"დედობილმა, კარი გააღო, ჩვეულებრივად შევედით სახლში... ბექამ დაიწყო მისი გაგუდვა, მე ვეხმარებოდი" - "კანიბალიზმის საქმეში" ბრალდებულის შოკისმომგვერლი ინტერვიუ - კვირის პალიტრა

"დედობილმა, კარი გააღო, ჩვეულებრივად შევედით სახლში... ბექამ დაიწყო მისი გაგუდვა, მე ვეხმარებოდი" - "კანიბალიზმის საქმეში" ბრალდებულის შოკისმომგვერლი ინტერვიუ

გადაცემა "იმედის კვირამ" ე.წ. კანიბალიზმის გახმაურებული საქმის ერთ-ერთ ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ინტერვიუ ჩაწერა:

"ადამიანი როცა დანაშაულს სჩადის, ადრე თუ გვიან მაინც მოხვდება ციხეში. გამოუძიებელი და დაფარული არაფერია. ეს ისეთი საქმე იყო, რომელიც აუცილებლად გაიხსნებოდა", - ამბობს ირმა ყოჩიაშვილი, რომელიც გამზრდელი დედის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობაში დასდეს ბრალი და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

"ეს დანაშაული საზოგადოებამ სხვაგვარად მიიღო და გარკვეულწილად სატანისტულ რიტუალს დაუკავშირეს, თითქოს სხეულის ორგანო იყო შეჭმული, რასაც ადგილი არ ჰქონია. არ დამტკიცდა კანიბალიზმი, რომელსაც მედავებოდნენ"

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ დაიგეგმა მკვლელობა, ირა ყოჩიაშვილის თქმით, "ერთ და ორ დღეში არაფერი არ მოდის, ეს წლები გროვდება. კონკრეტულად არ გვქონდა დაგეგმილი ეს ადამიანი მოგვეკლა, ორივე ერთდროულად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე.

დედობილმა, რომელმაც მიშვილა, კარი გააღო, ჩვეულებრივად შევედით სახლში და ძირითადად, ვინც ამ საქმეში მივიღეთ მონაწილეობა ვიყავით მე და ბექა. ბექამ დაიწყო მისი ხელით გაგუდვა და მე ვეხმარებოდი. გავგუდეთ და შემდეგ მოვათავსეთ ჩანთაში. სახლი დავალაგე იგივე მდგომარეობაში დავაბრუნე. შემდეგ ბექასთან წავედი, სადაც მას გვამი ჰქონდა წაღებული. რამდენიმე საათში დავანაწევრეთ გვამი. დანაწევრების მიზეზიც ისევ გვამის დაფარვა იყო"

- აცნობიერებდი იმ დროს რას აკეთებდი?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია. ალბათ, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ვერ ვაცნობიერებდი. იმ მომენტისთვის ეს არ იყო ჩემთვის რთული გასაკეთებელი, ანუ ადამიანისთვის ის დამეშავებინა, რაც დავუშავე.

- რა არის მკვლელობის რეალური მოტივი?

- ძალიან ცუდად მექცეოდნენ. არ იყო საუბარი მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. სიძულვილი ჰქონდათ ჩემს მიმართ.

მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვინანიებ დანაშაულს და მაინც მეცოდება გარდაცვლილი ადამიანი.

გვამი, რომელიც ჩვენ წავიღეთ, მთლიანად დამწვარი იყო და არაფერი დარჩენილა გვამისგან. სასაცილო იყო, როცა ამბობდნენ რომ ეს იყო სატანისტური სექტა, სატანისტური მკვლელობა და რიტუალი - ეს თემატიკა ჩვენთვის სრულიად აბსურდულია.

შეგახსნებეთ, რომ 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობა თბილისში, 2016 წელს 19 ოქტომბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილს დედა - 1940 წელს დაბადებული ლუბა ყოჩიაშვილი ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყოჩიაშვილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. გამოძიება იმასაც ეჭვობს, რომ „ეს იყო რიტუალური მკვლელობა".

აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის გარდაცვლილის შვილი ირმა ყოჩიაშვილი და მისი შეყვარებული, ბექა შენგელია.

იხილეთ ასევე: კანიბალიზმის საქმე