10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანხმლები ქალი, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან, დააკავეს - კვირის პალიტრა

10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანხმლები ქალი, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან, დააკავეს

10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანხმლები ქალი, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან, დააკავეს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ქალი ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში "ლჯ და კომპანია" ბავშვების დროზე ადრე გაყვანას ხელწერილით ცდილობდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

რაც შეეხება ბავშვებს, არსებული ინფორმაციით, ოთხი ბავშვი გადმოყვანილია თბილისში, სოციალურ თავშესაფარში, ოთხი - ქუთაისში, ორი ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი ქალის და 10 ბავშვის ზუგდიდში ყოფნის შესახებ საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო, რაც ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ამის მიზეზი ბავშვების საკვებით ინტოქსიკაცია იყო.

ამასთან, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. შსს-ს ინფორმაციით, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი.

"შს სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, 10-ვე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან", - აცხადებენ შსს-ში.

"ინტერპრესნიუსი"