ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის მამაკაცს ბრალი წაუყენეს - კვირის პალიტრა

ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის მამაკაცს ბრალი წაუყენეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის მამაკაცს ბრალი წაუყენეს. ბრალდებული საგარეჯოს პოლიციიდან კახეთის სამხარეო სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

ბრალდებულის ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი ირინე იჩუკაიძე იცავს. ადვოკატი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე საქმის მასალებს არ იცნობს და აქედან გამომდინარე, დეტალებზე საუბრისგან თავს შეიკავებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უკვე წარედგინა, თუმცა ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე მის პოზიციას ვერ დავაფიქსირებ. ერთს ვიტყვი, რომ გულწრფელად თანავუგრძნობ. მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. საქმის მასალებს ჯერ არ ვიცნობ, თუმცა ვადის ამოწურვამდე აუცილებლად მექნება წვდომა. შესაძლოა, აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო ხვალ გაიმართოს", - განაცხადა ადვოკატმა.

85 წლის მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებას.

შეგახსენებთ, რომ 3 მაისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორო მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა,76 წლის ცოლი კი დაჭრა. 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ მალევე დააკავა.

იხილეთ ასევე: "ამბობენ, რომ წინასწარ დაგეგმა ყველაფერი, მეუღლის ავადობის მიზეზით, დათოს და მის ცოლს თვითონ უხმო, რომ დაეხოცა"