ბოლო 8 წელიწადში სამუშაო ადგილას 355 კაცი დაიღუპა, 917 დაშავდა - კვირის პალიტრა

ბოლო 8 წელიწადში სამუშაო ადგილას 355 კაცი დაიღუპა, 917 დაშავდა

რა ხარვეზები დააფიქსირა შრომის ინსპექციამ ჭავჭავაძის #5-ში

ჭავჭავაძის #5-ში 31 მარტს დატრიალებული ტრაგედიის მიზეზებს რამდენიმე უწყება სწავლობს... შეგახსენებთ, რომ ე.წ. ლეჩკომბინატის ძველი შენობის საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მაშველებმა პირველად 26 წლის ჭიათურელი დავით აბესაძე იპოვეს, თითქმის 8-საათიანი ძებნის შემდგომ კი 44 წლის ედუარდ ვარიშოვი. ტრაგედიის შემდეგ გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა შრომის უსაფრთხოების დაცვა მოითხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსში ცვლილებები შევიდა და ზოგიერთი მუხლი დასაქმებულის სასარგებლოდ შეიცვალა, შრომის უსაფრთხოება კვლავ ირღვევა.

ბექა ფერაძე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი:

- ხარვეზები თავიდანვე დაფიქსირდა: არასწორად იყო დაგეგმარებული და შესრულებული საძირკვლის სამუშაოები, რამაც მიწის ფენების ჩამოშლა განაპირობა... კომპანიამ დოკუმენტურად უნდა წარმოადგინოს საპირწონე მტკიცებულებები და ამის მერე წარმოვადგენთ საბოლოო დასკვნას.

- დაჯარიმდნენ ის კომპანიები, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ: "ტრანსმშენი" - 7.000 ლარით, "ხიმიჯ სერვისი" კი 1.000 ლარით. კიდევ რა სანქცია გაიცა? - მერიამ შპს "ლეჩკომბინატი" 30.000 ლარით, ერთ-ერთი კომპანია კი 7.000 ლარით დააჯარიმა, რადგან ინსპექტორებს ხელი შეეშალათ ობიექტზე შესვლაში. "ლეჩკომბინატს" მუშაობის უფლება შევუჩერეთ მანამ, სანამ არ აღმოიფხვრება ის დარღვევები, რომელთაც დასკვნაში მივუთითებთ. შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი შეამოწმებს, რა გაკეთდა და დადებითი შეფასების შემთხვევაში მშენებლობა განახლდება. თუ არადა, ძალაში დავტოვებთ მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილებას.

- შრომის ინსპექცია რა პერიოდულობით ამოწმებს ობიექტებს?

- კომპანიებს წელიწადში ერთხელ ვამოწმებთ. თუ რამე მოხდება, მაშინ გვეძლევა დამატებითი შემოწმების საშუალება. სხვა შემთხვევაში ობიექტზე შესასვლელად სასამართლოს ნებართვა გვჭირდება. კარგია, რომ 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან შეზღუდვები მოგვეხსნება და შრომის ინსპექციას შეეძლება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეამოწმოს ნებისმიერი კომპანია.

სტატისტიკა ეხება შემდეგ სფეროებს: მშენებლობა, ენერგეტიკა, სამთო მოპოვება, მეტალურგია, რკინიგზა, ნავთობი და გაზი, სოფლის მეურნეობა, კავშირგაბმულობა, მედიცინა, ტრანსპორტი, მრეწველობა და მომსახურების სფერო. წყარო: თავისუფალი პროფკავშირები და ოფიციალური უწყებები.

- რამდენი თანამშრომელი გყავთ? ეს რესურსი საკმარისია? - ამჟამად საქართველოს მასშტაბით 40 თანამშრომელი გვყავს და ვაპირებთ მინიმუმ ამდენითვე გავზარდოთ.

- რა ხარვეზებია სამშენებლო ბიზნესში? - ძირითადად, სიმაღლეზე მუშაობა. არ ჰყავთ შრომის უსაფრთხოების კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც ობიექტს შეაფასებს და გადაწყვეტს, რა და როგორ გაკეთდეს. კომპანიების გარდა, დასაქმებულებიც უნდა იყვნენ დაინტერესებული შრომის უსაფრთხოების მოგვარებით.

- როცა აღმოაჩენთ დარღვევას, ჯარიმის გარდა, კიდევ რა საშუალებას მიმართავთ? - თუ დარღვევა კრიტიკულია, მშენებლობას დაუყოვნებლივ ვაჩერებთ. სხვა შემთხვევაში ვაძლევთ გაფრთხილებას, გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ერთი თვის შემდეგ თუ იგივე ვითარება დაგვხვდა, ვაჯარიმებთ. თუ მესამედაც არ გამოსწორდა, ჯარიმას ვაორმაგებთ ან ობიექტს ვაჩერებთ.

- დარღვევებზე ინფორმაცია ცხელ ხაზზე შემოდის? - ძალიან გახშირდა მომართვიანობა, მოქალაქეებისგანაც ვიღებთ ინფორმაციას. ვმუშაობთ შრომითი ექსპლუატაციის, ანუ ტრეფიკინგის მიმართულებითაც, ზედამხედველობას ვუწევთ შრომის უფლებების დაცვას. ჩვენ ვერ ვაიძულებთ კომპანიას, რომ შევამოწმოთ შრომის უფლებების დაცვა, თუმცა კომპანიები უარს იშვიათად ამბობენ. რაც შეეხება ექსპლუატაციას, თუკი გამოვლინდა იძულებითი შრომის ან ტრეფიკინგის ნიშნები, ინფორმაციას ვაწვდით შს სამინისტროს.

- მუშები ხშირად მოგმართავენ? - იშვიათად. დასაქმებულები უფრო ხშირად მაშინ მოგვმართავენ, როცა დამსაქმებელი მათ გასამრჯელოს არ უხდის. წინა წლებთან შედარებით, ასეთი შემთხვევები გახშირდა.