იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს - კვირის პალიტრა

იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1955 წელს დაბადებული დ. კ. და 1968 წელს დაბადებული თ. ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება (327 გრამი) – „ჰეროინი“ ამოიღეს. მეორე ბრალდებულის თ.ლ.-ს პირადი ჩხრეკისას კი პოლიციამ ზესტაფონის რაიონის სოფელ წევას ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი ამოიღო.

უწყების ცნობით, ორივე ფაქტზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.