"ვუთხარი ადვოკატს, თუ ჩემთვის გირაოს შეფარდება ერთადერთი შემთხვევაა და მსგავსი პრაქტიკა საქართველოში არ ყოფილა, მაშინ ჩემი ფეხით წავალ ისევ ციხეში" - კვირის პალიტრა

"ვუთხარი ადვოკატს, თუ ჩემთვის გირაოს შეფარდება ერთადერთი შემთხვევაა და მსგავსი პრაქტიკა საქართველოში არ ყოფილა, მაშინ ჩემი ფეხით წავალ ისევ ციხეში"

მსახიობისა და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის განცხადებით, მის საქმეზე არსებული ნეგატიური განწყობების გაცნობის შემდეგ, ეგონა, რომ მსგავს დანაშაულზე გირაო მხოლოდ მასთან მიმართებაში გამოიყენეს და ამიტომ მზად იყო, საპატრიმროში დაბრუნებულიყო. როგორც მან "პალიტრანიუსის"გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, ეს განცდა ინტერნეტში არსებული ემოციების გამო გაუჩნდა.

"როცა გამოვედი, ყველამ მითხრა, ინტერნეტში არ შეხვიდეო. რა თქმა უნდა შევედი - აკრძალული ვაშლის ამბავში. იმდენად დიდი ნეგატივი, ცუდი ემოციები, სიბოროტე, ღვარძლი დამხვდა, რომ დამთრგუნა ამ ყველაფერმა. ყველგან ეწერა - ეს რატომ უნდა იყოს გარეთ, შერჩევითი სამართალი და ა.შ. მე ვუთხარი ჩემს ადვოკატს - თუ ეს ხალხი რასაც იძახის, მე თუ ერთადერთი ექსკლუზიური შემთხვევა და მოვლენა ვარ, რომ მე შემიფარდეს გირაო და მსგავსი პრაქტიკა საქართველოში არავისზე არ გავრცელებულა, მაშინ არ მინდა გარეთ ყოფნა, ჩემი ფეხით წავალ ისევ ციხეში. მაგრამ მითხრა ადვოკატმა - ლევან, შენი მუხლით კი არა, შენზე ბევრად მძიმე მუხლებითაც ადამიანებზე გაფორმებულა საპროცესო გარიგება და გირაო", - განაცხადა ლევან ჯიბღაშვილმა.

ამასთან, მსახიობი მტკნარ სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ავტომანქანაზე ოპერატიული სამსახურის ნომრები აქვს და მას არ აჩერებენ. რაც შეეხება მისი ერთ-ერთი კომპანიის "სუსი"-ს დასახელებას, ჯიბღაშვილი ამას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელწოდებასთან დამთხვევას უწოდებს და მისი შპს-ს აბრევიატურასაც განმარტავს.

"უბრალოდ დამთხვევა ჩემი კომპანიის დასახელებაც. შეიძლება ადამიანს ყველაფერი დააბრალო, მაგრამ ეს ხომ არ შეიძლება სიმართლე იყოს. ეს შპს იშიფრება როიგორც "სულიერება და სიბრძნე". ის უნდა ყოფილიყო საქველმოქმედო ორგანიზაცია, მაგრამ ახლა ის გაყინულია. რეგისტრაციის შემდეგ მასზე არავითარი აქტივობა არ ფიქსირდება", - აღნიშნა ჯიბღაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო