თურქეთი დიდი "ქურდული სხადნიაკის" მოლოდინში - ვინ "დაიწუნა" "ბოსების ბოსმა"? - კვირის პალიტრა

თურქეთი დიდი "ქურდული სხადნიაკის" მოლოდინში - ვინ "დაიწუნა" "ბოსების ბოსმა"?

თურქეთში რამდენიმე დღეში კრიმინალურ სამყაროში ყველაზე დიდი "სხადნიაკისთვის" ემზადებიან. როგორც ამბობენ, ამ დროისთვის თურქეთში დაახლოებით 40 ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია. შეკრებაზე მთავარი თემა ახტამ იაკუბოვის, იგივე ახტამ "სამარყანდსკის" "მონათვლა" იქნება. როგორც რუსული მედია წერს, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები საბოლოოდ მივიდნენ ერთ დასკვნამდე - "სამარყანდსკის" ადგილი "ქურდების ოჯახში" არ არის.

"სხადნიაკის" მთავარი წარმომადგენლები იქნებიან როგორც თურქეთში მყოფი "კრიმინალური ავტორიტეტები", ასევე კრიმინალური სამყაროს "გენერლები" რუსეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

შეკრებაზე ელოდებიან ქართველ "კანონიერ ქურდებსაც". ასევე იქნებიან ის "კანონიერი ქურდებიც", რომლებიც 2015 წლის ყველაზე დიდ კრიმინალურ შეკრებას ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ ეს შეკრება სომხეთში გაიმართა. სწორედ ამ შეკრებაზე გადაწყდა, რომ დროებით უნდა შემწყდარიყო ახალი "მონათვლების" სერია, რადგან "ქურდულ ოჯახში" ისეთი პირი არ მოხვედრილიყო, რომელიც კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა აზრით, ამას არ იმსახურებდა.

დიდ შეკრებაზე, 2015 წელს ახტამ "სამარყანდსკის", იგივე "აკტამას" "მონათვლის" ინიციატორებს - დათო "სურგუტსკის", იგივე დავით ჩხიკვიშვილს და თეიმურაზ ნემსიწვერიძეს, იგივე "წრიპას" "შეცდომების" გამოსწორების დრო მისცეს. როგორც ცნობილია, მაშინ, როცა შაქრო კალაშოვის თვალში "აკტანას" კანდიდატურამ "ასაკობრივი ცენზი" ვერ გაიარა, ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად კიდევ სხვა 8 "კრიმინალური ავტორიტეტი" დათანხმდა "სამარყანდსკის" "ნათლობას".

საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, დათო "სურგუტსკი" და "წრიპა" ქართველი "კანონიერი ქურდის" მერაბ ჯანგველაძის სახელით აპელირებდნენ. primecrime-ს ინფორმაციით, ჯანგველაძემ სცადა თავად გაერკვია იყო თუ არა "სამარყანდსკი" "ქურდული ოჯახის" წევრობის ღირსი. ის დაელაპარაკა კაზბეკ დუკუზოვს, რომელიც არაბი ბიზნესმენების თავდასხმის გამო დააკავეს და სასჯელს სწორედ იმ კოლონიაში იხდიდა, სადაც "აკტანა" იყო.

როგორც აღმოჩნდა, ჯანგველაძესთან საუბარში დუკუზოვმა კარგად არ შეაფასა "აკტანას" ქმედებები.

ჯანგველაძემ გაარკვია რატომ იყო დაკავებული ახტამ სამარყანდსკი. როგორც აღმოჩნდა, ის სუტენიორობდა და ამ სფეროს წარმომადგენლებთან დაპირისპირება მოუვიდა. საბოლოო ჯამში, ჯანგველაძემ გადაწყვიტა, რომ ახტამი არ არის ღირსი "ქურდული ოჯახის" წევრი იყოს, მან ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ დახმარებაზე უარი უთხრა "სურგუტსკის" და "წრიპას". სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც თურქეთში მოსალოდნელ "დიდ შეკრებაზე" ისაუბრებენ. (წყარო)

იხილეთ ასევე: პუტინმა ე.წ. კანონიერ ქურდებს ომი გამოუცხადა - რა ემუქრებათ "კრიმინალურ ავტორიტეტებს"

მოამზადა ნიკა გულუამ