"ამბობენ, რომ წინასწარ დაგეგმა ყველაფერი, მეუღლის ავადობის მიზეზით, დათოს და მის ცოლს თვითონ უხმო, რომ დაეხოცა" - კვირის პალიტრა

"ამბობენ, რომ წინასწარ დაგეგმა ყველაფერი, მეუღლის ავადობის მიზეზით, დათოს და მის ცოლს თვითონ უხმო, რომ დაეხოცა"

3 მაისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა, რა დროსაც 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით გასროლით საკუთარი ვაჟი და რძალი - 55 წლის დავით გამყრელიძე და 54 წლის ლელა ბორაშვილი, ასევე ბიძაშვილის შვილი 35 წლის შავლეგ გამყრელიძე და მისი 65 წლის დედა, მზია მეზვრიშვილი დახოცა. ასევე მძიმედ დაჭრა მეუღლე, 76 წლის ელენე გამყრელიძე.

მომხდარზე საქმე დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას გულისხმობს. ტრაგედიის შესახებ ადგილობრივი მცხოვრები გვესაუბრება:

- საშინელება ტრიალებს, ოთხი მიცვალებული გვყავს და მეხუთე ადამიანი უმძიმეს მდგომარეობაშია. ომარი სასტიკი კაცი იყო, ოჯახი ხომ გამწარებული ჰყავდა, ხალხი წესიერ სალამსაც კი არ ეუბნებოდა. ხელმრუდე და ქურდი იყო, ამაზე სასჯელიც კი ჰქონდა მოხდილი.

ოჯახშიც გამუდმებული ჩხუბი ჰქონდათ, სამივე შვილს გაუმწარა სიცოცხლე. უფროსმა ბიჭმა და გოგომ თავს უშველეს - თბილისში წავიდნენ საცხოვრებლად, მხოლოდ საწყალი დათო დარჩა მშობლებთან. სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, მაგრამ კარგი კაცი იყო, ცოლი კიდევ უკეთესი ჰყავდა - ლელა, ბავშვობიდან ობლობასა და გაჭირვებაში გაზრდილი ადამიანი. დღედაღამ შრომობდა და რასაც იშოვიდა, ქმრის მკურნალობას ახარჯავდა.

ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყავდა. ლელას ძმა და დედა ჰყავდა მეზობელ სოფელში, მართალია, მათ მატერიალურად არ ულხინთ, მაგრამ ძმა სულ ეხვეწებოდა, - დაანებე მაგ ხალხს თავი, ჩემთან წამოდი, არაფერს გაგიჭირვებო, მაგრამ არ წაჰყვა, ითმენდა ყველაფერს თავისი დედამთილივით. ის საბრალოც მთელი ცხოვრება ითმენდა ქმრის სისასტიკეს, გაიძახოდა, - სამი შვილი მყავს, მამა სჭირდებათო და აი, სადამდე მიიყვანა ის საცოდავი ამ მოთმინებამ - ჯერ ისე დააავადმყოფდა, ძლივს დადიოდა... ახლა კიდევ ეს უბედურება დატრიალდა.

- მაინც რაზე ეჩხუბებოდა 85 წლის ომარ გამყრელიძე ცოლ-შვილს, რას სთხოვდა?

- ქონებაზე ჰქონდათ ჩხუბი - სახლზე, ვენახზე. ომარი სულ იმას გაიძახოდა, ყველაფერი მე შევქმენი, მე მეკუთვნისო. მაგრამ ვერავინ ხვდებოდა, რად უნდოდა ეს ქონება შვილებს თუ არ მისცემდა? ცხადია, შვილიც პასუხობდა, მაგრამ ისეთი რა უნდა ექნა, რომ ასე გაიმეტა! ისე, მამამ შვილი ადრეც დაჭრა მსუბუქად დანით. ლოყაზე ჰქონდა მაშინ დათოს პატარა ჭრილობა...

სწორედ ამ დავიდარაბის გამო დათოს ძმამ მამას უთხრა, - თუ რძალი და შვილი არ მოგწონს, მამაპაპისეული სახლი დაუთმე, შენ და დედას კი, იქვე, გვერდით აგიშენებთ პატარა სახლს და იქ იცხოვრეთ მშვიდადო. ასეც მოიქცა, მშობლებს მამაპაპისეული სახლ-კარიდან 150 მეტრში აუშენა პატარა სახლი. ომარმა, როგორც ჩანს, ეგ ბოღმა ჩაიდო. ბოლო დროს თითქოს შერიგდნენ, აღარ ჩხუბობდნენ, მაგრამ...

ისიც ითქვა, რომ კაცმა წინასწარ დაგეგმა ეს ყვლაფერი, ცოლის ავადობის მიზეზით დათოს და მის ცოლი თვითონ უხმო, რომ დაეხოცაო. ამბობენ, რომ ბიძაშვილებსაც თვითონ დაუძახა საშველად, იმათ რაღას ერჩოდა, არ ვიცი. იქ ზუსტად რა მოხდა, არავინ იცის.

მზია მათემატიკის მასწავლებელი იყო, მისი შავლეგი კი საუკეთესო ბიჭი... ძალიან ბედნიერი ოჯახი დაუობლა მკვლელმა და რისი გულისთვის?! როგორც ამბობდა, კაცი 2 იარაღიდან ისროდა.

ambebi.ge-ს ინფორმაციით, პოლიციამ ადგილობრივების ნაწილი უკვე გამოკითხა, მათ შორის ფრიდონ გამყრელიძე, რომელსაც 85 წლის მამაკაცმა შვილი და მეუღლე მოუკლა. იგი 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის დაწვას ითხოვს.

"მე მომიკლეს ცოლი და შვილი, ამიტომ ვითხოვ დასჯას, პატიმრობას კი არა, მის დაწვას. ეგ არანაირ გასამართლებას არ იმსახურებს. დაკითხვაზე ვიყავი და პოლიციელებს მოვუყევი, რაც ვნახე. ჩემს თვალწინ მოხდა ეს უბედურება. ჩემს ოთხ შვილიშვილს მამა მოუკლა. დილით დასახმარებლად დაგვიძახეს. წავედი დასახმარებლად, რადგან ვიცოდი, რომ ელზა ცუდად იყო... თუმცა ვიცოდი, ჩემი ცოლი უკვე იქ იყო და მე აღარ ჩავთვალე საჭიროდ მისვლა, გზად კიდევ ჩემი ბიჭი შემხვდა, შევიდა თუ არა ეზოში, სროლის ხმა გავიგე... ამას მოჰყვა ბევრი გასროლა და სიჩუმე. რომ შევბრუნდი, ომარი იგინებოდა, აგრესიული იყო და ახლოს აღარ მივედი. გამოვიქეცი და ვყვიროდი, შველას ვითხოვდი. დაგვღუპა ყველა, ეს გასამართლების ღირსი არ არის", - განაცხადა ფრიდონ გამყრელიძემ. წყარო

4 ადამიანის მკვლელობაში და ერთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული კაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ის საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო.

(სპეციალურად საიტისთვის)