"გასროლა გავიგონე, დავინახე, რომ ჩემი შვილი დაეცა, მერე დათო დაიხარა მისკენ, ამას მეორე გასროლაც მოჰყვა და ისიც წაიქცა" - კვირის პალიტრა

"გასროლა გავიგონე, დავინახე, რომ ჩემი შვილი დაეცა, მერე დათო დაიხარა მისკენ, ამას მეორე გასროლაც მოჰყვა და ისიც წაიქცა"

საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში გამყრელიძეების ოჯახში სასტიკი მკვლელობის დეტალებს სამართალდამცავები არკვევენ. 4 კაცის მკვლელობასა და მეუღლის დაჭრაში ბრალდებული ომარ გამყრელიძე ახლა ციხეშია. 85 წლის დამნაშავეს მოუწევს მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემა - რატომ ჩახოცა უმოწყალოდ შვილი, რძალი, ბიძაშვილის ცოლი და მისი 35 წლის ვაჟი. ჯერ კიდევ სიკვდილს ებრძვის ბრალდებულის მეუღლე, 71 წლის ქალი, რომელიც ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით თავში დაჭრა.

ყველაფერი ასე დაიწყო: 3 მაისს, დილის 8 საათზე, ომარ გამყრელიძემ მეზობელს უთხრა, რომ მეუღლე ცუდად იყო და დახმარება სთხოვა. ამ დროს მზია მეზვრიშვილი სკოლაში წასასვლელად ემზადებოდა, მაგრამ მაშინვე გადაირბინა ავადმყოფის სანახავად. მზიას ნათესავის სახლში მისი ვაჟი, შავლეგო გამყრელიძეც გაჰყვა. დედის ავადმყოფობის ამბავი ომარ გამყრელიძის ვაჟმა, დავითმაც გაიგო და ცოლთან, ლელასთან ერთად მშობლების სახლში მივიდა. ამ დროს გასროლის ხმაც გაისმა. თვითმხილველთა ცნობით, პირველი ტყვია შავლეგო გამყრელიძეს მოხვდა, მის მისაშველებლად დავითმა მიირბინა და მამამ მასაც ესროლა. სროლის ხმაზე მზია მეზვრიშვილი ავადმყოფის ოთახიდან აივანზე გამოვარდა, ის იყო, შვილის წინ დაიჩოქა, რომ 85 წლის კაცმა ისიც მოკლა. ბრალდებულმა სულ ბოლოს რძალი გამოასალმა სიცოცხლეს.

პოლიცია რომ მივიდა, ეზოდან ომარ გამყრელიძის გინებისა და მუქარის ხმა ისმოდა, მაგრამ ის მალევე დააკავეს, იპოვეს სახლის უკან დამალული მკვლელობის იარაღიც. მალე გაირკვა, რომ ომარ გამყრელიძეს ავადმყოფი მეუღლეც დაუჭრია. ის ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს.

ბრალდებულის ბიძაშვილმა ფრიდონ გამყრელიძემ დაინახა, როგორ დახოცა უმოწყალოდ ადამიანები 85 წლის კაცმა:

"როგორც კი გასროლა გავიგონე, დავინახე, რომ ჩემი შვილი დაეცა, მერე დათო დაიხარა მისკენ, ამას მეორე გასროლაც მოჰყვა და ისიც წაიქცა. ჩემი ცოლი მზია ოთახში იყო და გამოვარდა, ამჯერად ჩემს მეუღლეს ესროლა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ვერაფერი შევძელი. იქვე პატარა მიწური აქვს და ეტყობა, იქიდან ისროდა. დახმარებისთვის მეზობლებისკენ გავიქეცი და მესმოდა, კიდევ 4-5-ჯერ გაისროლა. ამ მხეცმა ცოლი და შვილი მომიკლა, მის დასჯას და პატიმრობას კი არა, დაწვას ვითხოვ. ეგ გასამართლებას არ იმსახურებს".

შავლეგო გამყრელიძე 4 შვილის მამა იყო. როგორც მეზობლები ამბობენ, ოჯახებს კონფლიქტი არ ჰქონიათ. მზია მეზვრიშვილი სოფელში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა.

"მზია არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, კარგი პედაგოგი, საოცრად კომუნიკაბელური. ტრაგედიის მიზეზი არ ვიცით, რა იყო. ჭორი და მართალი ისეა ერთმანეთში არეული, ვერაფერს გაარკვევ", - ამბობს სკოლის დირექტორი ნატალია სამარგულაშვილი-ჯავახიშვილი.

მეზობლების თქმით, ომარ გამყრელიძეს კონფლიქტი ვაჟთან ხშირად ჰქონდა:

"ომარს თითქოს ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონია, მაგრამ ახლა, როცა ოთხი კაცი მოკლა და მეხუთე სიკვდილს ებრძვის, გასარკვევია, ფსიქიკურად ხომ არ შეირყა. მამა-შვილს შორის უთანხმოება იყო, მაგრამ ბოლო დროს შერიგდნენ", - ამბობს ოჯახის ნათესავი.

"ომარი სასტიკი კაცი იყო, ოჯახი გამწარებული ჰყავდა, ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს და სამი წლის წინ გამოვიდა ციხიდან. მამა-შვილს მიწისა და სახლის გამო ჰქონდათ კონფლიქტი. სამი შვილი ჰყავთ. უფროსი ბიჭი და გოგო თბილისში ცხოვრობენ, დათო ცალკე დასახლდა მეუღლესთან ერთად. მამამ დათო ადრეც დაჭრა მსუბუქად დანით, ლოყაზე ჰქონდა პატარა ჭრილობა. ბოლო დროს თითქოს შერიგდნენ. ყველა მეზობელი ფიქრობს, რომ მან წინასწარ დაგეგმა ყველაფერი, ცოლის ავადმყოფობა მოიმიზეზა, სახლში შეიტყუა შვილი და რძალი და დახოცა. ბიძაშვილებს რაღას ერჩოდა, გაუგებარია", - ამბობს მეზობელი.

სამართალდამცავები მკვლელობის მოტივს ადგენენ. ვრცელდება სხვადასხვა ვერსია. ერთ-ერთი ვერსიით, მამა-შვილს შორის შელაპარაკება მოხდა და ეს გახდა ტრაგედიის მიზეზი. მეორე ვერსიით, ომარ გამყრელიძემ წინასწარ დაგეგმა მკვლელობა, ცოლის ავადმყოფობის მიზეზით შვილი და რძალი მიიტყუა და დახოცა... კიდევ ერთი ვერსიით, მამაკაცი შეურაცხადია, მას ხმები ჩაესმოდა და 4 კაცი ამიტომაც მოკლა.

რეალურ მოტივს გამოძიება დაადგენს. მნიშვნელოვანია ისიც, რა ჩვენება მისცა თავად ბრალდებულმა. დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ომარ გამყრელიძისთვის წაყენებული ბრალი 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პოლიციისთვის წინააღმდეგობა გაუწევია, ნეტავ, ადგილზე რატომ არ დაადუღეს..."

ამ სასტიკმა მკვლელობამ ხალხი უკიდურესად აღაშფოთა. სოცქსელებში უამრავი კომენტარი გავრცელდა. საზოგადოება 85 წლის სასტიკი მკვლელის დასჯას ითხოვს. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

- აი, ამას ჰქვია მხეცი. საფლავის ღირსიც არ არის, ქონების გამო ამოწყვიტა საკუთარი ოჯახი.

- 85 წლის კაცი ასე როგორ გაამწარეს, რომ თავისი მონაგარი საკუთარი ხელით მოსპო.

- ბენზინი უნდა დაასხა, ცეცხლი მოუკიდო და ცოცხლად დაწვა - ამ სიბერეში რამხელა ცოდვა დაიდო. - ამდენ ხანს იმისთვის იცოცხლა, რომ ხალხი დაეხოცა?

- ნეტავ, ვინ არის ამ ქვეყანაში დალაგებული? ისეთი ვითარებაა, ერთი გაჭედვა ნებისმიერმა შეიძლება გაჭედოს და უბედურება დაატრიალოს. - სულ ჩხუბი ჰქონდათო და ეს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარიდებოდა ამ ავყია ბერიკაცს.

- ამბობენ, პოლიციისთვის წინააღმდეგობა გაუწევია, ნეტავ, ადგილზე რატომ არ დაადუღეს?! ვინც ეგ შეიცოდოს... - რას უნდა გაემწარებინა ეს კაცი ასე, საკუთარი ოჯახის წევრებს რომ დაერია და ლოგინად ჩავარდნილი ცოლიც გაიმეტა?!

- ამიტომ უნდა არსებობდეს მოხუცთა თავშესაფრები, იქნებ იქ მაინც იყოს ვინმე ბედნიერი... - ამ კაცს ბოროტი სული ჩაუსახლდა სხეულში.

"ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი ასეთ დანაშაულს არ ჩაიდენს"

ცხადია, გამოძიება 85 წლის ომარ გამყრელიძის ფსიქიკური მდგომარეობითაც დაინტერესდება, ექსპერტიზით უნდა გაირკვეს, ხომ არ არის ბრალდებული შეურაცხადი. Aფსიქოთერაპევტი დავით ანდღულაძე დარწმუნებულია, რომ ფსიქიკურად ჯანსაღი ადამიანი 4 კაცს არ მოკლავდა:

- ამ კაცისთვის ფსიქიკური აშლილობა რომ არ შეუნიშნავთ, არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ ჰქონდა. ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი ასეთ დანაშაულს არ ჩაიდენს. ამბობენ, მეზობელს დასახმარებლად დაუძახა, მასთან არ ჰქონდა არასოდეს კონფლიქტიო და მოკლა? ერთი რამის თქმა თამამად შეიძლება - ეს იქნებოდა მძიმე ფსიქოზური აშლილობის ფონზე ჩადენილი დანაშაული. შეიძლება მანამდე ფსიქიკურად აშლილი არ ყოფილა, მაგრამ იმ მომენტში სისხლძარღვოვანი პრობლემის გამო ტვინმა გამართულად ვერ იმუშავა (ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ყველა ხანდაზმული და ათეროსკლეროზული ცვლილებების მქონე ადამიანი პოტენციური მკვლელია). ექსპერტიზა ბევრ დეტალს გაარკვევს.