"ერთ ქართველს თხუთმეტი ლათინოსი ეჩხუბებოდა, შულაიას ხელისგული ჰქონდა მოჭმული" - როგორ დაარბია "ჩაქუჩამ" კოლუმბიელთა ბანდა (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ერთ ქართველს თხუთმეტი ლათინოსი ეჩხუბებოდა, შულაიას ხელისგული ჰქონდა მოჭმული" - როგორ დაარბია "ჩაქუჩამ" კოლუმბიელთა ბანდა (ექსკლუზივი)

ავთანდილ ხურციძის ამბავი მთელმა საქართველომ იცის: ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ქართველი მოკრივე რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით 2017 წლის 8 ივნისს ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, გასული წლის სექტემბერში კი 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. "ჩაქუჩა" ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ მისი დანაშაულის მტკიცებულება არც ბრალდების მხარეს აქვს და სჯერა, რომ ამერიკულ ციხეში დიდხანს აღარ დარჩება. რატომ უწოდებს ავთანდილ ხურციძე საქართველოს მთავრობას "მოღალატეს", რამდენ კოლუმბიელს მოსცხო "ბებერი მუშტი" და როგორ "გააშავა" საპატიმრო ფერადკანიანებთან გადაღებული ფოტოთი, წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ექსკლუზივი ბრუკლინის ციხიდან, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- დამნაშავე არა ვარ და არც თავისუფლების იმედი დამიკარგავს. გული იმაზე მწყდება, რომ ჩემს საქმეს "რუსი მაფიოზი" აწერია და ასეც გამასამართლეს, იმის მიუხედავად, რომ პროცესს ოთხი ქართველი თარჯიმანი მითარგმნიდა. მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს, მაგრამ კიდევ უფრო მკაცრი რეჟიმის საპატიმროშიც რომ გადამიყვანონ, ვპირდები ქართველ ხალხს, რომ იქაც პირველი ვიქნები ჩემი პატიოსნებით, დისციპლინითა და რეჟიმით!

არასდროს ვყოფილვარ არც "ძველი" და არც "ქუჩის" ბიჭი, სიმართლის, პატიოსნების და ვაჟკაცობისთვის კი გაქანებულ მატარებელს დავეტაკები და ვარ კიდეც დატაკებული...

- რამდენიმე ბრალდებაში გაგამართლეს და ბოლოს გედავებოდნენ მხოლოდ რეკეტსა და გემლინგს, რასაც ამხელა სასჯელი არ უნდა მოჰყოლოდა. რატომ მოგისაჯეს 10 წელი?

- ბრალდების მიხედვით მაქსიმუმ ხუთი წელი მეკუთვნოდა... ეს ყველაფერი ჩემს დასაშინებლად და დასაჩაგრად მოხდა. დაკავებიდან თითქმის მეორე წლისთავზე ისევ შემომთავაზეს ბრალის აღიარება და ქვეყნიდან დეპორტი, მაგრამ იგივე ვუთხარი, მზად ვარ, ციხეში მოვკვდე, მაგრამ ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ-მეთქი!

- ბრალის აღიარების სანაცვლოდ სამწლიან სასჯელს არ გთავაზობდნენ?

- იმ შემთხვევაში, თუ ბრალს ვაღიარებდი, სამ წელს მომისჯიდნენ, 200-ათასიან ჯარიმასა და აშშ-დან დეპორტაციას, მე კი ვითხოვ "დანაშაულის" მტკიცებულებებს, რაც დღემდე არ წარმოუდგენიათ. მოიყვანეს თავიანთი აგენტები, რომლებმაც ცრუჩვენებები მისცეს სასამართლოს.

...

- შენი ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ბრუკლინის ციხეში ჩხუბი (2018 წლის აგვის-ტოში კოლუმბიური დაჯგუფების წევრებთან კონფლიქტისას, ცივი იარაღით დაჭრეს რაჟდენ შულაია და ავთანდილ ხურციძე. - რ.შ.) სასჯელის გასამკაცრებლად დაგეგმილი პროვოკაცია იყო...

- არა მგონია, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ პროკურორებმა ჩემს წინააღმდეგ გამოიყენეს. თავად განსაჯეთ, სამართლიანია თუ არა ხუთი წლის დამატება ჩხუბისთვის, რომლის გამოც თავად საპატიმროს ადმინისტრაციამ მხოლოდ ერთი თვით სპეციალურ საკანში ჩასმით დამსაჯა? იმ ჩხუბში არავინ მომკვდარა და ჩემს მეტი, არც საავადმყოფოში წაუყვანიათ ვინმე. გავაპროტესტე კიდეც და სასამართლო თავიდან განიხილავს ჩხუბის ეპიზოდს. ლიტრზე მეტი სისხლი დავკარგე, მაგრამ ესეც ჩემს წინააღმდეგ გამოიყენეს - ხურციძე ციხეშიც დაეხმარა შულაიას, იქ დანაც იყო და სისხლის გუბეცო, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, ვისი დანა იყო და ვისი სისხლის გუბე...

- ის ხომ მართალია, რომ ჩხუბში შულაიას დასახმარებლად ჩაერთე?

- როცა კამერაში შევედი, დავინახე, რომ ერთ ქართველს თხუთმეტი ლათინოსი ეჩხუბებოდა, შულაიას ხელისგული მოჭმული ჰქონდა (ხომ გითხარით, კაციჭამიები არიან-მეთქი). დამინახეს თუ არა, ყველა ერთად დამესია.

- ორი ქართველი აღმოჩნდით თხუთმეტი კოლუმბიელის წინააღმდეგ, არავინ გეხმარებოდათ?

- ერთი მოლდაველი ბიჭი იყო, მოჭიდავე ვარო. ყურები კი ჰქონდა ხინკლის ნაოჭებივით, მაგრამ მოჭიდავე კი არა, მორბენალი ყოფილა. დანა რომ დაინახა, ერთი კი დაიძახა რუსულად, "მამაო", და ისეთი სისწრაფით გაიქცა, კინაღამ წამაქცია ჰაერის ტალღამ. ერთი თვის შემდეგ, როცა საერთო საკანში დავბრუნდი, სხვა პატიმრებმაც მოირბინეს ბოდიშებით, საშხაპეში რომ არ ვყოფილიყავით, დაგეხმარებოდითო. საშხაპეში სულ სამი განყოფილებაა და 15 კაცი ერთდროულად ბანაობდით-მეთქი? (იცინის)

...

კოლუმბიელები ჩვენზე გაცილებით ბევრი იყვნენ, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ცალი თვალი სისხლით მქონდა სავსე, ვისაც მივაწვდინე ეს ბებერი მუშტი, ფეხზე არც ერთი არ დამიტოვებია. დანის პატრონს განსაკუთრებული "პატივი ვეცი": რომ დავარტყი, დანა გაუვარდა ხელიდან და გაქცევა დააპირა, მაგრამ გრძელ კიკინაში ვწვდი და კარგად "დავამუშავე".

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია

იხილეთ ასევე: "ქურდებს ურტყამენ, ძმებოო!" - ქართველები შიშველი ხელით ჩხუბობდნენ, ისინი კი დანებს ატრიალებდნენ

იხილეთ ვიდეო