რა თანხა შესთავაზა დავით ბაგრატიონმა ანა ბაგრატიონს სასამართლო დავის შესაწყვეტად? - კვირის პალიტრა

რა თანხა შესთავაზა დავით ბაგრატიონმა ანა ბაგრატიონს სასამართლო დავის შესაწყვეტად?

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ანას ტირილით დაურეკა და სთხოვა, შეეწყვიტა სასამართლო დავა, - ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, დავით მუხრანელი ბოლო 2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა გზით ცდილობს ანა ბაგრატიონ-გრუზინკსი სასამართლო დავის შეწყვეტაზე სხვადასხვა ფორმით დაითანხმოს, მათ შორის, თავის შეცოდების, ფულით მოსყიდვისა და მუქარის გზით.

ადვოკატის თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკს 90 000 ლარზე მეტს სთავაზობს.

"ბოლო 2 კვირის განმავლობაში ბატონი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი აქტიურად ცდილობს სხვადასხვა ფორმით დაგვიყოლიოს, რომ დავა შევწყვიტოთ და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განუხილველად დატოვებაზე, არ გავასაჩივროთ.

აღნიშნულს დავითი სხვადასხვა მეთოდით და სხვადასხვა სტრატეგიით ახდენს. თავდაპირველი მცდელობა თავის შეცოდების სტრატეგიით იყო, პროკურატურაში მისვლამდე, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ანას ტირლით დაურეკა და სთხოვა შეეწყვიტა დავა. თუმცა, დაინახა, რომ ამან არ იმუშავა, რადგან ანამ პროცესი განაგრძო. მისი შემდგომი მცდელობა იყო თანხის შემოთავაზება იმისთვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ მომხდარიყო.

ჩვენგან მიიღო პასუხი, რომ მისი ეს პრობლემა ფულზე არ იყიდებოდა და თანხით ვერ შეძლებდა ამ პრობლემის მოგვარებას. ჩვენ შევთავაზეთ, მომავალში მაინც შეეწყვიტა საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროპაში, რაც გახდებოდა მიზეზი იმისა, რომ დავა დაგვესრულებინა, თუმცა, ამასთან დაკავშირებით, ის თანხმობას არ აცხადებს“, - აღნიშნა გორელაშვილმა.

როგორც ის განმარტავს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილ მეუღლეს შვილზე ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებით დაემუქრა.

"ბოლოს, როცა დაინახა, რომ ვერც ამ მეთოდით გავა ფონს, შემოგვითვალა მუქარა, რაც დაკავშირებული იყო იმასთან, რომ თუ ერთი კვირის განმავლობაში არ შევწყვეტდით ყველა დავას, კონკრეტულ კომპრომატს გაასაჯაროებდა ანას წინააღმდეგ და ამ კომპრომატის საფუძველზე დაიწყებდა სისხლის სამართლის პროცესს ესპანეთშიც და საქართველოშიც. თითქოს, მას აქვს რაღაც მტკიცებულება, ანას მიერ პატარა გიორგიზე ძალადობის შესახებ, რაც ტყუილია. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, შესაძლოა გაგრძელდეს დამატებით შავი პიარის შემცველი ინფორმაცია, რომელიც ანას მიერ გიორგიზე ძალადობას შეეხება. ეს არის ტყუილი, რომელიც მზადდება, რომ საზოგადოებას შესთავაზონ, თუკი, დავებს არ შევწყვეტთ.

თუკი, ბატონი დავითი გვისმენს, მინდა იცოდეს, არანაირი დავის შეწყვეტას არ ვაპირებთ. მუქარასთან დაკავშირებული საუბრის აუდიოჩანაწერი არსებობს. იმ შემთხვევაში, თუკი, მოწინააღმდეგის მხრიდან ამის უარყოფა მოხდება, იძულებული ვიქნები ის გავასაჯაროვო, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ვგულისხმობ, ჩემსა და მუხრანელის უფლებადამცველს შორის შემდგარი საუბრის ვიდეოჩანაწერს, რომელმაც თავისი კლიენტის პოზიცია გადმოგვცა", - განაცხადა გორელაშვილმა.

იხილეთ ასევე: "დავით ბაგრატიონი ღერებით ყიდულობდა სიგარეტს - ფული ქორწინების შემდეგ ტიტულების გაყიდვით იშოვა"