"ვინ გაამწარეს და გააუბედურეს ასე?" - ქუთაისში ქალის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს? - კვირის პალიტრა

"ვინ გაამწარეს და გააუბედურეს ასე?" - ქუთაისში ქალის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს?

ადვოკატ ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, 2 დღის წინ ქუთაისში ძალოვნებმა ქალის დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს და ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ჯერჯერობით სამართალდამცავები ამ ფაქტს არ ახმაურებენ. ადვოკატი კი ირწმუნება, რომ მომხდარი რეალურია.

"ჩემთვის არის ცნობილი, რომ დანაწევრებული, ჩანთაში ჩადებული ქალის გვამი აღმოაჩინეს და როგორც ვიცი, ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, რათა დადგინდეს გენეტიკურად მისი ვინაობა. იმედია დეტალებს სამართალდამცავები დაადგენენ. ქუთაისის მთავარი სამმართველო იძიებს ამ საქმეს და ვფიქრობ, რომ სასწრაფოდ უნდა გაიხსნას ეს საშინელი ამბავი. უბედურებაა, ქალი სადისტმა დაასახიჩრა, დაანაწევრა და ეტყობა გადაადგილდებოდა კიდეც ჩანთით, რომელშიც უსულო ქალის დანაწევრებული ცხედარი ეწყო, მერე სადღაც მიაგდო მსხვერპლი და თვითონ, ალბათ, თავისუფალია. ეს ფაქტი რატომღაც არ გახმაურებულა. ვერ გამიგია, რატომ არ ხდება სასწრაფოდ გამოძიება და დეტალების გარკვევა, ჯობია ასეთი მძიმე დანაშაულები დროულად გამოავლინონ და ამას მიხედონ. რატომ დუმან? ვინ არის ეს ადამიანი, ჩემთვის უცნობია, როგორც ვიცი, მის ვინაობას ადგენენ ძალოვნები.

დანაწევრებული, უსულო გვამი - ორი დღეა ეს სიტყვები მიტრიალებს თავში. ჰყავს კი ვინმე მომკითხავი?! ვინ იცის, გახსნის ვინმე ამ საქმეს?! ვისი შვილია, ვინ გაამწარეს და გააუბედურეს ასე? ღმერთმა ქნას, დამნაშავე დროულად იპოვონ"- ამბობს ლედი ტუკვაძე.

ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავამოწმეთ, როგორც იქ განგვიმარტეს, ნაპოვნია ადამიანის ჩონჩხი, სავარაუდოდ ერთი წლის ან მეტი ხნის, ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს. სხვა მეტ დეტალზე ჯერ განმარტებებს უწყებაში არ აკეთებენ.

(სპეციალურად საიტისთვის)