"სად არის კიდევ ერთი პატარა?" - ბავშვებით ვაჭრობის საქმე - კვირის პალიტრა

"სად არის კიდევ ერთი პატარა?" - ბავშვებით ვაჭრობის საქმე

გამოძიებით დასტურდება, რომ ბრალდებულს ათივე მცირეწლოვნის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანა სურდა...

37 წლის უკრაინელი იულია სუსლიაკი ქართველმა სამართალდამცავებმა 25 აპრილს უმძიმესი ბრალდებით დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს - მას ტრეფიკინგში ადანაშაულებენ. პოლიცია ბავშვების ბედით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ათი პატარა კვებითი ინტოქსიკაციით ზუგდიდის საავადმყოფოში აღმოჩნდა. ქალი აცხადებდა, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია. იულია სუსლიაკი თბილისის აეროპორტში მოსკოვი-თბილისის რეისით 8 აპრილს ჩამოფრინდა. გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. დასტურდება, რომ ბრალდებულს ათივე მცირეწლოვნის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანა სურდა. ბავშვები კლინიკაში რომ არ მოხვედრილიყვნენ, შეიძლება დღეს აფხაზეთში ყოფილიყვნენ და არავინ იცის, რა ბედი ელოდათ.

"სად არის კიდევ ერთი პატარა?"

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძე ირწმუნება, რომ ბავშვებმა მათი ყურადღება საზღვრის გადმოკვეთისთანავე მიიპყრეს:

- ოჯახმა ჩამოსვლისთანავე მიიპყრო ქართველი სამართალდამცველების ყურადღება, კერძოდ, იმ გარემოებამ, რომ ბავშვების ასაკი საეჭვოდ ემთხვეოდა ერთმანეთს. ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული, ხოლო სამი მცირეწლოვანი - 2018 წელს. ქალბატონს მუდმივად აკვირდებოდა პოლიცია და აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვებს არასათანადოდ ექცეოდა. მათ ჰქონდათ ტანსაცმლისა და საკვების პრობლემა, რის გამოც საავადმყოფოში მოხვდნენ. ამოვიღეთ როგორც ბრალდებულის, ისე არასრულწლოვანთა პასპორტები. არსებობს ეჭვი, რომ დოკუმენტები ყალბია. ერთ-ერთი ბავშვი ამბობს, რომ ქალი მისი დედა არ არის. გამოძიების პროცესში დავკითხეთ არაერთი მოწმე, რომლებიც საეჭვო გარემოებებზე მიუთითებენ. ავიღეთ როგორც ბავშვების, ისე ბრალდებულის დნმ-ი და მიმდინარეობს კვლევა, რათა დადგინდეს მათი ნათესაური კავშირი...

დაკავებულის განზრახვა გამოვლინდა მისი ჩვენებითაც, თუმცა ის ვერ ასაბუთებს, რა მიზნით მიდიოდა აფხაზეთში. იქ არ აქვს საცხოვრებელი, ფინანსური რესურსები, სამსახური და რატომ გადაწყვიტა აფხაზეთში ცხოვრება, პასუხს ვერ გვცემს. არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ ადგილი აქვს ბავშვებით ვაჭრობას, ტრეფიკინგს, რაზეც აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება.

საეჭვოა ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც - სად არის კიდევ ერთი პატარა? უკრაინული მხარე ადასტურებს, რომ ქალმა რუსეთის ფედერაციის საზღვარი 11 ბავშვით გადაკვეთა, საქართველოში კი 10 მცირეწლოვანი ჩამოიყვანა... ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან. ინტერპოლით ვცდილობთ, რუსეთის ფედერაციისგან მივიღოთ ინფორმაცია იმ ბავშვის შესახებ, რომელიც აქამდე არ ჩანს. არ ვიცით, ცოცხალია თუ არა. ვთანამშრომლობთ აშშ-ის საელჩოსთანაც, რადგან ერთ-ერთი ბავშვი ამერიკის მოქალაქეა და უწყვეტად ვიღებთ ინფორმაციას, რაც გამოძიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია...

