ირინა ონაშვილის გაქურდვის ბრალდებით დაკავებული, ოჯახის დამხმარე ქალი, პატიმრობიდან გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

ირინა ონაშვილის გაქურდვის ბრალდებით დაკავებული, ოჯახის დამხმარე ქალი, პატიმრობიდან გაათავისუფლეს

"მის საქართველო 2003"-ის, ირინა ონაშვილის გაქურდვის ბრალდებით დაკავებული 45 წლამდე ქალი, რომელიც მოდელის სახლში დამხმარედ მუშაობდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

აღნიშნული ინფორმაცია "ინპტერპრესნიუსს" ირინა ონაშვილმა მიაწოდა.

თუმცა, მისთვის უცნობია, რის საფუძველზე გაათავისუფლეს ბრალდებული.

"ვიცი, რომ გაათავისუფლეს, 2-თვიან პატიმრობაში იმყოფებოდა. სამართლებრივად როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, ზუსტად არ ვიცი. საბოლოოდ როგორ შეთანხმდებიან, არც ამაში ვარ ჩახედული. როგორც გამომძიებელმა მითხრა, რაღაც პროცესი კიდევ არის ჩანიშნული", - აცხადებს ონაშვილი.

მისივე ცნობით, ბრალდებულმა ქალმა სხვა ოჯახებიდანაც მიითვისა გარკვეული ნივთები.

"დიახ, ასე ვიცი, რომ სხვა ოჯახებიდანაც რაღაც ნივთები აქვს აღებული. ამას თვითონაც აღიარებს. სხვა დეტალები არ ვიცი და ვერაფერს გეტყვით, არ მინდა შევცდე. ჩემი ნივთები ჯერ არ დაუბრუნებიათ, რადგან პროცესები მიმდინარეობს.

საუბარი ძალიან მიჭირს და მოვერიდები პასუხების გაცემას. რეალურად, თუ დანაშაულს ჩადის ვინმე, პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს, მაგრამ ეს ყველაფერი შესაბამისმა ორგანოებმა გადაწყვიტონ", - აცხადებს ონაშვილი.

არსებული ინფორმაციით, საუბარია, დაახლოებით, 10 000 ლარის ღირებულების სამკაულების ქურდობაზე.

როგორც ონაშვილი აცხადებს, ფაქტი გასული წლის ოქტომბერში მოხდა, თუმცა, სამართალდამცავებს გვიან მიმართა. ქურდობაში ბრალდებული ქალი 20 თებერვალს დააკავეს.

იხილეთ ასევე: "მოპარულ საყურეებსა და სხვა სამკაულებს თურმე ხმარობდა კიდეც" - ვინ გაქურდა ირინა ონაშვილი?

"ინტერპრესნიუსი"