"არასდროს დამიწუწუნია, ოღონდ მეფრინა..." - კვირის პალიტრა

"არასდროს დამიწუწუნია, ოღონდ მეფრინა..."

"მეთაურმა მითხრა, პრაქტიკულ ფრენაში ვერ გაგითვალისწინებთ, ისედაც მცირე რესურსს ქალში ვერ დავხარჯავთო. თურმე მხოლოდ კაცს შეუძლია იყოს სამხედრო მფრინავი..."

32 წლის სამხედრო მფრინავი, კაპიტანი ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს, თავად უწყება კი ყოფილ სამხედროს კონტრაქტის დარღვევისთვის სასამართლოში უჩივის და 28.000 ლარის გადახდას ითხოვს. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. ახალგაზრდა ქალის უფლებებს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი იცავს.

ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალებში მფრინავად 2007 წლიდან მუშაობდა. 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, შესრულებული ფრენები ნამსახურობის 3 წლად აქვს ჩათვლილი. არაერთხელ გამოუცხადეს მადლობა, 2017 წელს კიII ხარისხის მედლით დააჯილდოეს უმწიკვლო სამსახურისთვის. ამერიკაში 10 თვე ისწავლა და იქიდან დაბრუნებულს უთხრეს, რომ საჰაერო ძალებში მისი ადგილი აღარ არის.

- მთელი ბავშვობა ვოცნებობდი სამხედრო ფორმის ჩაცმაზე, სამშობლოს დაცვაზე, ვაჟკაცური საქმეების კეთებასა და ქვეყნის შენებაზე. წლები ვეომე მყარად ფესვგადგმულ სტერეოტიპებს და მაინც ავიხდინე ოცნება - ჩავიცვი ფორმა. სულ ვხუმრობ ხოლმე, თვითმფრინავისა და მანქანის მართვა ერთდროულად ვისწავლე-მეთქი. იმ წლებში ჩემი ხელფასი ხუნდებში, ზეთის შეცვლასა და საწვავში მიდიოდა, ლოკოკინასავით ვცხოვრობდი მანქანაში, მაგრამ არ დამიწუწუნია, ოღონდ მეფრინა. მერე გააჩერეს ერთი თვითმფრინავი და მეორის მართვა ვისწავლე, ავეწყვე, მაგრამ ახლა ის გააჩერეს, მერე მესამის მართვას დავეუფლე და ისიც გააჩერეს. ყოველდღე თავს ვიიმედებდი, ოდესმე ვინმე ჭკვიანი მოვა და მიხედავს აქაურობას-მეთქი. თურმე სულ ტყუილად. ამასობაში 11 წელი და 4 თვე გავიდა. როცა მივხვდი, რომ პროფესიული განვითარების პერსპექტივა მომესპო, გამწარებულმა პატაკი დავწერე და წამოვედი.

- ამერიკიდან დაბრუნებულს აქ რა ვითარება დაგხვდათ? - 2018 წლის თებერვალში ესკადრილიაში რომ დავბრუნდი, მეთაურმა მითხრა, პრაქტიკულ ფრენაში ვერ გაგითვალისწინებთ, ისედაც მცირე რესურსს ქალში ვერ დავხარჯავთო. ვიტირე, იმდენად შეურაცხმყო მისმა ნათქვამმა. თურმე მხოლოდ კაცს შეუძლია იყოს სამხედრო მფრინავი...

გავიდა ხანი და ისევ წავაწყდი ამ პრობლემას. ვითხოვე, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მაინც მოეცათ, ჯიპაში ვსწავლობდი, აკადემიური მქონდა აღებული და იქ გავაგრძელებდი სწავლას, ან საზღვარგარეთ ვგეგმავდი წასვლას. კანონით მაქვს უფლება შვებულება ავიღო სწავლისთვის, გამოცდების, სესიების დროს ვალდებული არიან გამათავისუფლონ, მაგრამ მეთაურმა უარი მითხრა.

- ეს ახალი მეთაური იყო? - დიახ, სასწავლებლად 10 თვით მაშინდელმა მეთაურმა გამიშვა. შუა სწავლებაში ხელფასზე დანამატი მომიხსნეს და რომ დავრეკე, უკვე სხვა მეთაური დამხვდა. ვიკითხე, რატომ არ მერიცხება დანამატი-მეთქი, წელიწადია, არ გიფრენია და იმიტომო. არადა, სასწავლებლად ვიყავი წასული. ბრძანების თანახმად, თუ ერთი წელი ნაფრენი არა გაქვს, დანამატი გეხსნება...

მკაცრად დისკრიმინირებული, სრულიად ბლოკირებული ვიყავი, ერთადერთი, რაც მევალებოდა, დილის 9-დან 6 საათამდე უსაქმურად ვმჯდარიყავი სამსახურში.

- თავდაცვის სამინისტრო 28.000 ლარის გადახდას გთხოვთ, კონტრაქტს რომ არღვევდით, არ გიფიქრიათ, რომ დაგაჯარიმებდნენ? - სულ 11 წელი და 4 თვე ვიმსახურე. ამ პერიოდში 4 კონტრაქტი მაქვს შეცვლილი. ყველა ან 8-წლიანი, ან 10-წლიანი იყო. თავდაცვის სამინისტროს ასე ხშირ-ხშირად რომ არ ეცვალა კონტრაქტი, ერთი მაინც დასრულებული მექნებოდა, მაგრამ თვითონ არღვევდნენ წინას და ადგენდნენ ახალს.

სანამ ჩემი პატაკი დაკმაყოფილდებოდა, 6 თანამშრომელი წავიდა და არავისთვის მოუთხოვიათ ჯარიმის გადახდა, პირიქით, ზოგიერთს კომპენსაციაც მისცეს, მე კი მედავებიან. ჩემამდე ისეთი მფრინავები წავიდნენ, რომლებიც უკვე ინსტრუქტორები იყვნენ, ათასობით საათი ჰქონდათ ნაფრენი, არაერთი კურსი გაიარეს ამერიკაში და ისინი უჯარიმოდ წავიდნენ, როგორ, ისინი არაფერი დაუჯდა სახელმწიფოს და მარტო მე ვარ ძვირად ღირებული?

ჩემი ოჯახის ყველა წევრი მსახურობდა ჯარში: ძმა, დედა, ბიძა და მე. დედა ლოჯისტიკის უზრუნველყოფის განყოფილებაში იყო. მისი ქვედანაყოფი გააუქმეს, მოგვიანებით დედა ქვეყნიდან წავიდა და მგონი, მეც იგივე მომიწევს. სანამ სასამართლო არ დამთავრდება, კანონით საჯარო სამსახურში მუშაობის უფლებაც არა მაქვს, თუმცა ბევრ კერძო კომპანიაში დასაქმების იმედი მაქვს.

- ხშირად მედიის ყურადღების ცენტრშიც იყავით... - მფრინავი ქალი ბევრი გვყავდა, უბრალოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, როცა სამხედრო ავიაციამ აღორძინება დაიწყო, მე ვიყავი პირველი. სამმა გოგომ დავიწყეთ ავიაციაში მუშაობა.

ყველაზე ბედნიერი ის პერიოდი იყო, როცა დავფრინავდი. ომის შემდგომ წლებშიც სამხედრო მფრინავის რეჟიმი მქონდა. საპარაშუტო მომზადების სკოლაც გვქონდა, ინტენსიური მომზადებაც იყო, ჩვენ თვითონ ვამზადებდით პარაშუტისტებსაც... დღეს ესეც გაუქმებულია. რომელიმე სამხედრო მოსამსახურეს პარაშუტისტის კვალიფიკაცია რომ მიანიჭონ, სასწავლებლად საზღვარგარეთ უნდა გაუშვან. დღევანდელი მდგომარეობა ყველაზე საშინელია, საქართველოს სამხედრო ავიაცია გაჩერებულია. 11 წლის განმავლობაში არაერთი თავდაცვის მინისტრი გამოვიცვალეთ და ამანაც იმოქმედა სტრუქტურაზე

- იმ წლებიდან რას გაიხსენებთ? - საგარეჯოში გავიზარდე, იქიდან დავდიოდი სამსახურში. ხშირად გაუსწრია უკან დასაბრუნებელ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ამიტომ ვიყიდე მანქანა და თითქმის მთელ ხელფასს გზაში ვხარჯავდი, მაგრამ მიყვარდა ჩემი საქმე და არაფერს ვნაღვლობდი. მიუხედავად იმისა, სახელმწიფო ვალდებულია ტრანსპორტითაც უზრუნველგყოს და საცხოვრებლითაც, მე არასოდეს მომითხოვია.

- "ფეისბუკის" გვერდზე გენერალ ქალს ახსენებთ. მინისტრის მოადგილეზე ხართ ნაწყენი? - ქალბატონი ლელა ჩიქოვანი, მინისტრის მოადგილე ვიგულისხმე. თავდაცვის მინისტრმა 8 მარტი მოგვილოცა, გვითხრა, ქალბატონებს ასე გილოცავთ, გენერალს გჩუქნითო და ლელა ჩიქოვანს გენერლობა მიანიჭა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ერთი კაცის ნახვაც გაგიჭირდებათ, რომელსაც ოდესმე გენერალი ქალი საველე სწავლებაზე ერთხელ მაინც უნახავს. როგორც ქალი, არასოდეს დაინტერესებულა გენდერული საკითხებით, თუნდაც ჩემი საქმით, არადა, მასაც და მინისტრსაც წამოსვლამდე მივწერე წერილი, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. მე მაქვს იმის პრეტენზია, რომ ჩვენს ქვეყანას ისეთი გენერლები ჰყავდეს, რომელთა სახელის ხსენებაზე მხრებში ვიმართებოდეთ და ტანში ჟრუანტელი გვივლიდეს.

აბა, მოიკითხეთ, რამდენი ქალია სამხედროში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე? არც ერთი. კარიერული წინსვლა მამაკაცებისთვის არის მხოლოდ. სწორედ ამით უნდა ინტერესდებოდეს გენერალი ქალი.

ქალბატონ თინა ხიდაშელს ბევრი საინტერესო პროექტი ჰქონდა, მაგრამ იმდენად მცირე ხნით იყო მინისტრი, ვერ მოასწრო.

იზორიას დროს რაც ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ფაქტობრივად, საჰაერო ავიაცია არა გვაქვს, პროფესიონალები მიდიან სისტემიდან.

ამჟამად ლექციებს ვკითხულობ საავიაციო უნივერსიტეტში. იქ დავამთავრე ბაკალავრიატი და მაგისტრატურაც (ამ ხარჯს ნამდვილად ვერ მიაწერენ სახელმწიფოს). ხუთი უცხო ენაც ვიცი. ჩემი საყრდენი ჩემი განათლება იყო. მუშაობის შემდეგ, საღამოობით, სხვადასხვა კურსს გავდიოდი, არაერთი სერტიფიკატი მაქვს.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო კაპიტნის საკარიერო კურსი, რომელიც ამერიკაში გავიარე და გული მწყდება, რომ გამოყენების საშუალება მომისპეს.

- როგორც ვიცი, ხატავთ კიდეც. - იმდენი დრო სად მქონდა, მეხატა. ამას წინათ დედამ საზღვარგარეთიდან მოლბერტი, ფუნჯები და ტილოები გამომიგზავნა. ალბათ, დედის მონატრებამაც თავისი ქნა, თავდაცვაშიც 4 თვე რომ უფუნქციოდ ვიყავი და მოვსინჯე. ახლა ზოგჯერ ვხატავ. მე ოპტიმისტი ვარ, უქმად ყოფნას არ ვაპირებ.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან:

"...ქალბატონი ეკატერინე 2017 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 15 თებერვლამდე იმყოფებოდა მივლინებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ავიაციის კაპიტნის საკარიერო მომზადების კურსზე. მხოლოდ ამ კურსზე მისი გადამზადებისთვის დაიხარჯა 49 ათასი ამერიკული დოლარი, რასაც ემატება ათობით ათასი ლარი საქართველოში წლების განმავლობაში მის გადამზადებაზე დახარჯული სახსრების სახით. ამის მიუხედავად, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ 4 თვეში მიმართა ხელმძღვანელს და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის ძალებიდან დათხოვნა (მოტივის მითითების გარეშე). თავდაცვის სამინისტრომ წერილობით აცნობა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისა და ჯარიმის ოდენობის შესახებ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რაც მან დაადასტურა შესაბამის შეტყობინებაზე ხელმოწერით. ამის შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდა კანონით გათვალისწინებული პროცედურები...

აღსანიშნავია, რომ ქალბატონ ეკატერინეს სამსახურის პერიოდში არავითარი წერილობითი პრეტენზიით ხელმძღვანელობისთვის არ მიუმართავს არც გენდერული დისკრიმინაციისა და არც სხვა რაიმე დარღვევის შესახებ. მან გარკვეული პრეტენზიები თავდაცვის სამინისტროს სარჩელის შეტანის შემდეგ დააფიქსირა, თუმცა არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი და მტკიცებულება...

გარდა ამისა, მოგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს გააჩნია კონკრეტული მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ხდება გენდერული თანასწორობის განმტკიცება, დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ძალადობის პრევენცია და აღმოფხვრა, რასაც არეგულირებს თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგია. სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობენ გენდერული მრჩევლები, ხოლო მონიტორინგს უწევს გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც არსებობს 2014 წლიდან და რომლის შესახებ ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე. ჯგუფს ასევე აქვს საკონსულტაციო ფუნქცია და ნებისმიერ სამხედრო მოსამსახურეს თუ სამოქალაქო პირს შეუძლია დაუკავშირდეს რაიმე საჩივრის, შემთხვევის, შეკითხვის და ა.შ. არსებობის შემთხვევაში... ამასთანავე, მოქმედებს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი, დაკავშირება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით ან/და შესაბამისი ყუთების საშუალებით, სადაც შესაძლებელია წერილის მოთავსება ანონიმურობის დაცვით".

თეა ხურცილავა