"ბავშვები მე-5-6 კლასიდან არიან ქუჩაში გასული.... ასეთები იმ რისკის წინაშე არიან, რომ ზრდასრულებმა იარაღ­ად გამოიყენონ" - კვირის პალიტრა

"ბავშვები მე-5-6 კლასიდან არიან ქუჩაში გასული.... ასეთები იმ რისკის წინაშე არიან, რომ ზრდასრულებმა იარაღ­ად გამოიყენონ"

რას შეცვლის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გამკაცრება

საქართველოში მოქმედი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არასრულწლოვნებისთვის სასჯელად პატიმრობას უკიდურეს ფორმად განიხილავს, ამოსავალი წერტილი კი ბავშვის უფლებებია. კოდექსის თანახმად, საქართველოში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი 14 წელია, მანამდე კი ბავშვები პრევენციის სფეროს ნაწილია. ექსპერტ-იურისტების განმარტებით, კანონის გამკაცრება და კოდექსში პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკის დაწევა არ არის გამოსავალი, ისევე როგორც 2010 წელს ამოქმედებული მოზარდთა განრიდების მექანიზმი. კრიმინოლოგი მორის შალიკაშვილი იმ რისკებზე გვესაუბრება, რომლებიც სახელმწიფოს ამ პრობლემიდან გამომდინარე ემუქრება და მისი მოგვარების ეფექტიან გზას გვთავაზობს.

- როდესაც ლაპარაკია 14 წლამდე ასაკის ბავშვების დანაშაულზე, პირველი კითხვაა, სად არიან ოჯახი, სკოლა? განათლების მინისტრის მოადგილემ გვამცნო, რომ 2017-2018 წლებში სკოლის ატესტატი 40 000-მა ბავშვმა ვერ აიღო. გამოდის, განათლების სისტემა არ მუშაობს, არადა, ეს სისტემა ყველაზე კარგი პრევენციული საშუალებაა. სკოლა ვერ აკონტროლებს იმიტომ, რომ ბავშვების რაოდენობა კლასებში დასაშვებზე მეტია და მასწავლებელს ურჩევნია, სკოლაში არ მივიდნენ პრობლემური ბავშვები. ბევრია ისეთი ოჯახი, სადაც მშობლები დილიდან დაღამებამდე მუშაობენ ან ემიგრაციაში არიან და მათი შვილები ქუჩისა და ბებია-ბაბუის ანაბარად რჩებიან. პრობლემის განმაპირობებელი ეკონომიკური მდგომარეობაცაა. მოზარდები ოჯახისგან იღებენ მხოლოდ პირველადი მოხმარების საგნებს. ჭამის გარდა, ბავშვისთვის ბევრი რამ არის აუცილებელი - კინო, თეატრი, სპორტული აქტივობა... ამასთან, ქვეყანაში ისეთი სიღარიბეა, ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ, თავის რჩენა ხომ უნდათ? შეიძლება ითქვას, დანაშაულს თავის გადასარჩენად სჩადის. სახელმწიფო მათ სოციალურ დახმარებას ვერ აძლევს და ვერც მისცემს.

პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოს წევრი ვარ და როცა არასრულწლოვნების საქმეებს ვსწავლობ, თვალში მხვდება, რომ ბავშვები მე-5-6 კლასიდან არიან ქუჩაში გასული და მათზე არავინ ზრუნავს.

ასეთი ბავშვები არიან იმ რისკის წინაშე, რომ ზრდასრულებმა იარაღად გამოიყენონ. არწმუნებენ მათ, რომ შეიძლება დიდი ფულის შოვნა ისე, რომ დანაშაულისთვის პასუხს ვერავინ მოსთხოვს.

თუ ეს ბავშვები დახელოვნდებიან და იგრძნობენ, რომ მათ შეუძლიათ ამ გზით ცხოვრება აიწყონ, ამ საქმეს თავს არასოდეს დაანებებენ. არსებობს დიდი რისკი, რომ მოზარდთა ბანდებმა ფეხი მოიკიდონ და ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფებად მოგვევლინონ.

- ლაპარაკი იყო, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში პასუხისმგებლობის მინიმალურმა ასაკმა 12 წლამდე დაიწიოს. ეს შეაჩერებს მზარდ კრიმინალს? - 2007 წელს კოდექსი შეიცვალა და პასუხისმგებლობის ზღვარმა 12 წლამდე დაიწია, რამაც არ გაამართლა. გამოსავალი ოჯახური ტიპის სახლებია ისეთი ბავშვებისთვის, რომელთა მშობლებსაც სკოლაზე ხელი არ მიუწვდებათ. მოზარდებმა იქ უნდა მიიღონ, მინიმუმ, 9 კლასის განათლება და შემდგომ ისწავლონ ხელობა.

- განრიდების პროგრამები ამართლებს? - განრიდებას შედეგი აქვს ისეთ ბავშვებში, რომლებსაც, სოცმუშაკის გარდა, სკოლა და ოჯახიც აკონტროლებენ. ჩვენთან პრობლემური ბავშვების უმეტესობა გამოსულია კონტროლის ამ არეალიდან და ქუჩაში არიან. ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია ოჯახური ტიპის სახლები, სადაც დაახლოებით 8-10 ბავშვი იქნება. თუ ეს სერვისი არ დავნერგეთ, ხვალ-ზეგ ამ ბავშვების მიერ საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანი უფრო დიდი იქნება.

- კანონის სიმკაცრე პრევენციულ მექანიზმად არ გამოდგება? - როგორც წესი, კანონის გამკაცრება არაფრისმომცემია. ბავშვმა შეიძლება იცოდეს, რომ დანაშაულს სჩადის, მაგრამ შია და რა ქნას? სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ჩართულობის გარეშე ქუჩის ბავშვებს თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოვკეტავთ, გავუუარესებთ მდგომარეობას.

კვლევამ დაადასტურა, თუ საშუალო და დაბალი ფენის ბავშვები კონკურენციას ვერ უწევენ მაღალი ფენის ბავშვებს, კრიმინალურ ჯგუფებს ქმნიან. თუ არ მივხედეთ, ამგვარი კრიმინალური სუბკულტურული ჯგუფების წარმოქმნის წინაშე დავდგებით.

- საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს უნდა ჰქონდეს თუ არა არასრულწლოვანთა დანაშაულების სტატისტიკა? - უნდა ჰქონდეს, მაგრამ არა აქვს. მაგალითად, გერმანიაში ბავშვი 6-7 წლისაც რომ იყოს, მისი დანაშაულები აღირიცხება. ჩვენ კი, რადგან კანონს ვამკაცრებთ, ის მაინც უნდა ვიცოდეთ, ამისთვის სტატისტიკური მონაცემები თუ გვიწყობს ხელს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც 2015 წელს ამოქმედდა, საერთაშორისო სტანდარტისაა და ხშირად საქართველო იმიტომ ვერ ასრულებს, რომ ადამიანური რესურსი არა აქვს. მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც არის ეკონომიკური და ადამიანური რესურსის პრობლემა, მაგრამ იქ რაციონალურად, პრიორიტეტების მიხედვით ხდება გადანაწილება და ჩვენთანაც იგივე უნდა გაკეთდეს.