რას ამზადებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საქართველოში?! - კვირის პალიტრა

რას ამზადებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საქართველოში?!

"სპეცსამსახურები გადაბირებულ პირებს სახელისუფლებო იერარქიაში გზას უხსნიან და ამისთვის არჩევნები ხელსაყრელი საშუალებაა"

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი დავით კუხალაშვილი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს უკავშირებს და იმ მოსალოდნელ საფრთხეებს განიხილავს, რომელთაც რუსული და არა მარტო რუსული სპეცსამსახურებისგან უნდა ველოდოთ.

- ყველა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურები, რომელთაც საქართველოში კონკრეტული ინტერესები აქვთ, თვალს ადევნებენ არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ პერიოდს. ამ ეტაპზე განსაკუთრებით აქტიურია ორი დომინანტი სახელმწიფო - რუსეთი და აშშ. ჩვენი სამეზობლოც განსაკუთრებულად დაინტერესებულია, ჰქონდეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, რადგან საქართველოს მოქალაქეებს შორის ბევრია სხვა ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების ადამიანი... სპეცსამსახურების მიზანია, ხელში ჩაიგდონ პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და სამეცნიერო ბერკეტები. სადაზვერვო სამსახურები ღია თუ ფარული მეთოდებით ზეგავლენას ახდენენ საარჩევნო პროცესზე - მათი ძირითადი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი მათი ინტერესის გამტარებელი პირი მოხვდეს ხელისუფლების სხვადასხვა შტოში.

- ღია მეთოდებში რა იგულისხმება? - ღია მეთოდია, მაგალითად, დიპლომატიური კორპუსის მიერ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ლიდერის მხარდაჭერა.

- საარჩევნო პროცესში როგორ შეიძლება ჩაერიონ, მაგალითად, რუსული სპეცსამსახურები? - ძირითადი გახლავთ პროპაგანდა. მზვერავი სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრი ყალიბდება მასმედიის საშუალებებით, დიპლომატიური კორპუსისა და სოცქსელების მეშვეობით. რუსეთის სადაზვერვო სამსახურები სხვადასხვა უწყებაში არიან გაბნეული და ყველგან ჰყავთ წარმომადგენლები, მათ შორის, სამხედრო სფეროშიც.

სპეცსამსახურები გადაბირებულ პირებს სახელისუფლებო იერარქიაში გზას უხსნიან და ამისთვის არჩევნები ხელსაყრელი საშუალებაა. თუ გადაბირებული პირი ხელისუფლებაში მოხვდება, იმ ქვეყანას ლობირება გარანტირებული აქვს. სადაზვერვო სამსახურების მთავარი მიზანია, ჰყავდეთ აგენტურული ქსელი როგორც სადაზვერვო და კონტრდაზვერვის სამსახურში, ისე პოლიციურ და ყველა სამოქალაქო სტრუქტურაში, მათ შორის კრიმინალურ წრეებშიც.

- არსებობს ვერსია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები პოლიტიკოსებს დღემდე აშანტაჟებენ, ვინაიდან უშიშროების არქივი რუსეთშია გატანილი.

- სსრკ-ის დროს არსებობდა თანამდებობები, რომელზეც ვერ დაინიშნებოდნენ პირები, რომლებიც საბჭოთა სპეცსამსახურებთან არ თანამშრომლობდნენ. მათ შორის იყვნენ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლები, კომკავშირის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი პირები, ე.წ. კონსპირაციული ბინების მფლობელებიც. არ გამოვრიცხავ, რომ შანტაჟით ან შანტაჟის გარეშეც ასეთები საკუთარი სურვილით კვლავ თანამშრომლობდნენ სპეცსამსახურებთან და მნიშვნელოვან გასამრჯელოსაც იღებდნენ...

პროპაგანდა მასმედიის, დიპლომატიური კორპუსისა და სოცქსელების მეშვეობით უკვე დაწყებულია. იქმნება როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე ლიდერების ფსიქოპორტრეტები იმის დასადგენად, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მათ ამა თუ იმ ლიდერის სხვადასხვა პოზიციაზე მოსვლამ.

- რას იტყვით პანკისში მომხდარ ინციდენტზე, პროცესი მართული იყო?

- ეს პროცესიც გარკვეულწილად უკავშირდება არჩევნებს. სურთ, რაც შეიძლება ბევრ რეგიონში გამოიწვიონ არეულობა.

პანკისის ინციდენტი მესამეა კუმურდოსა და აჭარის შემდეგ, როცა საზოგადოება ძალადობს შსს-ს თანამშრომლებზე ქვებით, ჯოხებით, მოლოტოვის კოქტეილებით.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამისთვის მოსახლეობა წინასწარ მოამზადეს. მაღალი ალბათობით, ეს არის პოლიტიკური დაზვერვის ნიშნები, დესტაბილიზაციით დაინტერესებული პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით. სახელმწიფომ უნდა დასაჯოს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა პროცესების პროვოცირებაში. ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებმა უნდა დაადგინონ, პროვოკატორები ინდივიდუალურად მოქმედებდნენ, თუ მართული არიან უცხო ქვეყნის სამსახურების მიერ - ისინი მათი ჯაშუშები არიან, თუ მათი ინტერესების ირიბად გამტარებლები.

- მაინც რომელი სახელმწიფოს სპეცსამსახურების ინტერესები შეიძლება იკვეთებოდეს? - თუ გავითვალისწინებთ, პანკისს რომელ რეგიონთან აკავშირებს ტერიტორიული სიახლოვე, ამის მიხვედრა ძნელი არ იქნება.

შსს-მ, კონტრდაზვერვამ და ანტიტერორისტულმა დეპარტამენტმა უნდა გაააქტიურონ ოპერატიულ-აგენტურული საქმიანობა, რადგან პანკისში გაკეთდა განცხადებები, რომ ისინი უფრო უარესისთვის არიან მზად. დღეს ყველანი სახელმწიფოს მხარეს უნდა დავდგეთ. თუ სიტუაციას მივუშვებთ, შეიძლება უარესი მოვლენები განვითარდეს. ყველაზე ცუდი კი ის გახლავთ, რომ დაუსჯელობა კრიმინალურ სამყაროს გაააქტიურებს, დათრგუნავს შსს-ს თანამშრომლებს და ეროვნული უსაფრთხოების დონე კიდევ უფრო დადაბლდება. ამის დაშვება არ შეიძლება!

- ხელისუფლების გადაცდომებზე რას იტყვით? ითქვა, რომ პროცესი ააფეთქა ხეობაში სპეცრაზმის შეყვანამ. - შსს-ს ნებისმიერ დროს შეუძლია თავისი დანაყოფები საქართველოს ტერიტორიაზე გადააადგილოს, რაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ხდება. პანკისის მოვლენებმა დაადასტურა, რომ საფრთხეები სწორად იყო შეფასებული. როგორც ჩანს, სახელმწიფოს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივთა ნაწილი ფიზიკურ ზეწოლას მოახდენდა ჰესის ინჟინერ-მშენებელ პერსონალზე. შსს-მ იმოქმედა კანონის ჩარჩოებში!

არც ერთ ქვეყანაში კანონდარღვევასა და აგრესიას, იქნება ეს ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით, არ ჰპატიობენ! ადგილობრივთა ნაწილი წინასწარ მომზადებული თუ არ იყო, მაშ, საიდან ჰქონდათ მოლოტოვის კოქტეილები?! მათ თავს არავინ ესხმოდა, მაგრამ ის ხომ ნათლად ჩანდა, რომ ისინი თავდასხმისთვის იყვნენ მომზადებული? წარმოიდგინეთ, პოლიცია რომ არ შესულიყო და თავს დასხმოდნენ მშენებლებს, რა იქნებოდა? შესაძლოა ყველაფერი ფატალური შედეგით დასრულებულიყო... უნდა ველოდოთ ფინანსების შემოდინებას (მათ შორის - არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის); ექსცესების გაგრძელებას, ხელისუფლების მიზანმიმართულ კომპრომეტაციას, ეთნიკური ან რელიგიური კონფლიქტების ინსპირირებას...

გავიხსენებ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალადობრივ დამხობასა და 2003 წლის რევოლუციას, რაც სპეცსამსახურების ხელით მოხდა. კონფლიქტურ რეგიონებში სიტუაციის გამწვავება და პროვოკაციებიც არ არის გამორიცხული, მით უფრო მაშინ, როცა ჩვენი ტერიტორიების ნაწილი უკონტროლოა და ოკუპირებული. ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს ხელისუფლების დისკრედიტაციისათვის. ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა...

მასმედიაშიც მიმდინარეობს ხელისუფლების დაუსაბუთებელი კომპრომეტაცია, რომლის მიზანია დაძაბულობის გამოწვევა და საზოგადოებრივი აზრის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართვა.

2020 წელი უცხო ქვეყნების პოლიტიკური დაზვერვისთვის აქტიური პერიოდია. ჩვენმა ქვეყანამ უნდა წარმართოს პროპაგანდისტული საქმიანობა, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, სახელმწიფოს ჰქონდეს ძლიერი იდეოლოგია, რომელიც საზოგადოების უდიდეს ნაწილში აყალიბებს სახელმწიფოებრივ აზროვნებას.