"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მანუჩარ ჩხეტია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მანუჩარ ჩხეტია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 11 აპრილს დაკავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მანუჩარ ჩხეტია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო.

ზუგდიდის რაიონული მოსამართლის მანუჩარ ცაცუას განმარტებით, სასამართლომ ის ოქმები უნდა გამოიკვლიოს, რისი განხილვაც ვერ მოესწრო. მისივე ინფორმაცით, სარეზოლუციო ნაწილი 19 აპრილს გამოცხადდება.

ოქმის შემდგენი ინსპექტორ-გამომძიებელი ნიკა ნინუა დაკავებულის დაჯარიმებას ითხოვდა. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა განიხილეს საქმეში არსებული ფოტო-ვიდეო მასალები. ნიკა ნინუა ამტკიცებდა, რომ ჩხეტიამ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და შეურცხყოფა მიაყენა ზუგდიდის პოლიციის უფროსს და სამართალდამცავებს. მოსამართლემ მას ჰკითხა, სამკერდე კამერით ან ტელეფონით იღებდა თუ არა ფაქტს, რაზეც ნინუამ აღნიშნა, რომ ამის შესაძლებლობა არ მიეცა.

რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, ის არ დაეთანხმა ოქმში ასახულ ბრალდებას. ადვოკატი მირანდა გოგოხია ჩხეტიას მიერ გინების და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტების ამსახველ მტკიცებულებებს ითხოვდა.

"ინტერპრესნიუს"