"ანას ჯერ მუშტებით სცემა, შემდეგ წაქცეულს წიხლები ურტყა"
"ანას ჯერ მუშტებით სცემა, შემდეგ წაქცეულს წიხლები ურტყა"
ფოტო:დავით ბაგრატიონ-მუხრანელი და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი: "გამოძიება გამოჰკითხავს შორენა ბეგაშვილსაც და კიდევ სხვა ქალს, რომელიც ამბობს, რომ დავით ბაგრატიონი მასაც სცემდა"

საზოგადოებისთვის ახლა უკვე კარგად არის ცნობილი ბაგრატიონების ოჯახების სკანდალური სასამართლო დავის დეტალები. სკანდალური იყო ადვოკატის განცხადება, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ძალადობის მსხვერპლი იყო და დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სცემდა. მისი თქმით, ამის დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნა სამოქალაქო საქმეში დევს. ოჯახური ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
და მოკვლევა დაიწყო. ზედიზედ სამ დღეს დადიოდა პოლიციაში ანა ბაგრატიონი და ყოფილი ქმრის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევდა. ჩვენი ინფორმაციით, პოლიციას უკვე ხელთ აქვს 18-გვერდიანი ჩვენება, სადაც არაერთ ძალადობის ფაქტზეა საუბარი. იურისტები არ გამორიცხავენ, რომ ამ ბრალდებებიდან გამომდინარე, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი დააკავონ და ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენონ. თუმცა ცნობილია, რომ მან საქართველო უკვე დატოვა, ესპანეთში გაემგზავრა. დავით ბაგრატიონის
ქვეყნიდან მოულოდნელ წასვლას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. მართალია, მისი ადვოკატი ირწმუნება, რომ წასვლის მიზეზი დედის ავადმყოფობაა, თუმცა ზოგიერთის აზრით, დავით ბაგრატიონს დაკავების შეეშინდა და ამიტომ წავიდა. დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ამბობს, რომ მისი დაცვის პირი გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს.

"ბატონი დავითისთვის პოლიციის სამმართველოში მისვლა და იმ კიბეზე ასვლა სამარცხვინოა"

- ბატონი დავითი ავადმყოფი დედის სანახავად წავიდა ესპანეთში. ის არავის არ დაუბარებია პოლიციაში, არ ყოფილა არანაირი შეზღუდვა, არანაირი ძებნა და კანონიერად გადაკვეთა საზღვარი. ჩვენ გვაქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ არ მივცეთ ჩვენება და ბატონმა დავითმა გადაწყვიტა არ ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მისთვის პოლიციის სამმართველოში მისვლა და იმ კიბეზე ასვლა სამარცხვინოა, ის უფრთხილდება თავის ღირსებას.

მე მას სამოქალაქო საქმეში ვიცავ. ახლა სისხლის სამართლის საქმის ადვოკატსაც ავიყვანთ და ის წარუდგენს ბატონი დავითის არგუმენტებს გამოძიებას. რაც შეეხება ბრალდებებს, ყველა ბინძური ცილისწამებაა, რაც მიზნად ისახავს ჩემი მარწმუნებლის პატივისა და ღირსების შელახვას. როგორც იცით, მხარეები ქონებაზე დაობენ.

ქალბატონი ანა ბაგრატიონი 90.000 ლარს ითხოვს, კომპენსაციას თანაცხოვრების პერიოდში, 2014-15 წლებში, შეძენილ ქონებაზე. ესეც გაუგებარია. 2015 წელს, როცა საქორწინო კონტრაქტი შედგა, ანას ყოველგვარ ეკონომიურ კომპენსაციაზე უარი აქვს ნათქვამი. ძირითადად, ლაპარაკია სამ ავტომობილზე, რომლებიც დავითის საკუთრებაა. აქედან ერთი მანქანა ჯართშია ჩაბარებული, რადგან დავითი ავარიაში მოყვა. ქალბატონი ანა ამ მანქანის, BMW X5-ისა და პორშეს ნახევარს ითხოვს.

რეალურად ცოლ-ქმარი 2012 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობს. კომპენსაციის მისაღებად არის ტყუილი მოგონილი, თითქოს 2014 წელს არსებობდა საოჯახო ურთიერთობა. მიზანი ბატონი დავითისთვის 90.000 ლარის ყაჩაღურად წაგლეჯაა.

- როდის მოხდა ავარია და ვინ მართავდა ავტომობილს?
- 2013 წელს, საგურამოში და როგორც ვიცი, მანქანას ბატონი დავითი მართავდა. ავტომობილი ისე დაიმტვრა, რომ ჯართში ჩააბარეს. ამ ფაქტზე საქმეც იყო რაიონში აღძრული, მაგრამ რადგან არავინ დაშავებულა, შეწყდა.

- ბატონ დავითს ცოლის ცემაში ადანაშაულებენ. შესაძლოა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაშიც დასდონ ბრალი. ექსპერტიზითაც დასტურდება, ქალბატონი ანა რომ ნაცემია. ამაზე რას იტყვით?
- გასაგებია, რასაც გააკეთებენ. დავა დაიწყეს, თითქოს ბავშვის თანდასწრებით იყო ანაზე ძალადობა. ლაპარაკია 126-ე პრიმა მუხლზე, რომელიც 2014 წლის მდგომარეობით მაქსიმუმ 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა. ამ მუხლზე­ 2-წლიანი ხანდაზმულობის ვადა მოქმედებს,­ რომელიც გასულია და ბატონ დავითს ვერ წაუყენებდნენ, მაგრამ რადგან მათი მიზანი ბატონი დავითის პასუხისგებაში მიცემაა, ჩვენი ვარაუდით, გამოძიება ცდილობს ხელოვნურად შეთითხნოს საქმე უფრო მძიმე­ ბრალდებით, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

ამბობენ, თითქოს დავითმა ანას ორი დღით აღუკვეთა თავისუფლება და ეს, მათი თქმით, 2014 წლის 9-დან 11 მაისამდე პერიოდში ხდებოდა. ეს მძიმე მუხლია, პირველი ნაწილი 6-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. კიდევ რა მოუვათ თავში, არ ვიცი. თურმე 5 წელი ინახავდა ამ ამბავს­ და გაახსენდა მაშინ, როცა ქონება და ტიტული გახდა გასაყოფი. რასაც­ ქალბატონი ანა ამბობს, სიცრუეა, ის საერთოდ არ ყოფილა საგურამოში.

- საქალაქო სასამართლოში, სადაც ტიტ­ულის მიკუთვნების საკითხზე მსჯელობა მიდის, ამბობდით, რომ ცოლ-ქმარს შორის ნორმალური­ ურთიერთობა იყო, თუმცა მეორე მხარე­ სერიოზულ ბრალდებებს უყენებს ყოფილ ქმარს. დღესაც იმავეს ამბობთ?
- სასამართლო პროცესების შემდეგ მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, თუმცა,­ როგორც შეთანხმებული არიან, პარასკევსა და შაბათ-კვირას ბავშვი მამასთან მიდის.

- ძებნა თუ გამოცხადდა, რას აპირებთ?
- ვიცით, რომ ანას მძღოლისა და დავითის მეგობრის დაკითხვას­ აპირებენ. ჩვენ არ შევალთ კონტაქტში მათთან, რომ არ თქვან, თითქოს ზეწოლას­ ვახდენდით. ის ბიჭი ბატონი დავითის მეგობარი კი არა, ნათლულია, რომელიც სახლიდან გააგდო, რადგან დაინახა, როგორ ჰპარავდა შარვლის ჯიბიდან ფულს. განაწყენებული კაცის გამოყენება უნდათ მოწმედ. ან მძღოლმა რა უნდა თქვას, როგორ დაამტკიცებს, რომ ქალბატონ ანას თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი, ეს ხომ აბსურდია? თან ის ანას მძღოლია.

- ნაცემი ქალი თუ წაიყვანა საგურამოდან, ხომ ნახავდა დაზიანებებს?
- ცემა აღარ არის აქტუალური, რადგან ამ მუხლით ვერ დასჯიან. ლაპარაკია თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაზე. ყველა ბრალდება აბსურდულია.
დავითი შეურაცხყოფილი, დათრგუნვილია. მოწინააღმდეგე მხარე სთხოვდა, ჩვენი შტოს უპირატესობა აღიარეო, ამას დავითი არ დათანხმდებოდა, სულელი ხომ არ იყო, და დაინგრა ოჯახი.

"დავით ბაგრატიონი ცოლზე არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ძალადობდა"

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ინტერესებს ადვოკატი ელისო რუხაძე იცავს. მისი თქმით, ანა ბაგრატიონი არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი.
- გამოძიებისთვის მიწოდებულ ჩვენს ინფორმაციაში ლაპარაკია არა მხოლოდ ძალადობის ერთ ფაქტზე, არამედ არაერთზე­. საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის­ სხვა მუხლებსაც. დავით ბაგრატიონი ცოლზე არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ძალადობდა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი

ლაპარაკია ასევე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაზე, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაზე.

- თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით საქმე უკვე აღიძრა? ბატონი დავითის ადვოკატის თქმით, რადგან ფიზიკური ძალადობისთვის ვერ დასჯიდნენ, ამიტომ მოიგონეს­ ეს ბრალი. ამაზე რას იტყვით?
- ექსპერტიზა, რომელიც 2014 წელს ჩატარდა, არ ჩატარებულა იმისთვის, რომ ვინმეს ვინმეზე შური ეძია, ჩატარდა ანას გარემოცვის დაჟინებული მოთხოვნით, რადგან
ის უმოწყალოდ იყო ნაცემი და ეს დასკვნა შეიძლება ყოფილიყო ერთადერთი მტკიცებულება იმისა, რომ მას სასტიკად მოექცნენ. ამას ადასტურებს ექსპერტიზა და არიან მოწმეებიც.

ადვოკატ ლევან ჩხეიძეს აწყობს ინფორმაციის დამახინჯებულად წარმოჩენა, ამით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, მაგრამ პირდაპირი მტკიცებულებები არსებობს იმისა, რასაც ანა ამბობს­. მოწმეები დაადასტურებენ, რომ ფაქტი საგურამოში მოხდა. ჩვენ დეტალური ჩვენება მივ­ეცით.

როგორც ვიცი, დავით ბაგრატიონი­ გააფრთხილეს, რომ მასთან გამოძიებას შეკითხვები აქვს. მისი ადვოკ­ატის მტკიცება, რომ ეს თითქოს დავითმა არ იცოდა, სიცრუეა.

- რატომ სცემდა დავითი ანას?
- დავით ბაგრატიონი ითხოვდა გარ­კვეული უპირატესობის აღიარებას. ძალადობა იყო ხერხი, მიზანი კი ის, რომ ანას კონკრეტულ დოკუმენტზე მოეწერა ხელი.
ძალადობა ხშირი იყო, პირველად 2009 წელს, როცა თვე-ნახევრის დაქორწინებული იყვნენ.

შემდგომ წლებშიც განაგრძობდა ამას, როგორც ფსიქოლოგიურს, ასევე ფიზიკურს. ეს ხდებოდა როგორც საქართველოში, ასევე ესპანეთში. ფსიქოლოგიური ძალადობა­ გრძელდებოდა მანამ, სანამ 2015 წელს კონკრეტული ხელშეკრულება არ დაიდო ბავშვის შესახებ. ხელშეკრულებაში ანას უარი აქვს ნათქვამი ყველანაირ კომპენსაციაზე. მითხარით, რომ არა ძალადობა, ვინ იტყვის დღეს იმაზე უარს, რაც კანონით ეკუთვნის? დავითი ბავშვით ევაჭრებოდა...

- ბავშვს ართმევდა დედას?
- ბავშვს ჰქონდა მხოლოდ ესპანური მოქალაქეობა და შეეძლო მამას ნებისმიერ დროს გაეყვანა დედის თანხმობის გარეშე. ანა საქართველოს მოქალაქეა და რომც ჩასულიყო ესპანეთში, უფლებას ვერ მოიპოვებდა.
ბატონი დავითი შვილით აშანტაჟებდა და ანაც ძალადობას იტანდა. ყველა ძალადობის შემდეგ გამორბოდა მშობლების სახლში, მაგრამ ბავშვის გამო იძულებული იყო, ისევ დაბრუნებულიყო.

დავით მუხრანელის ადვოკატი ისეთ ეპითეტებს იყენებს, ვაპირებ მას ადვოკატთა ეთიკის კომისიაში ვუჩივლო. მან ზუსტად იცის, რას იტყვის მოწმე, ვინ უნდა დაიკითხოს... ისიც იცის, რომ მათ ამხელენ და ამიტომ ცდილობს მუდმივად თავდაცვას.

ისიც საკითხავია, მართლა ავად არის თუ არა ბატონ დავითის დედა. ქალბატონი შორენა ბეგაშვილიც ამბობს, დავით ბაგრატიონი მცემდაო, ეს ყველამ მოისმინა ტელეეკრანიდან.
გამოძიება გამოჰკითხავს ბეგაშვილსაც და კიდევ სხვა ქალს, რომელიც ამბობს, რომ დავით ბაგრატიონი მასაც სცემდა. შესაძლოა დავით ბაგრატიონი არა მხოლოდ ანამ, სხვებმაც ამხილონ ძალადობაში. ანა ბაგრატიონს სხეულზე 30-ზე მეტი დაზიანება ჰქონდა, უმოწყალოდ იყო ნაცემი. ჯერ მუშტებით სცემა და წაქცეულს ბოტასით შედგა და წიხლები ურტყა. ძალიან კარგად იცის ბატონმა დავითმა ეს და წასვლით თავის დაძვრენა სცადა...

ამ დღეებში გამოძიება მოწმეებს დაჰკითხავს, შესაძლოა დაკითხვაზე დაიბარონ შორენა ბეგაშვილი და კიდევ ერთი ქალი, რომელთანაც დავით ბაგრატიონს ურთიერთობა ჰქონდა. როგორ განვითარდება მოვლენები, მალე გამოჩნდება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები