თბილისში პაპის მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - კვირის პალიტრა

თბილისში პაპის მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, ანგარებით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ბრალდებულები გ.გ. და მ.კ. დამნაშავედ ცნო.

2017 წლის 9 აპრილს თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მისულ სამაშველო ბრიგადას ბინაში 77 წლის მამაკაცის ცხედარი დახვდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, 112-ში შეტყობინება დაკვამლიანების თაობაზე შევიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოხუცი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით იყო გარდაცვლილი, ხანძარი კი კვალის დასაფარად მიზანმიმართულად გაჩენილი.

ერთი თვის თავზე შსს-მ საზარელი მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა. კიდევ უფრო შემზარავი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მკვლელობაში ბრალდებულად გარდაცვლილის 19 წლის შვილიშვილი მარიამ კუპრეიშვილი და მისი

თანაკურსელი გიორგი გვარამია დააკავეს. სამართალდამცავები პირველივე დღიდან ამტკიცებდნენ, რომ მათ მკვლელობა ანგარების ნიადაგზე ჩაიდინეს.

"მკვლელობის მოტივი კი 200 000 დოლარის წაღებაა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ინა გუგუშვილმა პირველივე სასამართლო სხდომაზე განუცხადა. გარდაცვლილის შვილიშვილმა პირველივე ჩვენებაში აღიარა დანაშაული.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.გ. და მ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს განაჩენი და გ.გ. -ს და მ.კ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: "კაცი ძალიან აგრესიული იყო შვილების მიმართ"