"ისიც ითქვა, თითქოს ბავშვების ორგანოებით ვაჭრობასთან გვქონდეს საქმე"

იულია სუსლიაკი 10 მცირეწლოვანთან ერთად რამდენიმე დღე თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მერე სამეგრელოში წავიდნენ. ჯერ ზუგდიდში ბინა იქირავეს, მერე, ანაკლიაში კერძო სახლში დაბინავდნენ. სწორედ იქ მოიწამლნენ ბავშვები. ადგილობრივებს და ოჯახის დიასახლისს არ გამოჰპარვიათ ქალისა და ბავშვების ურთიერთობა. დიასახლისი ამბობს, რომ მუდმივად ესმოდა პატარების ტირილი, ხედავდა, ქალი სათანადოდ რომ არ ექცეოდა მათ. იმასაც ამბობენ, რომ ვერ გაუძლეს ბავშვების ტირილს, გამოიძახეს სოცმუშაკი და ბავშვების კლინიკაში გადაყვანაც ამის შემდეგ გადაწყდა...

შს სამინისტრომ გამოსცა შემაკავებელი ორდერი და ათივე ბავშვის ქალისგან განცალკევება გადაწყდა, დაკავებულის ადვოკატი კი ირწმუნება, რომ იულიამ გადაწყვიტა ბავშვების საავადმყოფოში წაყვანა. ამბობს, რომ ქალმა მაღაზიაში სოსისი იყიდა და ყველა მოიწამლა. ადვოკატი არ უარყოფს, რომ იულია ბავშვებთან ერთად სოხუმში აპირებდა გადასვლას, თუმცა ბავშვების მოწამვლის გამო გეგმა ჩაეშალა.

ზურაბ თოდუა, ადვოკატი: - ხელთ გვაქვს ყველანაირი დოკუმენტი, რომ ათივე ბავშვის დედა იულია სუსლიაკია. ტრეფიკინგზე ლაპარაკი არ შეიძლება. ცოლ-ქმარი უკრაინის მოქალაქეები არიან. იური ცნობილი ბიზნესმენი და უკრაინაში რამდენიმე სამშენებლო კომპანიის მფლობელია. შევიწროების გამო იძულებული გახდა, ქვეყნიდან წასულიყო - ოჯახთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა. ერთი წელი იქ იყვნენ და სწორედ იქ გაუჩნდათ კიდევ ერთი გოგონა, რომელიც ახლა 9 თვისაა. პატარა ამერიკის მოქალაქეა. ამერიკიდან ისევ ჩავიდნენ უკრაინაში, მაგრამ კვლავ დევნიდნენ, ამიტომ წავიდნენ რუსეთში, სადაც პოლიციამ დააკავა. 2019 წლის 7 მარტის სასამართლოს განჩინებით, მათ 24 საათში უნდა დაეტოვებინათ რუსეთი, სხვა გზა არ ჰქონდათ და ჩამოვიდნენ საქართველოში. ცოლ-ქმარმა დროებით აფხაზეთში ცხოვრება გადაწყვიტა. ცოლი თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდა, ქმარი კი მოსკოვიდან ჯერ სოჭში ჩავიდა, იქიდან - აფხაზეთში. სოხუმში იქირავა ბინა და ელოდებოდა ცოლ-შვილს, მაგრამ ბავშვები მოიწამლნენ, ექიმმა კი პოლიცია გამოიძახა.

