გამაოგნებელი ტრაგედია, რომლის ახსნაც ყველას უჭირს - კვირის პალიტრა

გამაოგნებელი ტრაგედია, რომლის ახსნაც ყველას უჭირს

"უჭირთ, მაგრამ ისე არა, რომ საჭმლის გამო ბავშვს თავი მოეკლა"

მარტვილში, საელიაოში, მეცხრე კლასის მოსწავლე შალვა (შაკო) ნაჭყებია თავის ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს. შინ დაბრუნებულმა უმცროსმა ძმამ შაკოს რამდენჯერმე დაუძახა, პასუხი რომ არ მიიღო, სახლის უკან, ეზოში გავიდა და 12 წლის მოზარდი შოკის მომგვრელი ფაქტის თვითმხილველი გახდა... ამ დრომდე არავინ იცის, რატომ მივიდა ბიჭი ამ მდგომარეობამდე.

ოჯახი სოციალურად დაუცველია. ბიჭები უდედოდ გაიზარდნენ, პატარებს ბებია უვლიდა, ბებია რომ გარდაიცვალა, შემდეგ მამა ზრდიდა. მეზობლები ამბობენ, რომ სოციალური დახმარება და მამის გამომუშავებული ფული იყო ოჯახის შემოსავალი.

იმ დღეს შაკოს სკოლაში მამამ მიაკითხა. კლასის დამრიგებელს და სკოლის დირექტორს სთხოვა, ბავშვი გაკვეთილებიდან გაეთავისუფლებინათ, რადგან აცრის გასაკეთებლად უნდა წაეყვანა.

მამუკა თვალაძე, სკოლის დირექტორი:

- მამას სულ სუფთად ჩაცმული, მოწესრიგებული ჰყავდა ბავშვები. ძალიან უჭირთ და ჩვენც ვეხმარებოდით. შაკო უნიჭიერესი ბავშვი იყო, სხარტი აზროვნების. მესამე კლასიდან მამამ სალხინოში, წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის საპატრიარქოს სკოლაში წაიყვანა ორივე შვილი. მეშვიდე კლასში ისევ ჩვენთან გადმოვიდა. საპატრიარქოს სკოლაში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დადიოდნენ, მაგრამ მამა ამბობდა, რომ უნდოდა შვილები გვერდით ჰყოლოდა. არასოდეს შემიმჩნევია მათ შორის დაძაბული ურთიერთობა.

იმ დღეს კლასის ხელმძღვანელს უთხრა, აცრაზე მიმყავსო, თუმცა იმ დღეს არ მიუყვანია, როგორც გავიგე, შინ დარჩენია ბავშვის დაბადების მოწმობა, საბუთი კი აუცილებლად სჭირდებოდა. ბავშვი სახლში გაუშვა და მეორე ძმა რომ მივიდა სკოლიდან, ჩამომხრჩვალი იპოვა. მამა განადგურებულია, მარტოხელამ გაზარდა შვილები.

სიღატაკემ მიიყვანა ბავშვი ამ მდგომარეობამდეო, ამის თქმა არ შეიძლება. ერთ-ერთ ტელესიუჟეტში ითქვა, თითქოს ვალი ჰქონდა ბუფეტში და კიდევ კონტექსტიდან ამოღებული ჩემი სიტყვები ატრიალეს, სადაც ვამბობ, ერთ ფუნთუშას იყოფდნენ ძმები-მეთქი, ამით ხაზი გავუსვი მის გულკეთილობას. რაც შეეხება ბუფეტში ვალს, 2 ლარზეა ლაპარაკი. მამას გაფრთხილებული ჰყავდა მებუფეტე, ბიჭები რასაც გთხოვენ, მიეცი, ვალს თვის ბოლოს გადავიხდიო.

ადგილობრივების ნაწილის ინფორმაციით, შაკო პატარაობისას ძალადობის მსხვერპლი იყო. ძმები ბაღსა და დაწყებით კლასებში დალურჯებული ხშირად უნახავთ მასწავლებლებს, თუმცა ამაზე ინფორმაცია არც სოციალურ სამსახურს ჰქონია და არც პოლიციას.

ადგილობრივი მცხოვრები: "მამამისი ხან მტვირთავად მუშაობდა, ხან ქვის საამქროში, რომ შვილები ერჩინა. დალხენილი ცხოვრება არ ჰქონიათ, მაგრამ შიმშილის გამო ეს ამბავი არ მოხდებოდა.

მამამისს ცოლი არც არასოდეს ჰყოლია აქ. ამბობენ, ის ადამიანის დაჭრის გამო იხდიდა სასჯელსო, მერე ითქვა, ნარკოტიკებზე იჯდაო. როგორც ვიცი, ციხიდან გამოსულია, მაგრამ შვილებთან არ მოსულა, თურქეთში წასულა და იქ დაუჭერიათ. დედაზე ბავშვები არასოდეს ლაპარაკობდნენ".

ნაჭყებიების მეზობელი: - როცა გელას ვეკითხებოდით, სად იყო მისი ცოლი, გვეუბნებოდა, არ მიხსენოთო. უჭირთ, მაგრამ ისე არა, რომ საჭმლის გამო ბავშვს თავი მოეკლა.

მეზობლის სახლში მისულა, თანაკლასელია ის ბავშვი, ქართულის წიგნი გამოურთმევია, მეზობელი თურმე პურს აცხობდა და მიუპატიჟებია, მაგრამ უარი უთქვამს და წასულა. ამის მერე დატრიალდა ტრაგედია. მაგიდაზე გადაშლილი წიგნი დაუტოვებია. ყველა ელოდებოდა, წერილი მაინც ექნებოდა დატოვებული, ვეძებეთ, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ. ძმა ამბობს, თითები სისხლიანი ჰქონდაო, შეიძლება რომ ჩამოიკიდა თავი, ამის მერე სცადა თავის გათავისუფლება, რადგან კისერზეც აქვს ნაფხაჭნი...

ჩვენ იმ სკოლის თანამშრომელსაც ვესაუბრეთ, სადაც შაკო ადრე სწავლობდა: - მესამე კლასში იყო, რომ მოიყვანეს. ხშირად მოდიოდა დალურჯებული, ყოფილა შემთხვევა, ძიძას აუწევია მაისური და სისხლჩაქცევები უნახავს მის სხეულზე, მაგრამ არ ამბობდა, რომ სცემეს. ყოველ პარასკევს ტაქსით მოაკითხავდა მამამისი, ბავშვების სწავლა-განათლების ამბავს გამოიკითხავდა და ორივე ძმა მიჰყავდა. მეუფე პეტრე დიდ პატივს სცემდა, ეცოდებოდა ეს ოჯახი და ეხმარებოდა, ქათმებიც კი უყიდეს.

ხათუნა ფირცხალავა, კლასის დამრიგებელი: - მასთან ფსიქოლოგის დახმარება არასოდეს დამჭირვებია, იუმორიც ჰქონდა, მშვიდი და გაწონასწორებული ბავშვი იყო, გულჩათხრობილიც არ ყოფილა. ფეხბურთზეც დადიოდა. რა მოხდა, არ ვიცი.

- იქნებ მობილურზე დაურეკა ვინმემ, რაიმე პრობლემა ჰქონდა? - მობილური არ ჰქონდა.

- ძალადობას გამორიცხავთ? - ასეთი რამ მსმენია, მაგრამ მე არასოდეს მინახავს ნაცემი. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბულინგის მსხვერპლიც არ იყო.

- პოლიციასთან პრობლემები ხომ არ ჰქონდა? - წელიწად-ნახევრის წინ, რაღაც პრობლემა ჰქონდა, მაგრამ სერიოზული არაფერი. მაშინ 12 წლის იყო, იმის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. გოგონები ამბობენ, არასოდეს მისგან წყენა არ გვახსოვსო.