"ჩანაწერებში ჩანს, ძირს დაცემულსა და დაჭრილს როგორ ურტყამენ წიხლებს... 9 ჭრილობიდან 4 სასიკვდილო იყო, ერთი კაცი ამას ვერ შეძლებდა" - კვირის პალიტრა

"ჩანაწერებში ჩანს, ძირს დაცემულსა და დაჭრილს როგორ ურტყამენ წიხლებს... 9 ჭრილობიდან 4 სასიკვდილო იყო, ერთი კაცი ამას ვერ შეძლებდა"

"თვითმხილველების თქმით, კონფლიქტი იმის გამო დაიწყო, რომ საფაროვი რუსულად ლაპარაკობდა და კიდევ იმიტომაც, რომ ებრაელი იყო. ეს მკვლელობა სიძულვილით არის მოტივირებული"

2018 წლის 30 სექტემბერს პუშკინის ქუჩაზე, ბარ "ვარშავის" მიმდებარე ტერიტორიაზე, 25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი მოკლეს. მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს, გიორგი სოხაძესა და ავთანდილ კანდელაკიშვილს, ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად, ეროვნული შეუწყნარებლობის გამო, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ. კონფლიქტში მონაწილე მესამე პირი არასრულწლოვანია, მან გამოძიებასთან ითანამშრომლა და მოწმის სტატუსით სარგებლობს. როგორც "ჩართულობის და განვითარების ცენტრის" (რომლის თანამშრომელიც საფაროვი იყო) წარმომადგენლები და საფაროვის ახლობლები აცხადებენ, მოწმეთა ჩვენებები და ბრალდებულების პროფილები სოციალურ ქსელში ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ისინი ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან.

ბარში კონფლიქტი უფლებადამცველსა და უცხო პირებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრალდებულები საფაროვის რუსულად ლაპარაკმა გააღიზიანა. მალე კონფლიქტი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რასაც საფაროვი ემსხვერპლა. მისი ცხედარი დიუმას ქუჩაზე აღმოაჩინეს. ამოღებულ ჩანაწერებში ის პირები ფიგურირებენ, რომლებიც ახლა განსასჯელის სკამზე სხედან. გამოძიებას მოპოვებული აქვს მკვლელობის იარაღიც - დანა.

ეკა ქობესაშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი: - გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ჩვენ დანაშაულის ჯგუფურ და სიძულვილით მოტივირებულ მკვლელობაზე გადაკვალიფიცირებას ვითხოვდით, მაგრამ პროკურატურამ გვიპასუხა, რომ მტკიცებულებები არ იძლეოდა ამის საშუალებას. შემდეგ ჩვენ ვესაუბრეთ ბარის თანამშრომლებს, თვითმხილველებს, შევაჯამეთ და წარვადგინეთ მტკიცებულებები. პროკურატურას 6 თვე დასჭირდა მუხლის გადაკვალიფიცირებისთვის, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდა. დასკვნის თანახმად, ჭრილობები მიყენებულია იმავე ტიპის მეორე დანით.

- მოწმეთა ჩვენებების გარდა, რა გაძლევთ იმის მტკიცების საფუძველს, რომ მათ ჩაიდინეს მკვლელობა? - გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, ამოღებულია დნმ-ის ნიმუშები, ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს, როგორ იწყება კონფლიქტი, როგორ უსწორდებიან საფაროვს, ძირს დაცემულსა და დაჭრილს წიხლებს ურტყამენ და შემდეგ გარბიან.

ბარის თანამშრომლები ამბობენ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მათ არაერთხელ დაურეკავთ პოლიციაში კანდელაკიშვილისა და სოხაძის საქციელის გამო. ადმინისტრაცია მათ ბარში არ უშვებდა. ასევე იქცეოდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბარების მეპატრონეებიც. ბრალდებულები ბარის გარეთ დგებოდნენ და ისე გამოხატავდნენ აგრესიას უცხოელი ტურისტების მიმართ. ავრცელებდნენ მოწოდებებს, რომ გაუსწორდებოდნენ ყველა უცხოელს, საქართველო ქართველებისაა და ა.შ. ისინი თავს ნეონაცისტებს უწოდებდნენ. ინტერნეტით გავრცელდა კიდეც მათი ტატუები, სიმბოლოები და მოწოდებები.

თვითმხილველების თქმით, კონფლიქტი იმის გამო დაიწყო, რომ საფაროვი რუსულად ლაპარაკობდა და კიდევ იმიტომაც, რომ ებრაელი იყო. ეს მკვლელობა სიძულვილით არის მოტივირებული.

ეს საქმე ქართული მართლმსაჯულებისთვის გამოწვევაა, მსგავსი პრეცედენტი არასოდეს შექმნილა და იმედია, სასამართლო ობიექტური იქნება.

გიორგი მარჯანიშვილი, "ჩართულობისა და განვითარების ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი: - მე და ვიტალი 6 წლის განმავლობაში ერთ ორგანიზაციაში ვმუშაობდით. ის ახალგაზრდულ ბანაკებში მუშაობდა, აქტიურობდა ებრაულ თემში და იყო იმ საერთაშორისო ქსელის წევრი, რომელიც ფაშიზმსა და რასობრივ დისკრიმინაციას ებრძოდა. ჩვენი მეგობარი იმას შეეწირა, რისთვისაც იღვწოდა.

მე ამ საქმეში მოწმის სტატუსით ვსარგებლობ. ვიტალიმ რომ თქვა, ებრაელი ვარო, თავდამსხმელების აგრესია ამანაც გამოიწვია. როცა ამ ორი პირის აგრესიულობაზე ბარის მეპატრონეები ჩიოდნენ, პოლიციას არც ერთი ოქმი არ შეუდგენია, რეაგირება არ ყოფილა. ბიჭებს მხოლოდ გაესაუბრებოდნენ და ბარის მეპატრონეებს ჰპირდებოდნენ, აღარ შეგაწუხებენო, ისინი კი კვლავ იმ ტერიტორიაზე ტრიალებდნენ, სვამდნენ ალკოჰოლს და ვინც მოსაწევად გარეთ გადიოდა, ყველას ავიწროებდნენ.

ერთ-ერთი ბარის მეპატრონეს გადატეხილი ბოთლი მიადვეს ყელზე და უთხრეს, რომ ერთ დღესაც მოკლავდნენ იმის გამო, რომ არ არის ქართველი და აქ ცხოვრების უფლება არა აქვს. ასეთები შავი თავსაბურავებითა და შავი სამოსით დადიან, ზოგიერთი სახეს ნიღბით იფარავს.

- თუ იცით, ვინ დგას მათ უკან? - როგორც ამბობენ, ნეონაცისტურ და ულტრამემარჯვენე ჯგუფებს რუსეთი აფინანსებს. დაჯგუფებების წევრებს სოცქსელებში აქვთ დაფარული და ღია ჯგუფები, სადაც წერენ ძალადობაზე, ფაშისტურ სიმბოლიკაზე და მოსახლეობას მავნე ქმედებისკენ მოუწოდებენ. ისინი 2-3 წელია, გამოჩნდნენ.

- რამდენი ჭრილობა ჰქონდა გარდაცვლილს? - 9, მათ შორის 4 სასიკვდილო, სხეულის ორივე მხარეს. ერთი კაცი ამას ვერ შეძლებდა. ეს არის ჯგუფური დანაშაული, სადაც ორი იდენტური დანა გამოიყენეს.

ზურაბ ბეგიაშვილი, კანდელაკიშვილის ადვოკატი: "ვიღაცას სხეულზე სვასტიკა ან სხვა რაიმე სიმბოლიკა თუ ახატია, ეს არაფერს ადასტურებს. კანდელაკიშვილი არ არის ნაცისტური ორგანიზაციის წევრი და მით უმეტეს, არც ნაცისტური ნიშნით მოქმედებდა. ეს აბსურდული ბრალდებაა. ჩემი დაცვის პირი უდანაშაულოა, პროკურატურამ არაერთგზის დაჰკითხა ერთი და იგივე მოწმეები, რომლებმაც რამდენჯერმე განსხვავებული ჩვენებები მისცეს".

ლევან ბუაძე, გიორგი სოხაძის ადვოკატი: "სოხაძე ჩხუბში მონაწილეობდა, თუმცა არც საფაროვი მოუკლავს და არც ის დაუნახავს, ვინ გამოიყენა ცივი იარაღი. თავდაპირველად ისიც არ დაიჯერა, რომ საფაროვი გარდაიცვალა".