"მამა-შვილს შორის უთანხმოება იყო, მაგრამ ამდენ ხალხს სასიკვდილოდ თუ გაიმეტებდა, ვინ იფიქრებდა" - რას ჰყვება მეზობელი გამყრელიძეების ოჯახში მომხდარ ტრაგედიაზე? - კვირის პალიტრა

"მამა-შვილს შორის უთანხმოება იყო, მაგრამ ამდენ ხალხს სასიკვდილოდ თუ გაიმეტებდა, ვინ იფიქრებდა" - რას ჰყვება მეზობელი გამყრელიძეების ოჯახში მომხდარ ტრაგედიაზე?

3 მაისს საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში, გამყრელიძეების ოჯახში შემზარავი ტრაგედია მოხდა. 85 წლის ომარ გამყრელიძემ 4 ადამიანი მოკლა და ერთი დაჭრა. ამ დრომდე ტრაგედიის ადგილას სამართალდამცავები მუშაობენ და შემთხვევის ადგილზე შესვლის საშუალებას არავის აძლევენ.

როგორც ირკვევა, ომარ გამყრელიძეს კონფლიქტი ვაჟთან მოუხდა. მეზობლების თქმით, მამა-შვილს შორის უთანხმოება წლებია გრძელდება. ამიტომ ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. იმ დღეს შვილი და რძალი ავადმყოფი დედის სანახავად მივიდნენ და მკვლელობაც იმ დროს მოხდა.

შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ოჯახის წევრებს, მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც, თუმცა შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ის ადგილზე დააკავეს.

მოკლულია ომარის ვაჟი და რძალი, დაჭრილია ომარის მოხუცი მეუღლე და ბრალდებულმა ომარ გამყრელიძემ სიცოცხლეს კიდევ ორი ადამიანი გამოასალმა - ბიძაშვილის შვილი შავლეგ გამყრელიძე და შავლეგის დედა. ისინი მეზობლად ცხოვრობენ და ნათესავების სახლში მოხუცის სანახავად მივიდნენ. კონკრეტულად რა მოხდა სახლში და რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია, ამაზე ჯერ არავინ საუბრობს.

"გაოგნებულები ვართ, ვერ აგვიხსნია რა მოხდა. ამ დრომდე შიგნით არავის გვიშვებენ, საშინელება ხდება, არ შემიძლია ლაპარაკი. მიზეზი ჩვენთვის უცნობია, ამ დრომდე პოლიცია მუშაობს. მოჩხუბარი ადამიანი კია ომარი, მაგრამ ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონდა. ისე დიდი ხანია მამა-შვილს შორის უთანხმოება იყო, მაგრამ ამდენ ხალხს სასიკვდილოდ თუ გაიმეტებდა, ვინ იფიქრებდა. შვილი ცალკე ცხოვრობდა. მოხუცი დედის სანახავად მოსულა ცოლთან ერთად. მეზობლებიც გადავიდნენ მოხუცის სანახავდ და შიგნით რა მოხდა, არავინ იცის. ჩხუბის ხმა არავის გაუგია. მოკლული დედა-შვილიც მათი ნათესავები არიან. შავლეგის მკვლელის ბიძაშვილის შვილია. მასთან ერთად იყო შავლეგის დედაც. ცოლი ელიზა გამყრელიძე გადაყვანილია საავადმყოფოში. ზუსტად რა მოხდა, არავინ იცის. ველოდებით გამოძიებას, ვერაფერს გეტყვით", - ამბობს გამყრელიძეების ერთ-ერთი მეზობელი.

მომხდარის გამოძიება გრძელდება.

(სპეციალურად საიტისთვის)