"თუ შვილებს არ დამიბრუნებენ, იძულებული გავხდები ბენზინი გადავისხა და..." - რას ამბობს სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მამინაცვალი - კვირის პალიტრა

"თუ შვილებს არ დამიბრუნებენ, იძულებული გავხდები ბენზინი გადავისხა და..." - რას ამბობს სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მამინაცვალი

ვითხოვ, ჩემი შვილები დამიბრუნონ, რომლებიც წამართვეს. თუ ჩემ შვილებს არ დამიბრუნებენ, იძულებული გავხდები ბენზინი გადავისხა და თავი დავიწვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის მამინაცვალმა, არკადი ძავაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მისი ორი მცირეწლოვანი შვილის, ბაბულია ძავაშვილისა და ლუკა ქსოვრელის ადგილსამყოფელი 22 იანვრის შემდეგ არ იცის.

"ჩემი შვილები დამიბრუნონ! უკვე ისეთ დღეში ვარ, რაღაცას ავუტეხავ ჩემ თავს. სად არიან არ ვიცი და არც მეუბნებიან, მაჩვენონ, რომ ცოტა დავწყნარდე, ორივე ჩემი შვილია. სახლში მივიყვან და მივხედავ. მთავრობა ახლა თუ მეხმარება, დაუნიშნონ ჩემს ბავშვებს ძიძა, მეც მივხედავ. უფროსი შვილი და სიდედრიც დამეხმარებიან. ბავშვები 22 იანვრის შემდეგ არ მინახავს, ძალიან ცუდად ვარ მათი უნახაობით", - აცხადებს ძავაშვილი.

მისივე განმარტებით, ლელა ქსოვრელი უსამართლოდაა დაკავებული და ის ბავშვებზე ფიზკურად არ ძალადობდა.

"ლელა ქსოვრელის დაკავება უსამართლოა. ლელას მხრიდან ძალადობის ფაქტები ამ ბავშვებზე არ აღინიშნება. იმ საღამოს ლელამ ბავშვი აბანავა. სახლში რომ მივედი, ღამის 2 საათი იყო, მეუღლემ მითხრა, ბავშვი სახლში ვაბანავე, გადმომიხტა, თავით დაეცაო და ხვალ იქნებ პოლიკლინიკში წავიყვანოთო. მანამდე ბავშვს სიცხე, ვირუსი ჰქონდა, ელოდებოდა ვირუსი გასვლოდა, რომ ებანავებინ. 10 საათზე უნდა წაგვეყვანა ბავშვი პოლიკლინიკაში, პოლიციელმა დამირეკა, პოლიციაში მობრძანდიო.

როგორც ვიცი, პოლიციას სახლიდან რაღაც რკინა წაუღია, ვითომ, ბავშვისთვის ეს რკინაა ჩარტყმული და ამით არის მკვდარი. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და ანაბეჭდები უნდა ამოვიდეს", - აცხადებს ქსოვრელის მეუღლე.

ის კატეგორიულად არ ეთანხმება პროკურატურის ვერსიას, რის მიხედვითაც, ქსოვრელი შვილზე სისტემატიურად ძალადობდა.

"დედაჩემი 90 წლის ქალია, სულ ვეუბნებოდი, ლელა ბავშვებს არასწორად თუ მოექცეოდა, ან სცემდა, ჩემთვის ეთქვა. მეზობლები, პატრულები მეკითხებოდნენ, ხომ არ სცემს, წივილ-კივილი გამოდისო. მე ხო ვიცოდი რატომ გამოდიოდა ეს ხმა, ბავშვს ერთი წვეთი წყალი რომ დასხმოდა, გადმოხტებოდა, ხან ტანს მიარტყამდა, ხან თავს", -აცხადებს ძავაშვილი.

ის დედის მხრიდან მეორე შვილზე, ლუკა ქსოვრელზე ძალადობასაც გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ბავშვი ძალიან ცელქია და დაზიანებებსაც ამის შედეგად იღებს.

"ლუკას შემთხვევში დაზიანებები რამ გამოიწვია შემიძლია ვთქვა, სახურავზე ადიოდა, ვუშლიდი, არ ახვიდე, დენია, დაგარტყამს და მოკვდები-მეთქი. ხან იქიდან ვარდებოდა, ხან სხვა ადგილიდან. მე გასული ვიყავი ხოლმე სახლიდან, ლელა კიდევ ყოველ წამს ყურადღებას ვერ აქცევდა", - განაცხადა ძავაშვილმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 22 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება.