საია: თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე შსს-ს 25 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა - კვირის პალიტრა

საია: თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე შსს-ს 25 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ოჯახში ძალადობის შედეგად თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 25 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

საიას ცნობით, ეს საქმე პირველია საქართველოში, რომელშიც სასამართლომ დაადგინა სახელმწიფოს ვალდებულება მოახდინოს თვითმკვლელობამდე მიყვანის, როგორც ფემიციდის ფორმის პრევენცია.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საიას სარჩელის საფუძველზე ითხოვდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმის გამო, რომ მიუხედავად პოლიციისათვის არაერთგზის მიმართვისა, ვერ მოხერხდა ოჯახში სისტემატური ძალადობისა და ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის პრევენცია.

"აღნიშნულ საქმეზე, თვითმკვლელობის ფაქტამდე, ქალს 16-ჯერ ჰქონდა სახელმწიფო ორგანოებისთვის მიმართული ოჯახში ძალადობის გამო. საია შსს-ს და პროკურატურას ამ მიმართვებზე არასათანადო რეაგირების გამო ედავებოდა, რომელსაც ტრაგიკული შედეგი - თვითმკვლელობამდე მიყვანა მოჰყვა.

ეს არის მესამე საქმე, რომელზეც საია სახელმწიფო ორგანოებს ფემიციდის გამო ზიანის ანაზღაურებაზე ედავება. პირველი ორი საქმე ოჯახში ძალადობის შედეგად განზრახ მკვლელობას ეხებოდა, რომლის პრევენცია სახელმწიფო ორგანოებმა ვერ მოახდინეს", - ნათქვამია საიას განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"