საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, საკუთარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებს მიწებზე დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით ნარჩენების დაწვის პროცესში სიფრთხილე გამოიჩინონ.

„გაცნობებთ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები საკუთარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, ტერიტორიის დასუფთავების მიზნით, წინა წლის მოსავლის ნარჩენებს წვავენ. ასევე ხშირად, მოქალაქეები ვეღარ ახერხებენ ვითარების გაკონტროლებას და ხანძარი მასშტაბურ ტერიტორიებზე ვრცელდება. არის შემთხვევები, როდესაც დაგვიანებით ხდება სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გამოძახება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, რათა მსგავსი შემთხვევების დროს, არ შეუქმნან საფრთხე ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს, მინდვრებსა და ტყის მასივებს“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"ინტერპრესნიუსი"