ზუგდიდში სამხარეო პოლიციასთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

ზუგდიდში სამხარეო პოლიციასთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

"დაკავებულია ერთი პირი ადმინისტრაციული წესით წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 166-ე და 173-ე მუხლებით", - განაცხადეს შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ და მის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა, სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. აქციაზე შეუძლოდ გახდა ბესიკ დგებუაძის დედა.

საქმეზე, რომელშიც დგებუაძე ფიგურირებს, გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცრუ ჩვენების მიცემის მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ძმები ბესიკ და ჯონი დგებუაძეები შსს-ს ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა 4 აპრილს დააკავეს. დგებუაძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავება სასამართლო განჩინების გარეშე მოხდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივეს დაკავებულს გირაო შეუფარდა, რაც პროკურატურამ გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით კი, ბესიკ დგებუაძე ისევ დააკავეს, რაც შეეხება ჯონი დგებუაძეს, მას 30 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

აქციას დგებუაძის ოჯახის წევრები სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ მეორე დღეა მართავენ.

"ინტერპრესნიუსი"