"უწინ ქურდი ქურდობდა და ყაჩაღი – ყაჩაღობდა. ქურდი ყაჩაღობაზე არ მიდიოდა. დღეს ვერ გაიგებ, ვინ რას სჩადის..."
04-04-2019
"უწინ ქურდი ქურდობდა და ყაჩაღი – ყაჩაღობდა. ქურდი ყაჩაღობაზე არ მიდიოდა. დღეს ვერ გაიგებ, ვინ რას სჩადის..."
"გასულ წლებს რომ შევადაროთ, რაღაც მიმართულებით დანაშაულის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ამას არც შსს მალავს, საზოგადოებრივი აზრი კი ყოველთვის ყველაზე კარგი შემფასებელია. თუ გვინდა ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იყოს, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, რეალობა დავინახოთ, მიზეზები ვეძებოთ და მის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ. მართალია, სტატისტიკა ბევრ რამეზე გველაპარაკება, მაგრამ მარტო მასზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული და მარტო შედეგებს არ უნდა ვებრძოლოთ. მთავარია მიზეზები და მათი აღმოფხვრა", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" გურამ თავართქილაძის სახ.
უნივერსიტეტის საჯარო სამართლის კათედრის გამგე, პროფესორი, პოლიციის აკადემიის ყოფილი პრორექტორი, სამართლის თეორიისა და ფილოსოფიის სპეციალისტი გივი ლობჟანიძე და ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენულ ვითარებას აფასებს.

- ყველაფერი შედარებითია, მაჩვენებელი რაც უნდა დაბალი იყოს, კრიმინოგენული სიტუაცია სახარბიელო და სასურველი არასოდესაა. ჩვენ იდეალურობისაკენ ვისწრაფით და გვინდა კრიმინალი საერთოდ არ
იყოს, მაგრამ ასეთი საზოგადოება ჯერ არ აგვიშენებია. გასულ წლებს რომ შევადაროთ, რაღაც მიმართულებით დანაშაულის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ამას არც შსს მალავს, საზოგადოებრივი აზრი კი ყოველთვის ყველაზე კარგი შემფასებელია. თუ გვინდა ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იყოს, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, რეალობა დავინახოთ, მიზეზები ვეძებოთ და მის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ. მართალია, სტატისტიკა ბევრ რამეზე გველაპარაკება, მაგრამ მარტო მასზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული და მარტო შედეგებს არ უნდა ვებრძოლოთ. მთავარია მიზეზები და მათი აღმოფხვრა, თუმცა ეს არც თუ იოლია, რადგან როცა ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება უარესდება, როცა გარკვეული სახის დანაშაულების ზრდის ტენდენცია იკვეთება, ერთი, ან ორი ფაქტორით ამას ვერ ავხსნით, ამ მომენტებს სერიოზული კვლევა სჭირდება.

ჯერ უნდა დავინახოთ, რა კუთხით და რის ხარჯზე უმჯობესდება მდგომარეობა და აქედან გამოჩნდება, დავასკვნათ, რა დავაკელით ამ სფეროებს, რამაც დანაშაულის გაზრდა გამოიწვია. საჭიროა სიღრმისეული ანალიზი და შესაბამისი კვლევის ჩატარება, რათა მომავლის ორიენტაციები განისაზღვროს. არსებობს ოფიციალური სტრუქტურები, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა ანალიზიც აკეთოს, პროგნოზებისთვის სტატისტიკაც გამოიყენოს და მთელი ძალისხმევა პრევენციაზე გადაიტანოს. სამწუხაროდ, არც ჩვენი საზოგადოება ვართ იმ დონეზე, რომ ჩვენთვის უპირველესი კანონმორჩილება და კანონის მაქსიმალური დაცვა იყოს.

- ზოგადად, რა განაპირობებს დანაშაულის ზრდას და კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესებას ქვეყანაში?
- ამას უპირველესად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს. ეს ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორია, მაგრამ არა - ერთადერთი. მთლად ამას რომ დავაბრალოთ, არ ვიქნებით მართალი, რადგან ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებშიც კრიმინალის მაღალი დონეა. ამ სტრუქტურებში წლები ვიმუშავე, ვებრძოდი და ვსწავლობდი დანაშაულს და ვხედავდი ერთ მომენტს, რომ საზოგადოება არ არის იმ დონემდე მისული, რომ დამნაშავეობა მიუღებლად ვაქციოთ - მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა დანაშაულის დაფარვის მიმართ გამკაცრდა, დანაშაულის განუცხადებლობის ბრალდებით დღეს ბევრი ადამიანი მიდის პასუხისგებაში. ეს სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი კულტურის დონე ჯერ კიდევ სერიოზულად დასაფიქრებელია.
დაუკვირდით, როცა დანაშაულს ერთი პირი სჩადის, მის საქციელს დანაშაულის დაფარვისთვის რამდენი კაცი მიჰყვება ხოლმე, რამდენი ადამიანის ბედი იცვლება რადიკალურად. ესეცაა, ადამიანი ძალიან არ უნდა შეაშინო, შიშით ნაკეთები საქმე შედეგიანი არასოდესაა, მაგრამ ერთხელ რომ შეაშინებ და მერე ამ შიშს შეუმსუბუქებ და ლოიალური გახდები, ეს კარგ შედეგს არასდროს იძლევა, ადამიანის ფსიქოლოგიის გადაწყობა არც ისე იოლია. მართალია, წინა ხელისუფლების დროს ციხეებში წესრიგი იყო, მაგრამ ის შიშის ფაქტორზე იყო დაფუძნებული. საბოლოოდ ეს შედეგს არ იძლევა – შიში გადაივლის და ადამიანი იმავეს აკეთებს. ყველას კულტურამ, მათ შორის დამნაშავეთა სამართლებრივმა კულტურამ როგორმე უნდა აიწიოს.

- დამნაშავეთა სამართლებრივ კულტურაში რას გულისხმობთ?
- მხედველობაში მაქვს, მაგალითად, ახლახანს "საქართველოს ბანკზე" მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი. დანაშაულისთვის დაკავებული არასრულწლოვნები ადრე ქურდობისთვის ყოფილან ნასამართლევი. ჩემს პრაქტიკაში ასეთი რამ არ ყოფილა - ქურდი ქურდობდა და ყაჩაღი – ყაჩაღობდა. ქურდი ყაჩაღობაზე არ მიდიოდა. ჩვენ, პრაქტიკოსებს, დანაშაულის გახსნა ამ მხრივაც გვიმსუბუქდებოდა. მაშინ სად იყო ის ტექნიკა, რაც ახლა აქვთ, აბსოლუტურად შიშველი ხელებით გვიწევდა მუშაობა, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება და პრაქტიკა გვეხმარებოდა (კრიმინალებისაც და ჩვენიც). ერთი რამ კარგად ვიცოდით, როდესაც გაუხსნელი იყო დანაშაული, უნივერსალურ დამნაშავეს არ ვეძებდით, რა სახის დანაშაულიც ხდებოდა, იკვეთებოდა ხელწერა და ინდივიდუალურ ხელწერამდეც მივდიოდით.

დღეს ვერ გაიგებ, ვინ რას სჩადის, ან რისი ჩამდენია. მართალია, დღეს შესაბამის სტრუქტურებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბევრი საშუალება გაუჩნდათ, მაგრამ უამრავი ახალი პრობლემაც დაემატათ. არ გინდა ახლა იმ სტრუქტურებში მომუშავე თანამშრომლების გადაწყობა? ბუნებრივია მათაც სჭირდებათ კვალიფიკაცია, მაგრამ თეორიული განათლება არაა საკმარისი, ამას გამოცდილება და პრაქტიკა სჭირდება.

- ბანკები ახსენეთ და, ბოლო დროს ძალიან გახშირდა "ლიბერტისა" და "საქართველოს ბანკის" ფილიალებზე თავდასხმები, რით შეიძლება ეს აიხსნას?
- სტატისტიკით, ამ ორ ბანკზე მართლაც გახშირდა თავდასხმები და სწორედ ამ ბანკის მესვეურებმა უნდა გააკეთონ ანალიზი. პირველივე შემთხვევის სიღრმისეული ანალიზი მათ მისცემდათ იმის გარკვევის საშუალებას, რამ გამოიწვია თავდასხმა, ვისი შეცდომა იყო, თავდამსხმელებმა რომელი სუსტი წერტილი აირჩიეს, რატომ აღმოჩნდნენ დაბალი ღობე და აქედან ამოვიდნენ. თვითონ თუ არ შეუძლიათ, სხვას სთხოვონ დახმარება და ანალიზით გაარკვიონ, რაშია მათი სისუსტე – დაცვაში, კომუნიკაციის მომენტებში, თუ ხდება ინფორმაციის გაჟონვა. ბანკების მფლობელები გამოძიების პროცესშიც უნდა დაინტერესდნენ და მჭიდროდ ითანამშრომლონ გამოძიებასთან. გამომძიებელმა უნდა მისცეს მათ რეკომენდაციები. გამოძიებასთან მჭიდრო კავშირი ანალიტიკური და პრევენციის თვალსაზრისით აუცილებელიცაა.

- ოფიციალური მონაცემებით, 122%-ით იმატა სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილმა დანაშაულმა, ამაში რა ფაქტორებია განმსაზღვრელი და გამოსავალს რაში ხედავთ?
- სიღრმისეულად რომ ჩავხედოთ, აქაც მუშაობს სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი. ჩვენს გარემოში იშვიათად ნახავთ ბედნიერ სახეებს, ადამიანები უმეტესად ნერვებდაწყვეტილი და გააგრესიულებულები არიან, ერთ სიტყვას არ გპატიობენ, არც უფროსი იციან, არც - ქალი. საზოგადოებამ დაკარგა ადამიანური და კულტურული ურთიერთობების საზომები. ერთი მუჭა ხალხი ვართ და ერთმანეთის მიმართ დაუნდობლები გავხდით.

ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი ისიცაა, რომ პენიტენციალურ სისტემაში პატიმრების მიმართ ლოიალური დამოკიდებულებაა, ადამიანებს გაუქრათ ციხეში მოხვედრის შიში. სულაც არ ვარ იმის მომხრე, რომ იქ წესრიგი მიუღებელი ხერხებით და მეთოდებით დამყარდეს, მაგრამ არსებობს გონივრული და ზომიერი მიდგომები. ერთიცაა, ზოგიერთი დანაშაულის გახსნის მომენტში შესაბამის სტრუქტურებს მეტი თავისუფლება უნდა მივცეთ, ყველას მიმართ ერთნაირად ლიბერალური დამოკიდებულება მაინც და მაინც კარგ შედეგს არ იძლევა (არ ვგულისხმობ ფიზიკურ ძალადობას).
საკანონმდებლო თვალსაზრისით, არის სადღაც ლიბერალური დამოკიდებულება და სადღაც რაღაცეების გამკაცრებაა საჭირო. ამ ანალიზების ფონზე უნდა აწესრიგო სიტუაცია. სახელმწიფო იმისთვის მჭირდება, რომ ჩემი უფლებები, თავისუფლება კანონის შესაბამისად იყოს დაცული, ეს არის მთავარი. სახელმწიფომ თავისი საკეთებელი უნდა აკეთოს და მე - ჩემი. მე მასზე ვარ დამოკიდებული და მისი იმედი მაქვს. როცა მოდიხარ ხელისუფლებაში და იღებ უდიდეს პასუხისმგებლობას, შენი ტვირთის ხარისხი და შესაძლებლობაც უნდა გქონდეს განსაზღვრული ხალხის წინაშე. ეს ხელისუფლების კონსტიტუციური მოვალეობაა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები