"ონიანი ასაკშია, როგორ მოახერხებს ძველი გავლენის დაბრუნებას, ვერ გეტყვით" - რუსები "ტაროს" "შემოგვიგდებენ"?! - კვირის პალიტრა

"ონიანი ასაკშია, როგორ მოახერხებს ძველი გავლენის დაბრუნებას, ვერ გეტყვით" - რუსები "ტაროს" "შემოგვიგდებენ"?!

"რუსები ყველანაირად შეეცდებიან ონიანის გამოყენებას. ჩვენი კონტრდაზვერვა და სუს-ი ფხიზლად უნდა იყვნენ"

პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი "კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი ("ტარო") რუსეთის საპატიმროს 9 აპრილს რომ დატოვებდა, ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა.

ონიანი რუსეთში გამოძალვისა და ადამიანის გატაცების გამო 2010 წელს მისჯილ 10-წლიან სასჯელს ორენბურგის ოლქში, მკაცრი რეჟიმის კოლონია Чёрный дельфин-ში იხდისდა. ის ესპანეთისა და რუსეთის მოქალაქეა. რუსული მედიის ცნობით, ონიანმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი რამდენიმე წლის წინ თქვა. გათავისუფლების მომენტიდან დღის წესრიგში დადგება მისი დეპორტაციის საკითხი, ვინაიდან რუსეთის შსს-ს ცნობით, მიღებულია გადაწყვეტილება ტარიელ ონიანის რუსეთიდან სამუდამო გაძევების შესახებ. ვარაუდობდნენ, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტარიელ ონიანს რუსი სამართალდამცავები ესპანეთს გადასცემდნენ, სადაც მას კრიმინალური დაჯგუფების შექმნასა და თანხების მითვისებაში სდებდნენ ბრალს, თუმცა "როსბალტის" წყაროს ცნობით, დეპორტაციის ერთ-ერთ მარშრუტად საქართველოც განიხილება. როგორც რუსული მედია წერს, ტარიელ ონიანის ადვოკატები ცდილობენ, რომ "კანონიერმა ქურდმა" მისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში მოახერხოს გადასვლა... არ გამორიცხავენ, რომ მისი გათავისუფლების შემდგომ კვლავ გააქტიურდება ქურდულ სამყაროში #1 "კანონიერი ქურდის" არჩევის საკითხი, რასაც შესაძლოა ახალი სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვეს. რომელ ქვეყანას შეიძლება გადაულოცოს რუსეთის ფედერაციამ "კანონიერი ქურდი" და რა შეიძლება მოჰყვეს "ტაროს" მზის სინათლეზე გამოსვლას, ამ თემაზე საერთაშორისო კანონმდებლობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და პენიტენციარული სისტემის რეფორმის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტ ემზარ საბანაძეს ვესაუბრეთ:

- ტარიელ ონიანი, ალბათ, იმ ქვეყანას მოსთხოვს თავშესაფარს, სადაც მას ნაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი.

- ვარაუდობენ, რომ მის გათავისუფლებას საქმეების გარჩევა, გავლენებისთვის ბრძოლა და სისხლიანი შურისძიება მოჰყვება... - ონიანი ასაკშია, ახლა ახალი თაობის ავტორიტეტები წამოვიდნენ და როგორ მოახერხებს ძველი გავლენის დაბრუნებას, ვერ გეტყვით. მურტალოსი არ იყოს, საქართველო არ შეაწუხოს, თორემ სხვაგან რაც უნდა, ის გაუკეთებია.

- რაზე მიანიშნებთ? - თუ გახსოვთ, ქურდებს "დედ ჰასანის" დასაფლავება ლოტკინის სასაფლაოზე უნდოდათ, მერე ერთმა მაღალჩინოსანმა "თავისი სიტყვა თქვა" და "დედ ჰასანი" თვითმფრინავით მოსკოვში გადაასვენეს. ვფიქრობ, ეს საკითხიც ანალოგიურად გადაწყდება. არ ვამბობ, რომ ონიანი მძიმე წონის ავტორიტეტი არ არის, მან ქიციც იცის და ქიცმაცურიც, სხვათა შორის, ისიც, რომ ახლა სხვა დროა.

- მაინც რომელი ქვეყნის საზღვართან შეიძლება მიიყვანოს რუსეთმა ონიანი? - შესაძლოა უკრაინაში ჩავიდეს. უკრაინაში ქურდები უფრო აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკურ გადათამაშებებში, ვიდრე საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში მათ იმხელა წონა არა აქვთ. არსებობს ინფორმაცია, რომ ონიანი იგორ კალამოისკისთან მეგობრობს. არც ის არის გამორიცხული, რუსეთის ფედერაციამ ონიანი საქართველოს საზღვრებს მოაყენოს, მაგრამ ჩვენი შს მინისტრი არ არის ის კაცი, ზოგიერთმა "კუკლა" გაუჩალიჩოს.

საქმე ის არის, რომ ზუგდიდის შუალედურ არჩევნებში სანდრა რულოვსი იყრის კენჭს, რომელიც სააკაშვილთან ასოცირდება. მან სწორედ ონიანი გამოიყენა 2004 წლის არჩევნებში. თუ რუსები ონიანს შემოგვიგდებენ, აჯობებს, ჩვენმა სამართალდამცველებმა ქვეყნიდან გაუშვან, ვინაიდან ონიანი ჩვენს ძალოვანებს დიდ პრობლემებს შეუქმნის. რუსები ყველანაირად შეეცდებიან ონიანის გამოყენებას. ჩვენი კონტრდაზვერვა და სუს-ი ფხიზლად უნდა იყვნენ.

ონიანის დაჭერა კანონით პრობლემა არ არის, მაგრამ გვინდა ეს კაცი საქართველოში? ზოგიერთ ზონაში 3000-მდე პატიმარია და 300 მაინც რომ აიყოლიოს და რაღაც მოგვიწყოს, სად მივდივართ? არ ჯობია, გაუხსნან სატრანზიტო დერეფანი და დაემშვიდობონ?

ახლახან ბარსელონაში სპეცოპერაციისას დაკავებული ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები თუ საქართველოში გადმოიყვანეს, ძალიან ცუდი იქნება, ვინაიდან ჩამოვა ის ხალხი, რომელსაც შესაძლოა პირდაპირი კავშირი ჰქონდეს ტარიელ ონიანთან.

იხილეთ ასევე: სად მოხდება კრიმინალის "გენერალსიმუსის“ დეპორტაცია და ატყდება თუ არა ახალი "ქურდული ომი"?