მფარველობენ თუ არა ლევან ჯიბღაშვილს მაღალჩინოსნები?! - კვირის პალიტრა

მფარველობენ თუ არა ლევან ჯიბღაშვილს მაღალჩინოსნები?!

ლევან ჯიბღაშვილი: "რაც შეეხება იმას, რომ კახასთან დარეკვას ვითხოვდი..."

დიდი ხმაური მოჰყვა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის 10.000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას - საზოგადოების ერთი ნაწილი და იურისტები შერჩევით სამართალზე ლაპარაკობენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებისას მსახიობი პოლიციას სთხოვდა, კახასთან დამარეკვინეთო. ჟურნალისტებმა ჯერ ეს კახა კალაძის სახელს დაუკავშირეს, შემდეგ კი სოციალურ ქსელში შს მინისტრის მოდგილესთან კახა საბანაძესთან გადაღებული ფოტო გამოჩნდა. ეჭვი იმანაც გააჩინა, რომ პროკურატურას სასამართლო პროცესზეც არ გაუმახვილებია ყურადღება ნარკოტიკის ოდენობაზე და არც პატიმრობა მოუთხოვია. არადა, თავიდან ითქვა, რომ მსახიობი მცხეთის ტერიტორიაზე დააკავეს, მისი მანქანიდან კი დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. ყოველივე ამის შემდეგ პროკურატურამ სპეციალური განცხადება გაავრცელა: "...როდესაც პირს წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის 1, 2 ან 3 ნაწილით, არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სახეზე არ არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი, პროკურატურა, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. აღნიშნული პრაქტიკა პროკურატურის მიერ გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული პირი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას და გასაღებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 4, 5 ან 6 ნაწილს, როდესაც საქმეში მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი ან პირს აღმოაჩნდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, პროკურატურა სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით", - ნათქვამია განცხადებაში და იქვე განმარტავენ, რომ დაკავებულისგან ამოღებულია 0,5659 გ კოკაინი და 0,1921გ "ექსტაზი" (მდმ).

მირიან ნიკოლაძე, ადვოკატი:

- ვეთანხმები საზოგადოების დიდი ნაწილის მოსაზრებას, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია. როგორც ადვოკატს, არაერთი შემთხვევა მქონია, როცა უფრო ნაკლები დანაშაულისთვისაც დაუკავებიათ ადამიანი. ლევან ჯიბღაშვილის მსგავს ბრალდებაზე სხვებს ორთვიან პატიმრობას უსჯიან. სწორედ ეს არის შერჩევითი სამართალი. პროკურატურამ ამხელა ბრალდებით დაკავებულის გირაოთი გათავისუფლება რომ მოითხოვა, ეს არის საყურადღებო, თორემ სასამართლომ რომ გირაოთი გამოუშვა, გასაკვირი არ არის.

როგორც ამბობენ, მინისტრის მოადგილესთან მეგობრობამ უშველა ჯიბღაშვილს. თქვენ ეს გიკვირთ? სისხლის სამართლის ადვოკატებს ჰკითხეთ, რამდენი კაცი ჰყავთ ამ მუხლით ციხეში გამოკეტილი. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ამით პრეცედენტი შეიქმნება და სხვებსაც გირაოთი გამოუშვებენ. საინტერესოა, ჯიბღაშვილმა ვისგან იყიდა ნარკოტიკი? მხოლოდ გავლენიანებს ეხება შეღავათი, ასეთია ჩვენი მწარე რეალობა.

ამირან გიგუაშვილი, ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატი: "ლევანს ფოტოები მრავლად აქვს გადაღებული მოქმედ თუ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მას ტელეფონი ჩამოართვეს და ამიტომ ითხოვდა ადვოკატებთან, კახა ასლანიშვილსა და ჩემთან დარეკვას. თანამდებობის პირი, სახელად ამირანი, ეტყობა, ვერავინ იპოვეს ხელისუფლებაში, სამაგიეროდ, კახა საბანაძესთან გადაღებული ფოტო ნახეს და= დაიწყო სპეკულაციები. ნაცნობობა და მეგობრობა არ არის დანაშაული. პროკურატურისა და სასამართლოს პრეროგატივა იყო და გადაწყდა, გამოძიების დასრულებამდე ჯიბღაშვილი გირაოთი გამოეშვათ. ლევანმა თავიდანვე აღიარა, რომ მანქანიდან ამოღებული საეჭვო ნივთიერება და ჩანთა მას ეკუთვნოდა. არ მინდა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც განსაკუთრებული არაფერი დაუშავებია, ამ ერთი შეცდომის გამო, რისთვისაც ბოდიშიც მოიხადა, საზოგადოების ერთი ნაწილის დამოკიდებულების გამო გახდეს მსხვერპლი. შესაძლოა ამ აჟიოტაჟის გამო, იმის შიშით, ხალხი რას იტყვისო, საქმის არსებითი განხილვისას მას შეღავათი აღარ გაუწიონ. ჩვენს თითოეულ სიტყვას, კომენტარს, განსაკუთრებით მასმედიის პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამაზეა დამოკიდებული, აღმოჩნდება თუ არა ლევან ჯიბღაშვილი ხვალ გისოსებს მიღმა. იმედია, სასამართლო და პროკურატურა საქმის არსებითი განხილვის დროს შეინარჩუნებენ ობიექტურობას. საქმეში არ არის ლაპარაკი მუჭებით ნარკოტიკზე, ლევანს ნახევარი გრამი და 2 ნატეხი კლუბური ნარკოტიკი აღმოუჩინეს.

- მან თქვა, ვისგან შეიძინა ნარკოტიკი? - კონკრეტიზაცია, რომელსაც თქვენ და საზოგადოება ითხოვთ, აბსოლუტურად შეუსაბამოა ლევანის ინტერესებისთვის. მას სამართლებრივად არ უნდა დავუმძიმოთ მდგომარეობა, დღე-დღეზე შვილს ელოდება და უარყოფითი ემოციებით არ უნდა დავტვირთოთ.

ლევან ჯიბღაშვილი: - ვერ გადმოგცემთ იმ განცდას, რაც იმ სამი დღის განმავლობაში გავიარე. თითოეულმა თუნდაც წუთით წარმოიდგინოს თავი ჩემს ადგილას და დარწმუნებული ვარ, აღარ გაიხუმრებს ამაზე და არც რაღაცების შეთხზვას დაიწყებს. წერდნენ, რატომ უნდა იყოს გარეთო, შერჩევითი სამართალიო... მე არა ვარ პირველი, ვისაც გირაო შეუფარდეს. რაც შეეხება იმას, რომ კახასთან დარეკვას ვითხოვდი, ერთადერთი ვისაც არ ვიცნობ, არის კალაძე. მე ჩემს ადვოკატებთან, კახასა და ამირანთან დაკავშირებას ვითხოვდი.

ნახევარ საქართველოს ვიცნობ და ნახევარ საქართველოსთან მაქვს გადაღებული ფოტო, მაგრამ არასოდეს მისარგებლია პირადი კონტაქტებით. ყველაფერი ვაღიარე და გამოძიებასთან ვთანამშრომლობ. სხვა ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავახმაურებ.