"პიზა" VS "მატვეი სუხუმსკი"- ონიანის ციხიდან გამოშვებამ კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის გავლენების შენარჩუნების საკითხი ისევ აქტუალური გახადა - კვირის პალიტრა

"პიზა" VS "მატვეი სუხუმსკი"- ონიანის ციხიდან გამოშვებამ კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის გავლენების შენარჩუნების საკითხი ისევ აქტუალური გახადა

აფხაზეთში ქართველი "კანონიერი ქურდების" შევიწროების გამო ბერძენი კრიმინალები ბრუნდებიან?!

ტარიელ ონიანის ციხიდან გამოშვებამ რუსეთსა და სამხრეთ კავკასიაში კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის გავლენების შენარჩუნების საკითხი ისევ აქტუალური გახადა. აფხაზი მოსახლეობა სოცქსელებში წერს, რომ აფხაზეთის ქურდული სამყაროს "ბოსის", რაულ ბარცბას (იგივე "პიზას") ძალაუფლებას მალე საფუძველი შეერყევა... ე.წ. გუდაუთის დაჯგუფებამ, ანუ რაულ ბარცბას კლანმა, რომელსაც ის თავის ნათლულებთან - ასტამურ შამბასა ("ასტიკი") და ალხაზ ავიძბასთან ("ხასიკი") ერთად უძღვება, გალის რაიონზე კონტროლი გადაიბარა. ადგილობრივების თქმით, ეს მხოლოდ კრიმინალების წილს, ე.წ. ობშიაკს არ ეხება - რეგიონში, სადაც "კანონის უზენაესობა" მეოთხედ საუკუნეზე მეტია მხოლოდ ქაღალდზე რჩება, ე.წ. კანონიერი ქურდები პოლიტიკოსებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე მაღლა დგანან და ისედაც მძიმე კრიმინოგენულ ვითარებას ქურდები აკონტროლებენ, მართლია, თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ, მაგრამ მაინც...

ახლა, როდესაც საკურორტო სეზონი იწყება, ბარცბას კლანი კიდევ ერთი გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება - მათთან "სასაუბროდ" აფხაზეთში დაბადებულ-გაზრდილი და შემდეგ აფხაზეთის ომის დროს ქართველებთან ერთად რეგიონიდან წასული ბერძნული კლანი იღებს სტარტს ციხიდან ახლახან გამოსული "მატვეი სუხუმსკის" მეთაურობით... ადგილობრივების ინფორმაციით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ერთ-ერთი გალში ე.წ. გუდაუთის დაჯგუფების თავხედური ჟესტია - როცა რაიონში მრავალრიცხოვან მხარდამჭერებთან ერთად ჩავიდნენ და "ობშიაკის" გადაბარება მოითხოვეს იმ საბაბით, რომ აფხაზეთში ძალაუფლება ეთნიკურად აფხაზს უნდა ეკუთვნოდეს... გალის რაიონში, რომელსაც აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა "ქვეყნის ეკონომიკურ ხერხემალს" უწოდებს, ძალიან დიდი ფული ტრიალებს და "პიზას" არ სურს ვინმე ეწილებოდეს.

საქმე ის არის, რომ ბოლო დრომდე გალის რაიონს ქართველი "კანონიერი ქურდის", ჩირო გალსკის ნათესავი, გია შონია აკონტროლებდა. თავად ჩირო რუსეთშია და შონიას იქიდან "კრიშავს". მართალია, მას გარკვეული გავლენები ჯერ კიდევ რჩება, მაგრამ ბარცბას კლანი მისი შევიწროებისთვის ძალას არ იშურებს. გალის რაიონსა და ზოგადად, აფხაზეთში ქართველი "კანონიერი ქურდების" შესუსტება პირდაპირ აისახება იქ მცხოვრები ქართველების უსაფრთხოებაზე, რადგან ერთმანეთში გადახლართული "ქურდულ-პოლიტიკური გაგება" მათთვის ერთგვარი შეღავათი იყო - აქამდე აფხაზი და ქართველი კრიმინალები ერთმანეთს ანგარიშს უწევდნენ. თუმცა ბოლო დროს "პიზას" გავლენა პოლიტიკურ კლანებში გაძლიერდა, რაც ქართველ კრიმინალებთან დაპირისპირების საბაბი გახდა - ბარცბას მათი განზე გაწევისა და სრული კონტროლის ამბიცია გაუჩნდა, ამიტომაც ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებთან "მეგობრობას" მარტივად გადაუსვა ხაზი. არადა, ადგილობრივი გამოცემის ცნობით, ბარცბას კორონაცია, ანუ "ქურდულ ოჯახში" შეყვანა, სოხუმელი ქართველის, მერაბ ჯანგველაძისა და ხაჯიშვილის ინიციატივა იყო და მათვე "მონათლეს". რუსული ინტერნეტგამოცემა პრიმეცრიმე.რუ-ს ცნობით, ჯანგველაძე ტარიელ ონიანის კლანის წევრია...

ბარცბა პოზიციის დათმობას რომ არ აპირებს, გაგრელ კრიმინალურ ავტორიტეტ ნიკო დგებუაძესთან სისხლიანი შეტაკებითაც დადასტურდა. დგებუაძე გუდაუთაში "პიზასთან" სალაპარაკოდ ჩავიდა, თუმცა მოლაპარაკება ორმხრივი ცეცხლით დასრულდა.

"ზღვარგადასულობისთვის" ბარცბას გამოეხმაურა აზერბაიჯანელი "კანონიერი ქურდი" რაშიდ ისმაილოვიც (გასული წლის ნოემბერში რუსეთში დააკავეს). "პიზასთვის" გაგზავნილ ვიდეომიმართვაში ის ამბობს, რომ ბარცბას, ადრე თუ გვიან, მოუწევს გუდაუთაში მომხდარ შეტაკებაზე პასუხისგება (გუდაუთაში გაგრელ ნიკა დგებუაძეს ისმაილოვიც ახლდა, რა დროსაც ორივე დაიჭრა).

რაულ ბარცბას გავლენები "აფხაზურ პოლიტიკაში"

ბარცბას ამბიციები, აფხაზეთში მთავარი "კანონიერი ქურდის" სტატუსი ჰქონდეს, არცთუ ისე უსაფუძვლოა, რადგან მოსახლეობის ცნობით, ბოლო ხანებში პოლიტიკურ წრეებში "გაითქვიფა". ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ბოლო ინიციატივა, აფხაზეთიდან "ქურდები" გაყარონ, მას ვერ შეეხება, რადგან სწორედ ხაჯიმბას მხარდამჭერი პოლიტიკოსების, მათი ოჯახებისა და ბიზნესწილების უკან სწორედ "პიზა" დგას. თუმცა მას აფხაზეთს გარეთ ისმაილოვისა და ჯანგველაძე-ონიანის კლანის გარდა, უამრავი მტერი ჰყავს, მათ შორის, სოხუმში დაბადებული კრიმინალების ბერძნული კლანი, რომელთაც აფხაზეთში დაბრუნება სურთ.

"მატვეი სუხუმსკის" რუსულ-აფხაზური გავლენები

მატვეი კარაბულატი, იგივე "მატვეი სუხუმსკი"

როგორც ჩანს, "პიზას" ერთპიროვნული მმართველობა დიდხანს ვერ გასტანს - ათწლიანი სასჯელის შემდეგ სოხუმში დაბადებული ბერძენი მატვეი კარაბულატი კარელიის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გამოვიდა. ის სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა. კარაბულატი კრიმინალურ წრეებში "მატვეი სუხუმსკის" მეტსახელით არის ცნობილი. მას დღემდე კარგი ურთიერთობა აქვს ქართველ "კანონიერ ქურდებთან". როცა რუსეთის შს მინისტრმა მისი დეპორტაცია მოითხოვა, გაირკვა, რომ მას მშობლიურ აფხაზეთში სურდა დაბრუნება, თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ კარაბულატს შეუთვალა, რომ მისი გავლენის ქვეშ მყოფ რეგიონში არ გააჩერებდა... რადგან ის სოხუმშია დაბადებული, ექსტრადირების საბუთები აფხაზურმა მხარემ მოამზადა, მაგრამ საბერძნეთმა დაბლოკა - აფხაზეთის სახელმწიფოსა და მის იურიდიულ დოკუმენტაციას არ ვცნობთო. ეს კი კარაბულატისთვის ნიშნავს, რომ გავლენიან კრიმინალს ისევ რუს მაღალჩინოსნებთან, მათი მეშვეობით კი მაღალი რანგის სამართალდამცავებთან მოუწევს საქმის დაჭერა, რაც ირიბად აფხაზი "პიზის" სიმშვიდის დარღვევას ნიშნავს. "მატვეი სუხუმსკი" დიდი თანხისა და განსაზღვრული პირობების სანაცვლოდ არალეგალურად დარჩება მოსკოვში.

რუსული მედიის ცნობით, სოხუმელი ბერძენი წლების განმავლობაში ნოვოროსიისკისა და კრასნოდარის მხარის "მაყურებელი" იყო. უდიდესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავად, ის არასდროს პასუხობს სამართალდამცავების კითხვებს და "სისხლის ფასად ინარჩუნებს დუმილს"... "მატვეი სუხუმსკი" ე.წ. ქურდულ სამყაროში, განსაკუთრებით კი სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლებში, უდიდესი პატივისცემით სარგებლობს. როგორც ამბობენ, მას აფხაზეთშიც პატივს სცემენ.

რაულ ბარცბა, იგივე "პიზა"

"მატვეი სუხუმსკის" კარელიის კოლონიაში 10-წლიანი სასჯელის მოხდისას არაერთხელ დასჭირდა ციხის საავადმყოფოს მომსახურება, თუმცა ერთხელაც არ უსარგებლია. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მკურნალობის კურსი რუსეთის ერთ-ერთ ძვირად ღირებულ კერძო კლინიკაში გაიარა, იქიდან გამოსულმა კი განაცხადა, "ძალის მოსაკრებად სოხუმი მჭირდებაო".

თავის დროზე, "მატვეი სუხუმსკის" ე.წ. ახალი თაობის კრიმინალების "გზაზე დაყენებასა" და კორონაციაში დიდი წვლილი მიუძღვის, მათ შორის რაულ ბარცბაც იყო.

ქურდებმა ბარცბას არაერთხელ შეუთვალეს, ყველა ხიდი არ დაწვაო

როგორც აფხაზური მედია წერს, "გუდაუთელი რაულ ბარცბა პრაქტიკულად კუნძულზე რჩება", შაქრო კალაშოვის კლანის იმედად, თუმცა რამდენიმე მათგანთან უკვე დაუშვა შეცდომები...

აფხაზ ე.წ. კანონიერ ქურდებს ჯერ კიდევ საბჭოთა წლებში ჰქონდათ რეგიონის გაკონტროლების ამბიცია, მაგრამ ამას ნაკლებად ავლენდნენ ქართველებთან, ბერძენ კრიმინალებს კი ზემოდან უყურებდნენ. ასე გაჩნდა გამოთქმა: "ქაფშია თევზი არ არის და ბერძენი - ადამიანი". ამ ფრაზის ხსენებას ყოველთვის სისხლიანი შეტაკება მოსდევდა. ბერძნული კლანი აფხაზეთში დღემდე ინარჩუნებს გავლენას, ასე რომ, მისი გააქტიურება არც ისე მოულოდნელია. ძალაუფლების მოსურნე და პოლიტიკოსებთან დაახლოებული "პიზა" კი ე.წ. ქურდული მენტალიტეტის ჩარჩოებს არღვევს... ძველი თაობის ქურდებმა ბარცბას არაერთხელ შეუთვალეს, რომ ყველა ხიდი არ დაეწვა და მხოლოდ კალაშოვის კლანის იმედად არ დარჩენილიყო, თუმცა ბარცბა უკან დახევას არ აპირებს.

იხილეთ ასევე: რომელი "ქურდული კლანი" მოიპოვებს აფხაზეთში გავლენას და ვის უჭერს მხარს ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი?