"სიგარეტისთვის მოუკიდებია და აფეთქებაც მოხდა, შედეგად გადმოვარდა და დაეცა მანქანას" - რას ჰყვებიან ადგილობრივები აფეთქების დეტალებზე? - კვირის პალიტრა

"სიგარეტისთვის მოუკიდებია და აფეთქებაც მოხდა, შედეგად გადმოვარდა და დაეცა მანქანას" - რას ჰყვებიან ადგილობრივები აფეთქების დეტალებზე?

7 აპრილს, დიღმის მასივში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რაც, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქებას მოჰყვა ნგრევაც - ჩამოინგრა ერთ-ერთი სართულის კედელი.

მომხდარის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, დაშავებულთაგან 2 პაციენტია საყურადღებო, რომლებსაც სასუნთქი გზების დამწვრობა აქვთ.

ერთ-ერთი ქალბატონის თქმით, აფეთქების ადგილზე "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები სასწრაფოზე და სამაშველო სამსახურზე ადრე მივიდნენ. ამასთან, მოსახლეობის ინფორმაციით, ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, გაქირავებული იყო, თუმცა შემთხვევის დროს იქ არავინ იმყოფებოდა.

"წინა კორპუსში ვცხოვრობთ. საზარელი ხმა გაისმა, დაიმსხვრა შუშები. ჩვენი ბინა არ დაზიანებულა, მეზობლების შუშები დაიმსხვრა. გამოვედი შემთხვევის ადგილზე და "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები უკვე ადგილზე იყვნენ. შემდეგ მოვიდა სასწრაფო და სახანძრო.

როგორც ადილობრივები ამბობენ, მესამე სართულზე გუშინ გაუქირავებია მაცხოვრებელს ბინა და იქ უკვე შესახლებულები იყვნენ ადამიანები. მეოთხე სართულიდან გამოსულა ადამიანი, სიგარეტისთვის მოუკიდები და აფეთქებაც მოხდა, შედეგად გადმოვარდა და დაეცა მანქანას, სავარაუდოდ, ამან გადაარჩინა", - განაცხადა დიღმის მასივში მცხოვრებმა.

ის მომხდარს მოქალაქეების გაუფრთხილებლობას უკავშირებს, რადგან ამბობს, რომ კომპანიის ცხელ ხაზზე ზარი კორპუსში გაზის სუნის შესახებ 11:50 საათზე შევიდა, ხოლო აფეთქება 12:15 საათზე მოხდა. მოქალაქის განმარტებით, აფეთქების დროს "ყაზტრანსგაზის" სამსახური უკვე ადგილზე იყო.

"ალბათ, უფრო მოსახლეობის გაუფრთხილებლობაა, რადგან 11:50-ზე დარეკილი ჰქონდათ და აფეთქება 12:15, 20 წუთი იყო რომ მოხდა, "ყაზტრანსგაზის" სამსახური უკვე ადგილზე იდგა.

აფეთქებიდან სადღაც 2 წუთში მე უკვე შემთხვევის ადგილზე ვიყავი, წინა კორპუსში ვცხოვრობ. 114-ის მანქანა იდგა, ჯერ არც სასწრაფო იყო მოსული და არც სახანძრო. "ყაზტრანსგაზის" თანამშრომელსაც დამწვრობა აქვს მიღებული. დროც ხომ უნდა ადგილზე მოსვლას", - აღნიშნა აფეთქების ადგილთან ახლოს მცხოვრებმა მოქალაქემ.

დიღმის მასივში საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა, რამაც კედლის ჩამონგრევა გამოიწვია. შედეგად, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 8 ადამიანი დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კომპანია "ყაზტრანსგაზმა“.

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალისტების განმარტებით, დიღის მასივში, მე-4 კვარტალის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: "სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი" - როგორია დიღმის მასივში აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა