"ლევან ჯიბღაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულია კოკაინი და ე.წ. კლუბური ნარკოტიკი" - კვირის პალიტრა

"ლევან ჯიბღაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულია კოკაინი და ე.წ. კლუბური ნარკოტიკი"

0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი, ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილის ჩხრეკისას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ნარკოდანაშაულზე ბრალდებული მსახიობისა და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გადაწყვიტა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება.

"ვინაიდან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა სახეობის და რა ოდენობის ნარკოტიკი იქნა ჩხრეკის შედეგად ამოღებული.

როცა საუბარია დიდ ოდენობაზე, ეს არის სამართლის ენა. ეს დიდი ოდენობა სულ, 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი ე.წ. კლუბური ნარკოტიკია. ეს არის სულ ის ნარკოტიკული საშუალებები და ნივთიერება, რაც ამოღებული იქნა ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად", - განაცხადა გიგუაშვილმა.

იხილეთ ასევე: "ჯიბღაშვილი, რომელიც ყვიროდა კალაძეს დაურეკეთო, უამრავი ნარკოტიკით დაიჭირეს და გარეთ უშვებენ. ჩემს შვილს ორ თუ სამ "ფრუკოსზე" 8 წელი მისცეს"

"ინტერპრესნიუსი"