ბიოლოგიურად შეუძლებელია, 13 თვის განმავლობაში ქალს ოთხი ბავშვი გაეჩინა, მერე კი - კიდევ სამი. მესმის, პოლიციის ქმედება ლეგიტიმურია, მაგრამ ყველა ბავშვს აქვს დაბადების მოწმობა, მშობლებად კი მითითებული არიან იულია და იური სუსლიაკები. შვიდი ბავშვი შვიდი სხვადასხვა სუროგატი ქალის გაჩენილია და შვიდივე ბავშვის ბიოლოგიური მამა იური სუსლიაკია. დონორები სხვები არიან, ანუ კვერცხუჯრედები სხვა ქალებისაა, მერე კი შვიდმა სუროგატმა გააჩინა... სამი უფროსი შვილის ბიოლოგიური დედა იულიაა, მაგრამ მერე უთხრეს, რომ მეტი შვილი არ ეყოლებოდა და ამიტომ სუროგატებს გააჩენინეს ბავშვები. 2018 წელს ამერიკაში მოულოდნელად თვითონაც დაორსულდა და ის პატარას ბიოლოგიური დედაც არის. თუმცა პროკურატურა მედავება, რომ არც ერთი ბავშვი არ არის იულიას შვილი. გამოძიებას შეუძლია ნახოს დონორების ვინაობა. იულიამ ჩააბარა დნმ-ის ანალიზი, ყველა ბავშვსაც აუღეს დნმ-ის ნიმუში და ყველაფერი გაირკვევა. დნმ-ის ჩასაბარებლად საქართველოში მამაც ჩამოვიდოდა, მაგრამ ოკუპაციის შესახებ კანონში წერია, რომ თუ პირი ჯერ აფხაზეთში ჩავიდა და მერე ჩვენთან შემოვიდა, მას დააპატიმრებენ, ამიტომ ის ახლა სოხუმშია.

- ერთ-ერთი ბავშვიც ამბობს, რომ იულია მათი დედა არ არის. - ეს ტყუილია! საავადმყოფოში შედიოდნენ ჩართული ტელეფონებით და ბავშვს ეუბნებოდნენ, თქვი, რომ ეს ქალი დედაშენი არ არისო! ისიც ითქვა, თითქოს ბავშვების ორგანოებით ვაჭრობასთან გვქონდეს საქმე. ეს ხომ საშინელებაა! ძალიან შეძლებული ოჯახია. იურის უნდოდა ბევრი შვილი ჰყოლოდა და ამიტომ ჰყავთ ამდენი ბავშვი!

- ახლა სად არიან პატარები? - მათ ვუქირავე ორსართულიანი სახლი წყნეთში. მინდოდა, სანამ გამოძიება მიმდინარეობს, დედა შვილებთან ერთად იქ გადამეყვანა, ძიძასაც ავუყვანდი, მაგრამ იულია უკანონოდ დააკავეს. ახლა ათი ბავშვიდან რვა თბილისში ცხოვრობს, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეთვალყურეობით. ორი, მათ შორის - ყველაზე პატარა, კლინიკაშია.

დაკავების დროს ქალი იყო ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. ის ჩემ გარეშე დაჰკითხეს - მხოლოდ თარჯიმანი ესწრებოდა და ესეც უკანონობაა! გამომძიებელმა ვერ წარმომიდგინა ვერც ერთი მტკიცებულება. ბრალში ჩამოთვლილი არიან მოწმეები, რომლებიც თითქოს ადასტურებენ, რომ ჩემს დასაცავს განზრახული ჰქონდა ათივე ბავშვის გაყიდვა. ეს მოწმეები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან - ექიმები, ბინის მესაკუთრეები, სასტუმროს თანამშრომლები და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

- პროკურატურა ამბობს, რომ ეს ოჯახი რუსეთში 11 ბავშვით შევიდა, საქართველოში კი ათი ბავშვით ჩამოვიდა. სად არის მეთერთმეტე ბავშვი? - ვადასტურებ, რომ ისინი რუსეთში 11 ბავშვით შევიდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ერთი გარდაიცვალა და მე ხელთ მაქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც. ბავშვი დაკრძალულია რუსეთის ერთ-ერთ ოლქში.

- რით გარდაიცვალა ბავშვი? - რამდენიმე თვის იყო და აბაზანაში დაიხრჩო...

- მაგრამ საქართველოს პროკურატურის განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქალმა ის ბავშვი საქართველოში ჩამოსვლამდე გაყიდა. - ტყუილია, მე წარვადგინე ბავშვის გარდაცვალების ცნობა...

- თქვენ იცით, ბავშვს ყველა ორგანო ჰქონდა თუ არა? საქართველოში ორგანოების გაყიდვასაც ეჭვობენ. - ექიმის ცნობით გარდაცვალება დასტურდება. როგორც ვიცი, მაშინ რუსეთშიც დაიწყო გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით, თუმცა, მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა...

P.S. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, იულია სუსლიაკს 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.