვალიდან საკვებსაც მიიღებს...".

გამოძიება გრძელდება. შმაგი დოლიძისთვის წაყენებული ბრალი 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.